სიცილის სევდიანი მეფე - კვირის პალიტრა

სიცილის სევდიანი მეფე

ვასილ ბარნოვის ქუჩა, ნომერი 124. ამ სახლში "სიცილის სევდიანი მეფე ცხოვრ­ობდა". მას არც მეუღლე ჰყავდა, არც შვილი და შინ მარტო დიდხანს ვერ ძლებდა, მის გვერდით აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვინმე, განსაკუთრებით მაშინ უჭირდა, როდესაც სპექტაკლი არ ჰქონდა. მარტოობის ეშინოდა. მისი სახლი ყოველთვის ხალხით იყო სავსე, მაგრამ მხოლოდ იმათ უშვებდა, ვინც ძალიან უყვარდა. პაროლი იყო ორი მოკლე და ერთი გრძელი ზარი.

როცა რადიოკომიტეტმა კონკურსი გამოაცხადა დიქტორობაზე, 31 კაცში მისი ხმა გამოარჩიეს. მისი ხმით იგებდნენ ომის ამბებს. პირველად საფეხბურთო რეპორტაჟი ქართულად საქართველომ ეროსი მანჯგალაძის ხმით მოისმინა. ყველას უყვარდა და ამას ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა. ბაზარში ვერ წავსულვარო, ჩიოდა, ყველა უფასოდ მაძლევს ყველაფერს და ძალიან მერიდებაო. მილიცია მის მანქანას მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ სიყვარული აეხსნათ მისთვის.

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი: "ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა, 57 წლისა გარდაიცვალა. თითქოს იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო, ისე ჩქარობდა, რომ ადამიანებისთვის სიკეთე გაეკეთებინა, სიყვარული გაეცა. მოსწრებაზე იყო და მოასწრო კიდევაც. ქობულეთში დასასვენებლად რომ მიდიოდა, სულ ერთსა და იმავე ნომერში ჩერდებოდა, პირველ სართულზე. დირექტორი ეხვეწებოდა, რა გინდათ, ბატონო ეროსი, მანდ, ამობრძანდით ლუქსშიო. არ ადიოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოირკვა, რომ იმ პირველი სართულის ნომრის ფანჯრიდან ექიმის ამბულატორია­ ჩანდა. იოლი იყო მისვლა... სიკვდილის ეშინოდა... ამხელა პიროვნება ბავშვივით იყო. შეუმცდარად გრძნობდა ადამიანის დამოკიდებულებას, ვინ როგორ იყო მასთან. რაც კარგი ჰქონდა როგორც ადამიანს, თავისთვის კი არ დაიტოვა, ხალხს მისცა და ამიტომაც უზომოდ შეიყვარა მაყურებელმა".

მისი ცხოვრება სავსე იყო დიდი ტკივილით, იმედგაცრუებით. 12 წლისა იყო, დედამისი ხიდან რომ ჩამოვარდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვა, ძმა ომში დაეკარგა, მისგან მხოლოდ ერთი ბარათი მიიღო ოჯახმა.­ ეროსის არასოდეს უთქვამს მასზე, რომ დაიღუპა, ის თავის ძმას ბოლომდე ელოდებოდა. მერე მამის დაპატიმრების სიმწარეც გამოცადა და მარცხიც სიყვარულში. სტუდენტობაში ელენე ყიფშიძე უყვარდა.

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "ვიცი, რომ ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ ინსტიტ­უტში. ამაზე ყველას ეცინებოდა, იმიტომ, რომ ეროსი გამხდარი, მაღალი იყო, ელიჩკა­ კი გამხდარი და ძალიან პატარა­ ეროსის­ ფონზე. ეს ომიანობის პერიოდი იყო. თურმე­ ბუშლატი ეცვა და სიცივეში იმ ბუ­შლატში გულში იკრავდა თავის სიყვა­რუ­ლს. ერთხელ ვიჩხუბე კიდევაც დედაჩემთან, კი მაგრამ, რატომ მოხდა, რომ ამხელა სიყვარულს წერტილი დაუსვი­-მეთქი? მომიტრიალდა და მითხრა: "შენ ხომ ვერ გაჩნდებოდი მაშინ? შენ რა გაღელვებსო?"“

მოგვიანებით ეროსიმ და ელენემ იქო­რწინეს. დიდი დრო არ იყო გასული, ხმა გავარდა: ელენე და ეროსი დაშორდნენო! ეს ყველასათვის წარმოუდგენელი იყო. ეროსი­ დუმდა. ერთხელ მიშა თუმანიშვილისთვის უთქვამს: "საღამოს 6 საათიდან ვფიქრობ, რამხელა ღამეა წინ. მარტოობის გრძელი, გრძელი, უძირო ღამე". არც მუდამ ხალისიანი ელენე ამბობდა არაფერს, თითქოს ორივემ ტაბუ დაადო ამ თემას.

ზურა ყიფშიძე: "სამტრედიაში ვართ მე და ბატონი ეროსი. მოულოდნელად მეუბნება: "კაცო, უთხარი ამ დედაშენს, სიბერეში ჩაის მაინც მივაწოდებთ ერთმანეთს-თქო". სახლში ეს რომ ვთქვი, დედაჩემმა გამლანძღა, ძალიან ეწყინა და სერიოზულად მითხრა, შენ უკვე დიდი კაცი ხარ და ვერ აზროვნებ, რას ამბობო? საერთოდ, ბევრს არაფერს მიყვებოდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან თბილი და არაჩვეულებრივი წყვილი იყო".

ამბობენ, რომ ეროსის სიკვდილი ელენე­ ყიფშიძემ ძალიან განიცადა. კარგა ხანს სახლიდან არ გამოსულა, ეროსიმ კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შეძლო სხვა ქალთან ურთიერთობის დაწყება. ვერ შეელია თავის ლენას და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა...

ეროსი მანჯგალაძე სპექტაკლისათვის მზადებას ძალიან ადრე იწყებდა. როდესაც­ წარმოდგენა ჰქონდა, არც სიგარეტს და არც სასმელს არ მიეკარებოდა.

ნათელა არველაძე, თეატრმცოდნე: "თეატრის, თავისი მაყურებლის, ქართველი ხალხის ნებიერი იყო. ყველას უყვარდა და ეს სიყვარული გამოიხატებოდა არა მარტო იმიტომ, რომ ის ნათელი პიროვნება იყო, ძალიან კარგი მეგობარი, უშურველი ადამიანი, კეთილი, ხელგაშლილი კაცი, არამედ იმიტომ, რომ მსახიობის მოღვაწეობის ყველა სფეროს აერთიანებდა. 25 წლის ასაკიდან თამაშობდა მოხუცებს. იმ ასაკის ადამიანებს, რა ასაკამდეც თავად ვერ მიაღწია. 27 წლისამ ზიმზიმოვი ითამაშა "პეპოში".

ზურა ყიფშიძე: "მახსოვს, აზდაკი რომ უნდა ეთამაშა. რამაზ ჩხიკვაძე­ პირველ რიგში იჯდა, თაბაშირიანი ფეხით ავიდა სცენაზე და როცა იმ მონაკვეთის დრო დადგა, სადაც აზდაკი მღერის, მიუახლოვდა ეროსის, მან კი გამოხედა რამაზს, ეჰჰჰო, ხმამაღლა თქვა და უცებ დაიწყო, რაპა და დაპა, რაპა და დაპაო, დაინგრა დარბაზი, თვითონ ჩხიკვაძე ბოლო ხმაზე კიოდა..."

ჯემალ ღაღანიძე: "ერთხელ სამტრედიამ კულტურის სახლში, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს, ეროსის 50 წლის იუბილე გადაუხადა. მერე ეტლით წაიყვანეს იქვე, პატარა სოფელში. ჩვენ უკან მივყვებით. ხომ იცით, როგორაა იმერეთში, აბსოლუტურად სუყველას თავის ჭიშკართან გამოტანილი ჰქონდა პურმარილი. ლოცავენ, არის ერთი ამბავი. უცებ მე გამომხედა და მეუბნება, რა ხდება, ჯემალ, აკაკი წერეთელი ვარ? სად გადავხტე ამ ეტლიდან, აღარ ვიციო"...

რეზო გაბრიაძემ საგანგებოდ ეროსისათვის გადმოაქართულა "ჩვენი­ პატარა ქალაქი", მაგრამ პრემიერა მის გარეშე შედგა. რუსთაველის თეატრიდან წასვლა დააპირა და თუმანიშვილს მიადგა კინომსახიობთა თეატრში. ხელში "ჭინჭრაქას"­ ფარდა ეჭირა. წამოვედიო, უთხრა. თუმანიშვილმა სთხოვა, არ წახვიდე,­ შენი გული ამას ვერ გაუძლებსო.­ დარჩა და ორივე­ თეატრში მუშაობდა. გულმა მაინც ვერ გაუძლო.

ზურა ყიფშიძე: "იმ საღამოს ერთად­ ვიყავით. რეზო გაბრიაძე ნარდს თამაშობდა,­ ეროსი კვერცხს თქვეფდა, თან ღიღინებდა.­ მე ფეხმძიმე მყავდა ცოლი და ვუთხარი, ბატონო ეროსი, ვერ დავრჩები, ლელა მელო­დება-მეთქი. მოიცა, კაცო, ლიმონიანი­ ჩაი დავლიოთო. მალე წამოვედი, იქიდან ხილიანამდე 5-7 წუთი დამჭირდა, მეტი არა. სახლში შევედი და ლელა მეუბნება, არ ინერვიულო, ახლა რასაც გეტყვიო. რა ხდება-მეთქი? ეროსი აღარ არისო! ხომ არ გაგიჟდი, იქიდან მოვდივარ ახლა-მეთქი. ამ წუთას რეზო გაბრიაძემ დარეკა, ზურა რომ გავიდა სახლიდან, ცოტა ხანში სამზარეულოდან დაცემის ხმა გავიგონეთ და რომ შევედით, გული გაჩერებული­ ჰქონდაო. მაინც არ დავუჯერე და უკან ავბრუნდი. მახსოვს, მისი სახლისკენ ხალხი როგორ გარბოდა, ედიშერ მაღალაშვილი­ როგორ ღრიალებდა. აი, მაშინ ვიგრძენი­, როგორ დავობლდი. ის ჩემთვის მამასავით იყო".

ნათელა არველაძე: "დიდი შოკი იყო ყველასთვის. სერგო ზაქარიაძის მერე მაშინ­ ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია. ძალიან რთული იყო მისთვის რუსთაველის თეატრთან განშორება. ამბობენ, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგაო. ალბათ, გამოეთხოვა".

"რატომ არ უნდა შეიძლებოდეს წამის შეჩერება, რომ ამის დანახვა ყველას შეეძლოს. ასეთი ბრწყინვალე ხმა რატომ უნდა ქრებოდეს. უბედურნი ვართ და უსამართლოდ განწირულნი, რომ ჩვენს სურათებს ქვიშაზე ვხატავთ. განა ჩვენ სემირამიდას ბაღების არსებობას ვიჯერებთ? დაჯერებით კი ვიჯერებთ, მაგრამ ყველას თავისებურად წარმოგვიდგენია. დაიჯერებენ ჩვენს სიტყვას, როგორ თამაშობდა ეროსი ნებისმიერ თავის როლს?" - ეს მიშა თუმანიშვილის სიტყვებია წიგნიდან: "რეჟისორი თეატრიდან წავიდა", რომელშიც თავის ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფეს, ეროსი მანჯგალაძეს იხსენებს.

ზურა ყიფშიძე: "ძალიან მწყინს, რომ მიდის არაჩვეულებრივი ხალხი... ვინც ჩვენ გვიყვარდა და გვიყვარს... იმ მომენტში იხსენებენ, ბეჭდავენ, აშუქებენ ტელევიზიით, პრესით და მერე ვივიწყებთ, თითქოს არც ყოფილა... ეჰ!"

რუსუდან შაიშმელაშვილი