„ყველა­ იმ გზას შეჰყურებს, რომელიც სახლისკენ­ წაიყვანს“ - კვირის პალიტრა

„ყველა­ იმ გზას შეჰყურებს, რომელიც სახლისკენ­ წაიყვანს“

წლები გადის და საქართველოს მთიან რეგიონებში პრობლემები არ ილევა. სოფლები­ და დასახლებები იცლება. პოეტი ამირან­ არაბული მთის ერთ-ერთი გამორჩეული გულშე­მატკი­ვარია. ახლახან ხევსურეთს ეწვია და მოინახულა თავიანთი კუთხის თავგანწირულად მოყვარული ხევსურები, რომლებიც სახლ-კარს უმკაცრეს ზამთარშიც არ ტოვებენ და ყველასგან მოწყვეტილი, გაზაფხულამდე, გზის გახსნამდე, პირქუშ მთებს შესცქერიან. ყველა ვერ უძლებს­ ასეთ ცხოვრებას და ბარში მოდის. ასე იცლება მთა, ისევე, როგორც შემდეგ ბარი და მთლიანად ქვეყანა...

"უკურნებელი გაუმაძღრობა დაგვემართა. გადავწყვიტეთ ყველაფერი უცხოეთიდან გადმოგვეტანა, თითქოს თავად არც წარსული გვქონდეს, არც ისტორიული გამოცდილება"

- ახლა ხშირად გვაბრალებენ, ქართ­ველმა კაცმა მიწა გადაიყვარაო. ქართველი კაცის მიწასთან ურთიერთობა სიცოცხლის უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც სადღაც შეიძლება დასუსტდეს, მაგრამ არ გაწყდება და აუცილებლად გამთელდება. ქართველი­ კაცი და მიწა ოდითგანვე განუყრელი იყვნენ. მიწა მხოლოდ შემოსავლის წყარო არასდ­როს ყოფილა, ცხოვრების წესი იყო და მის გადაყვარებაზე ასე ხელაღებით საუბარი­ უსამართლობაა. ვიღაც თუ წავიდა, სახლ-კარი დაკეტა, ვიღაც დაბრუნდა კიდეც, და თუ არ დაბრუნდა, ამის მიზეზები­ იმ კონკრეტულ ადამიანში კი არა, ზოგად სიტუაციაში უნდა ვეძებოთ. არავის უხარია გამოკეტილი, ობლად დარჩენილი სახლის ხილვა. ვიცი, ვინც წავიდა, ყველას გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა. ყველა­ იმ გზას შეჰყურებს, რომელიც სახლისკენ­ წაიყვანს. მთას სხვა მისტიკა აქვს, მისგან ვერასდროს თავისუფლდები. შეიძლება იქაურობა დატოვო, მაგრამ შინაგანად იქ რჩები - ასეთია მთის ბუნება. მე ბევრგან ვარ ნამყოფი და ყველა სხვადასხვანაირად გაჯაჭვავს იქაურობას. დიდებული, შეუდარებელია ხმელგორი და ლაშარის ჭალა, დიდებულზე ბევრად მეტია ახადი, ძნელად მისასვლელი, მაგრამ როგორი საკრალური ნასოფლარია. ჩაჩუმებული გოდერძაულების ოდესღაც მჭექარე თემი, ზეციურ სამშობლოში გაკრეფილი და გაუჩინარებული ხევისბერები, როგორც ადრე ეძახდნენ, "ხელწმიდა კაცები", მშვიდობიან დროს ღვთისშვილთა მსახურების გაძღოლა რომ ევალებოდათ, მტრის შემოსევისას კი მეწინავე სალაშქრო დროშის ტარება და პატრონობა... ნასოფლარის ზემოუბანში ზურაბ ხელაშვილის ნასახლარისგან მუხლამდე ყორის ნაშალი იყო დარჩენილი. იქ დაიბადა მიხა ხელაშვილი, როგორც ჩვენში უწოდებენ "შავი დღის" პოეტი და სამშობლოზე თავგანწირულად შეყვარებული მამულიშვილი. მისი პოეზიის გულისცემა რომ იგრძნო, ერთხელ მაინც უნდა ეწვიო ახადს, იქიდან ბევრად მშვიდი მოჩანს შეშლილი სამყარო, მაგრამ ჩვენ, ქართველ საზოგადოებას, სხვა საფიქრალი გვაქვს. ახლა ყველაზე მთავარი ურთიერთსიძულვილია. მთა კი არა, ბარიც იცლება, მაგრამ იმის ნაცვლად, მიზეზებით დავინტერესდეთ, მათი გასაჭირი მოვისმინოთ­ და პრობლემების გადაწყვეტაზე ვიფიქროთ, მიწის, სამშობლოს უსიყვარულობას ვაბრალებთ. შესაძლოა ახლა ინტერესები შეიცვალა, ამ თაობას ისე არ იზიდავს მიწა, მაგრამ წარსული არ დავივიწყოთ, თორემ ზო­გიერ­თმა ტრადიციამ ისედაც გადაინა­ცვლა ისტორიის წიგნებსა და სატელევიზიო გადაცემებში.

თბილისის მიღმაც არსებობს საქართველო, ძალიან ცოტას ახსოვს რეგიონები. შევიცვალეთ ქართველები, ადრე სამყაროს მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდა, ახლა საკუთარი თავის, სოფლის, მეზობლის, მოყვასის მიმართაც შევიცვალეთ. ქართული ხალხური ლექსის არ იყოს, "მე სოფლის თავსა ვესახე, და არ სოფელი ჩემს თავსა,/სოფელი კარგა მთავსობდა,/ თუ მე სოფელი მეთავსა,/ რასაც სოფლისთვის ვფიქრობდი,/წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა" - ანუ რასაც სხვისთვის ფიქრობ, თავად გადაგხდებაო.

მხოლოდ ბარში კი არა, ყველგან შეიცვ­ალა ცხოვრება, მთაშიც კი... ადრე მთებში 30-40 კომლი სიამტკბილობით ცხოვრობდა, სათიბიც ჰქონდათ, საძოვარიც, ბოსტანიც. საქონელიც ჰყავდათ, ცხვარში ერთად დადიოდნენ, ახლა იქაურობა დაცლილია და იმავე ფართობს 3-4 კაცი ვერ იყოფს.­ უკურნებელი გაუმაძღრობა დაგვემართა. გადავწყვიტეთ ყველაფერი უცხოეთიდან გადმოგვეტანა, თითქოს თავად არც წარსული გვქონდეს, არც ისტორიული გამოცდილება და აღარც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცოდნა და კულტურა. ბუნდოვანი, უცხო და გაურკვეველი თეორიების გადმოტანა მოვინდომეთ. დასავლეთს, ევროპას უამრავი კარგი რამ აქვს, თუნდაც სოფლის მეურნეობა, მიწის მოვლის კულტურა, მაგრამ არც ჩვენი უნდა დავივიწყოთ. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს...

ამას წინათ, არხოტისკენ ვიყავით. იქ, სადაც ადრე ხუთი სოფელი იყო, მხოლოდ სამია შემორჩენილი. სოფელს ვამბობთ­ თორემ, ერთი და ორკომლიანი ოჯახებია. ორში, ზამთარ-ზაფხულ თითო ადამიანი­ ცხოვრობს, მესამეში კი - სამი-ოთხი, ვინც ზამთარშიც იქ რჩება. ეს საქართველოს უნიკალური წარსულია, უდიდესი ისტორიის მქონე თემი და სოფლები, რომელთა მსგავსსაც ქვეყნის ისტორიაში ვერ იპოვით. ეს საგანძური ხელისგულზე გვიდევს, მაგრამ არ ვკითხულობთ...

- როგორ ცხოვრობს იქ ხალხი?

- უფრო გაძლებას დავარქმევდი ზეცაში გაჭიმული საცალფეხო ბილიკებით ერთმანეთს დაკავშირებულ სოფლებსა და დასახლებებს. მათი პირობებით არავინ ინტერესდება. ვიყავით ისეთ ადგილას, სადაც დღემდე იახსარისა და ხოგაის მინდის სახელებს ფიცულობენ. სოფლამდე გზა არ მიდის, მაგრამ ერთი-ორი კაცი მაინც რჩება, რომ ღვთისშვილის ნაკვალევი არ წაიშალოს. გვითხრეს, რომ არხოტის ახალი გზის პროექტში შედიოდა გზის გაყვანა ახიელის მონაკვეთიდან ჭიმღის მთამდე, მაგრამ არავინ იცის, რატომ არ გაიყვანეს. 3 საათის სავალი მთის ციცაბო ბილიკებით გადავიარეთ. საცქერლად კარგია, ცხენები და ძროხები მთის მწვერვალებზე რომ ბალახობენ, ადამიანისშვილის დანახვაზე სიხარულის ჟრუანტელი გივლის, მაგრამ იქ ცხოვრება უგზოობაში, უმკაცრეს ზამთარში, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება, გმირობაა. გზა რომ იყოს, ხალხი ავიდოდა და ულამაზეს საქართველოსაც ნახავდნენ, ვიღაცას დარჩენა, ცხოვრება, საქონლის მოშენება, იმ სამოთხეში შვილების გაზრდა მოუნდებოდა. ასე, ნელ-ნელა ერთმანეთის იმედად და ხალისით იქაურობა­ შეივსებოდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვნახე, ოჯახური სასტუმრო აქვთ. როგორღაც დაუდგნენ ერთმანეთს გვერდით და შეძლეს მთის წვერზე თავიანთი ბუდის აშენება. პირობები რომ იყოს, მათ ხომ ბევრი მიემატებოდა.

არხოტის ერთ-ერთ თემში, ციხე-სოფელ ამღაში ვიყავით, ქვითკირითა და ციხეებით აშენებული მიწურბანიან სოფელში. მისი მსგავსი საქართველოში აღარ მოიძებნება. იქ ერთი ქალი ცხოვრობს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და, მისი წასვლის შემდეგ ის სოფელიც ნასოფლარი გახდება.

სახელმწიფოს უფრო შეგნებული მიდგომა რომ ჰქონდეს, უნიკალური მხარე თითო-ოროლა ენთუზიასტის ამარა კი არ იქნებოდა, ხალხის დაბრუნებაზე იზრუნებდა. ხელისუფლება რომ ხარ, ადამიანს თუ შეჰპირდები, სიტყვას რომ მისცემ, უნდა გააკეთო, ტყუილი დაპირება არ უნდა მისცე. შინამდე მისასვლელ სამანქანო გზას ითხოვენ, ზამთარ-ზაფხულ რისკზე მიდიან, რომ შინ სურსათის მარაგი მიიტანონ. არც აფთიაქია, არც ექიმი. ერთი ამბულატორიაა, რომლის ექიმიც ხანდახან გამოჩნდება, იმანაც რა ქნას იმ უგზოობაში, ძალიან დაბალი ანაზღაურების ფასად ბარიდან მთაში როგორ იაროს. მთის გულშემატკივრობა მოჩვენებითი კი არ უნდა იყოს, გულწრფელი, მუდმივი და შედეგი უნდა ჩანდეს...

„მთას მოჩვენებითი მხარდაჭერა არ უშველის“

გოგი ჭინჭარაული, ბარისახოს მკვიდრი: - ძველ რომაელებს რომ აქვთ ნათქვამი, გზა სიცოცხლეაო, ზუსტად უთქვამთ, ხევსურეთში გზა, ფაქტობრივად, არ არის. რამდენიმე წლის წინ ჟინვალ-შატილის მონაკვეთი გააკეთეს, ბარისახომდე ასფალტი გააკეთეს, ისეთ ძლიერ ყინვას, როგორიც ჩვენკენ იცის, ბეტონი უფრო უძლებს, ასფალტი მალე ფუჭდება, მაგრამ რაც არის, არის, იქნებ ცოტა ხანს მაინც გაგვიძლოს. ივლისის წყალდიდობამ გზას ძირი გამოუთხარა და წაიღო, ახლა ისევ ცდილობენ შეაკეთონ, ოღონდ ბეტონის ჯებირების ნაცვლად ქვა და ლოდებით ამოვსებას. ერთხელაც ისევ მოვარდება არაგვი, ისევ გამოაცლის ძირს და სადღაც ჩახერგავს. ბარისახოს ზევით, შატილამდე, ბეტონის საფრის დაგება დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ ცხრა კილომეტრი გააკეთეს, სოფელ გუდანამდე და მერე შეწყდა. საბოლოოდ გუდანიდან შატილამდე ნახევარი საუკუნის წინ რომ გზა იყო, იგივე დარჩა. ოქტომბრის დასაწყისიდან შატილისკენ მიმავალი გზა იკეტება. ბარში რომ შემოდგომის წვიმები იწყება, ხევსურეთის უღელტეხილზე თოვს, გზა იკეტება 6-7 თვის განმავლობაში.

თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ მოფრინავს შვეულმფრენი, ავადმყოფი გადაჰყავს ან სხვა გადაუდებელი საქმისთვის მოდის. შვეულმფრენები საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე არიან დამოკიდებული, სულ რამდენიმე გვყავდა, გუდაურის ცნობილ ტრაგედიას კი ერთი თავის ეკიპაჟიანად შეეწირა. ყველას, მაღალჩინოსანი იქნება თუ მათთან დაახლოებული პირი, ვინც კი ხევსურეთში ამოდის, სულ ვეუბნები, ხარისხიან გზას ვერ აკეთებთ, გასაგებია, მაგრამ იმ ძვირად ღირებული ჯიპების ნაცვლად ერთი-ორი ვერტმფრენი შეიძინეთ, რომ პირველი ფანტელების ჩამოცვენისთანავე სამყაროს მოწყვეტილი არ ვიყოთ-მეთქი. ვითომ ჩივიან, ლამის მთელი ხევსურეთი დაიცალაო, დაიცლება, აბა, რა იქნება, 7-8 თვე უკაცოდ დარჩენილ სოფელში, უგზოობაში, როგორი გასაძლებია, ნადირი ხომ არაა ადამიანი მარტომ იცხოვროს?.. მთას მოჩვენებითი მხარდაჭერა არ უშველის. ბარისახოში გვაქვს ერთი სამედიცინო პუნქტი, არხოტსა და შატილშიც, მაგრამ დიდი თოვლი რომ მოდის, უგზოობაში რომელ ექიმს უნდა მოსთხოვო სამედიცინო პუნქტში მოდიო. ზოგჯერ ციტრამონიც კი არა აქვთ, თავის ტკივილის დროს რომ დაგალევინონ...

არხოტში უარესი მდგომარეობაა, გზა პრაქტიკულად არ არსებობს და ტრანსპორტიც იშვიათად მოძრაობს. არადა, იქ უმეტესად მოხუცები არიან დარჩენილი. მთელი ზამთრის მარაგს წინასწარ იმარაგებენ, ფქვილი იქნება, შაქარი, ნავთი თუ სხვა რამ, მაგრამ მაინც უჭირთ. თუ 10-15 წლის წინ 50 კომლზე მეტი ცხოვრობდა, ახლა 30 იქნება დარჩენილი. ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც ბარში წავიდა...

ამ ხალხს ძვალსა და რბილში აქვთ საკუთარი მიწა-წყლის სიყვარული და ვერ ელევიან. ბარში დარდით სიკვდილს, აქ მირჩევნია მიქელ-გაბრიელის ლოდინიო, უთქვამთ.­ მოხუცებს რომ ეტყვიან, წამოდით ბარშიო, ღიმილით პასუხობენ, ჩემი ანგელოზი აქ მყავს და არ მიმატოვებსო. ამღაში ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობს, სანდუა წიკლაური,­ ოჯახის თხოვნის მიუხედავად, სახლს არც ზამთარში ტოვებს. 80 წელს ზემოთაა, ან როგორ ძლებს, ან რა მუხლი ერჩის და თვალი უჭრის, როგორ ახერხებს მარტოობაში იცხოვროს, თოვლსა და ყინვაში თავსაც მოუაროს და სახლსა-კარსაც. ალბათ, უფალი აძლევს ძალას...