"ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი მესიჯები გაუშვა, რომ კონფლიქტების მოგვარებას სამხედრო გზით არ აპირებს“ - კვირის პალიტრა

"ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი მესიჯები გაუშვა, რომ კონფლიქტების მოგვარებას სამხედრო გზით არ აპირებს“

"რა სურს აფხაზეთს - რუსეთის აშენებულ სამყაროში ცხოვრება, სადაც თამაშის წესები კრემლში იქმნება და შემდეგ მათი მძევლები ბჟანია-ანქვაბი-არძინბა პოსტ ფაქტუმ აცნობენ მოსახლეობას, თუ ღირსეული მომავალი, სადაც უძრავ ქონებასაც თავად განკარგავენ და საკუთარ ცხოვრებასაც", - ეს არის თემები, რომელთა გამოც ოკუპირებულ აფხაზეთში თვეზე მეტია დაპირისპირება და ცხარე კამათია.

საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზურ­ ოპოზიციას ე.წ. ხელმძღვანელობამ­ რუსეთის­ მითითებით ურჩია ანტირუსულ­ განცხადებებს მოერიდოს. ამის მიუხედავად, ოპოზიცია "პრეზიდენტს" უმაღლესი უფლებამოსილების საკონსულტაციო საბჭოს შექმნას სთავაზობს... ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას მოსაზრებით, "საკონსულტაციო საბჭო" შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის წინა პირობა იქნება და ე.წ. ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მათი თანამდებობებზე­ დარჩენის ერთადერთი გზა ამ საბჭოს შექმნაზე თანხმობაა... მოსახლეობასა და ე.წ. ხელ­მძღვანელობას­ შორის რუსეთის პოლიტიკის გამო დაწყებული დაპირისპირების კვალდაკვალ, დაიწყო ფრთხილი ლაპარაკი ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობის, საქართველოს საზღვრის გავლით, მდინარე­ ენგურის გასწვრივ, ტვირთებზე ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ. სხვათა შორის, ოპოზიციის გარდა, ამის შესახებ საუბრობს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობაც.­ აფხაზი­ აქტივისტების აზრით, "რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა განსხვავებული რეალობა შექმნა, რომლის გამოუყენებლობა სისულელე იქნება".

რუსეთ-უკრაინის ომამდე აფხაზეთის მხრიდან ენგურის საგუშაგოზე ყველა შეზღუდვის ცალმხრივად მოხსნაზე საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო, თუმცა... "ევროკავშირმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. დაიწყო საქონლის ლოგისტიკის გლობალური ტრანსფორმა­ციის პროცესი და შეუძლებელია ასეთ რესტრუქტურიზაციას გავლენა არ ჰქონოდა სამხრეთ კავკასიაზე და განსაკუთრებით აფხაზეთზე, ამ ვითარებაში კი უმოქმედობა,­ სტერეოტიპების ტყვედ დარჩენა სისულელეა, მით უფრო ამ რეალობაში,­ ახალი სატრანზიტო დერეფნების, ახალი ლოგისტი­კური ჰაბების ფორმირებისას. ისტორიულად­ აფხაზეთი ყოველთვის სატრანზიტო დერეფანი იყო, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონი ჩიხში მოექცა - ყველანაირი ტვირთი­ მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - აფხაზეთიდან რუსეთში და რუსე­თიდან აფხაზეთში­. ახლა კი ახალი ლოგისტიკური მარშრუტები იქმნება, დიდი უპასუხისმგებლობაა იმ ფულის­ განიავება, რომელიც ამ გზით შეიძლება­ აფხაზეთში შემოვიდეს და რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. რუსეთი დასავლური სანქციების გამო, ფაქტობრივად მოწყვეტილია ევროკავშირს, ამ რეალობაში­ კი თურქული მიმართულება­ ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძად იქცევა როგორც მისთვის, ასევე აფხაზეთისთვის", - წერს აფხაზური გამოცემა "Чегемской правда-ს" რედაქტორი ინალ ხაშიგი.

ქართულ მხარესთან სავაჭრო ურთიერთობის გახსნაზე საუბრობს კიდევ ერთი აფხაზი ნიკოლაი სმირი, რომლის აზრით: "ახლა ქართულ მხარესთან სავაჭრო გზის გახსნა და ახალ ეკონომიკურ ურთიერთობაზე საუბარი აფხაზეთის ხელმძღვანელობასაც აძლევს ხელს, რადგან რუსეთის სანქცირების შემდგომ ყველაფრის ფასი ერთიორად გაიზარდა. ბიჭვინთის პარკის გამო დაწყებული კრიზისის შედეგად რუსეთი პენსია-ხელფასების შეწყვეტით იმუქრება, მოსახლეობას კი შიმშილობა არ სურს. ქართული ბაზარი ყოველთვის საინტერესო იყო აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის. მალულად დადიოდნენ სავაჭროდ და უკმაყოფილოც არ იყვნენ. ახლა კი მცირე მეწარმეებს თუ ხელ-ფეხის გახსნის შესაძლებლობა მიეცემათ, ამაში ცუდი არაფერია. მართალია, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააფთრებული ებრძვის, ქართულ სპეცსამსახურებს ემსახურებიანო, მაგრამ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობაზე სიტყვას ვერ ძრავს.­ იცის, რომ სოციალური აფეთქება სწორედ შიმშილიდან იწყება.­ ასე რომ, ახლა მთავარია, გეგმები დასახონ, რაზე არიან წამსვლელი, საიდან დაიწყებენ და როგორ შემოაპარებენ ქართულ ფულს აფხაზეთში", - წერს სმირი.

"ჩვენ მათთან დაახლოების შანსი გვიჩნდება"

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით წარმატებულია, ისევ დაიწყო მსჯელობა, რომ საქართველომ შექმნილი სიტუაცია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უნდა გამოიყენოს. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადის დეპუტატ ფიოდორ ვენისლავსკის განცხადება, ქართველ ხალხს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა აიძულოს ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის მიმართულებითო, ე.წ. ოთხეულმა პირდაპირ ომში ჩართვისკენ მოწოდებად აღიქვა. ისევე როგორც, "რადიო თავისუფლების" ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან ეველინ ფარკასთან, რომელიც ამავე პრობლემაზე საუბრისას თავის აზრს გამოთქვამდა. რას გულისხმობს ფრაზა­ "ახლა საქარ­თველოსთვის კონფლიქტების მოსაგვარებლად საუკეთესო­ დროა" და როგორ უნდა უპასუხოს ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან წამოსულ გზავნილებს, კონფლიქტოლოგი და ანალიტიკოსი მედეა­ ტურაშვილი გვესაუბრა:

- რუსულ-აფხაზურ ურთიერთობაში ანტირუსული განწყობები ადრეც იყო, მაგრამ ბიჭვინთის აგარაკების გამო დაწყებულმა პროცესებმა ეს ზედაპირზე ამოიტანა. თუმცა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რუსეთმა აფხაზეთში გავლენა გაიძლიერა. ამის გამოხატულებაა ინალ არძინბას გამოგზავნა, რომელიც ადგილობრივი­ პოლიტიკოსი არ არის - ანუ რუსეთს რეგიონის სრული გაკონტროლება სურს. აფხაზებს კი მანევრირების შესაძლებლობაც­ არა აქვთ. უკრაინასთან ომიდან რუსეთი უფრო ძლიერი გამოვა თუ სუსტი, აფხაზეთისთვის ორივე შემთხვევა ცუდია. რუსეთის დასუსტება ჩვენთვის ხელსაყრელია, მაგრამ მათთვის, ქართული ფაქტორიდან გამომდინარე, რთული ვითარება იქნება. ამიტომ ქართულმა მხარემ ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა იმოქმედოს...

- როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

- ბიჭვინთის საკითხზე საჯარო პირებისგან არავითარი განცხადება არ მოგვისმენია არც საერთაშორისო ფორუმზე, თუნდაც ეუთოს ფარგლებში არ გახმოვანებულა, რომ ეს სრულიად მიუღებელია. არადა,­ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ძალიან კარგი დროა ამაზე საუბრისთვის და შეუძლიათ თქვან, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რასაც რუსეთი უკრაინაში­ აკეთებს...­ პირველ რიგში, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები - თუ დასავლეთია, ვისაუბროთ მასთან ინტენსიურად და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ყველა ზომა მივიღოთ, რადგან ეს გეოპოლიტიკური საკითხი და კონფლიქტების მოსაგვარებლადაც მნიშვნელოვანი მექანიზმია. ახლა, როდესაც რუსეთის­ მოსალოდნელ დასუსტებაზე ვსაუბრობთ, ბევრად წელგამა­რთული ვიქნებოდით თუნდაც ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან, რადგან საქმეში ჩართულია ევროკავშირიც,­ რომლის მიმართაც ნდობა ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ხედავს, ვერც ჩვენში ხედავენ ალტერნატივას. მართალია, საქართველოს ოფიციალური პოზიცია გაცხადებული­ აქვს, რომ აფხაზეთსა­ და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეეცდება, მაგრამ მაინც უნდობლად გვიყუ­რებენ, ევროპასთან ინტეგრაცია კი რუსეთის რეალური ალტერნატივაა, რომ გავხდეთ მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელიც მალე ევროკავშირის წევრი გახდება. ამ ყველაფერს კი მოჰყვება ის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სიკეთეები, რითაც აფხაზებიც და ოსებიც ისარგებლებენ.

ახლა ძალიან კარგი პერიოდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ აფხაზებსა და ოსებთან ან გააღრმავოს ურთერთობა, ან სულაც ახალი, პირადი, არაფორმალური კონტაქტები დაამყაროს, რომლის დახმარებითაც ორივე რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა ბენეფიტს შესთავაზებდა როგორც რუსეთის ფულის, გავლენის ალტერნატივას. მით უფრო, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ორივე რეგიონში­ ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები დაიწყო და აუცილებლად გაგრძელდება, რადგან რუსეთის ეკონომიკაზე სრულად არიან მიბმული... ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგი მესიჯები გაუშვა, როდესაც აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარებას სამხედრო გზით არ აპირებს და ამას მეორე მხარეს კარგი გამოხმაურება მოჰყვა. აფხაზები ხედავენ,­ რა ხდება ახლა ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ამის ფონზე საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის მოსაგვარებლად ძალადობრივ მეთოდებს არ იყენებს, არც რუსეთის დასუსტებით სარგებლობას აპირებს და მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეა, რადგან მისთვის მხოლოდ ტერიტორია კი არა, ხალხიც მნიშვნელოვანია. თუმცა მხოლოდ ამგვარი განცხადებები არ არის საკმარისი, კონკრეტული ნაბიჯების დროა. ამ რეგიონებში უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც ადარდებს იქაური მოსახლეობის ბედი...

- აფხაზებმა უკვე დაიწყეს საუბარი ქართულ მხარესთან ეკონომიკურ ურთიერთო­ბაზე, ენგურის ხიდზე თავისუფალ მიმოსვლაზე.

- ეს ძალიან საინტერესო გზავნილებია, თუმცა ენგურის ხიდზე თავისუფალი მიმოსვლა ვერ იქნება, მაგრამ რა უშლის ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორმხრივ ტრანსპორტირებას? თუ ენგურის ხიდზე მიმოსვლა უფრო თავისუფალი გახდა, ამას ახლავს რისკები... გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და დაუშვებელია საქართველო­ სავაჭრო ურთიერთობებში­ მათი გვერდის ავლით ჩაებას. აფხაზები ხედავენ, რომ რუსეთი სუსტდება და უნდა გადარჩნენ ჩვენი­ მონაწილეობით, მაგრამ ერთი პატარა შეცდომა, გაუთვლელი ნაბიჯი და ყველაფერს სამუდამოდ დავკარგავთ. ეს ძალიან საფრთხილოა. ამიტომ კარგი იქნებოდა პირველ ეტაპზე ქართული მხარის წარმომადგენლები აფხაზეთსა და და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, საიდან დაიწყონ. ახლა მათ ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენ კი მათთან დაახლოების შანსი გვიჩნდება.