"მეც ასე მინდა წავიდე...“ - კვირის პალიტრა

"მეც ასე მინდა წავიდე...“

"რაც დრო გადის და ასაკი მემატება, მით უფრო მექაჩება მთა. ხომ თბილისელი ვარ, ვერაზე დაბადებული, გაზრდილი, მაგრამ როცა ყაზბეგზეა საუბარი, სხვა ეზოში გადარგული ხესავით ვგრძნობ თავს. ჩემი ფესვები იქაა. მყინვარწვერს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მთელი მსოფლიო ჩემია. გერგეტს რომ ვხედავ, ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ. ჩემი დიდი პაპა ქოთია იცით, როგორ გარდაიცვალა? დილას ადგა, დაიბანა,­ თეთრები ჩაიცვა, საწოლი ისე დადგა­ ფანჯარასთან, რომ გერგეტსა და მყინვარწვერს გაჰყურებდა, დაწვა, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მეც ასე მინდა - გერგეტს ვუყურო და ისე წავიდე ამ ქვეყნიდან..." - ეს სიტყვები ჩემი და მიშა გომიაშვილის ბოლო ინტერვიუდანაა. ცნობილი მსახიობი 61 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უკანასკნელ გზაგზე მარჯანიშვილის თეატრიდან გააცილეს და მახათას მთის პანთეონში­ დაკრძალეს. თეატრი­ კაიფია, კინო კი - პოპულარობაო,­ მითხრა ერთხელ ბატონმა მიშამ. გახსოვთ?­ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი კითხულობდნენ, ნეტავ იქ თეატრი არისო?.. მჯერა, ზეციური თეატრის თანავარსკვლავედს კიდევ ერთი ვარსკვლავი­ შეუერთდა.

"ეტყობა, ხვდებოდა, რომ ადრე უნდა წასულიყო და ყველაფერს ასწრებდა"

ლელა ალიბეგაშვილი; მსახიობი: - ჩვენი მეგობრობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ ჯგუფში მოვხვდით, ლილი იოსელიანთან. ერთ ენაზე ვლაპარაკობდით, ერთნაირი იუმორი გვესმოდა. კი ვმეგობრობდით, მაგრამ მეგობრობაშიც ხომ ხდება, რაღაცნაირად რომ კარგავენ ხოლმე სქესს? მიშას ეს არასდროს მოსვლია, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ქალბატონის გაზრდილი იყო. კარგად მახსოვს დედამისი...

- როგორ სწავლობდა?

- გაცდენა იცოდა ხოლმე და ლილი იოსელიანი ამას ვერ ეგუებოდა, ამიტომ მესამე კურსიდან სხვა ჯგუფში იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ეს წლობით უნახავი ახლობლების შეხვედრა იყო. თეატრში რომ მივიდა, დამპატიჟა სპექტაკლზე "მარადი ქმარი". ბრწყინვალედ ითამაშა! ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა...

ეტყობა, ხვდებოდა, რომ ადრე უნდა წასულიყო და ყველაფერს ასწრებდა. თითქოს ცხოვრებას იყო დახარბებული. ინსტიტუტში მე არ მინახავს, მიშას ტალანტი ასე გახსნილიყოს. სულ აგვიანებდა, ან აცდენდა, მერე გადაბარებები ჰქონდა... მე ვიყავი მისი ცეკვის პარტნიორი. თვითონ აურევდა ხოლმე მოძრაობებს და მე მეუბნებოდა, რას შვრები, კაცო, რას აკეთებო? ამაზე ბევრს ვიცინოდით.

იყო ერთი სერიალი, სადაც მასთან ერთად უნდა მეთამაშა, მაგრამ გარემოებების გამო უარი ვთქვი. როგორ გული მწყდება!­ რომ მეთამაშა, მეტ დროს გავატარებდით ერთად... მიშა ძალიან დააკლდება ქართულ თეატრსა და კინოს.

- თვითონ იხსენებდა, "მარადი ქმარი"არის სპექტაკლი, რომლითაც მამაჩემმა მიმიღო, როგორც მსახიობი; მანამდე არ მთვლიდა არტისტად, სულ უნდოდა ჩემი ბიზნესში ჩათრევა,­ "მარადი ქმრის" პრემიერის შემდეგ კი მითხრა, შენია, აკეთე ეს საქმე, ხმას აღარ ამოვიღებო...

- მიშა გომიაშვილის წასვლა ქართული თეატრისთვის დიდი დანაკლისია. მისნაირი მსახიობი იშვიაობაა. მოაზროვნე მსახიობი იყო. რამდენ ხანსაც უნდა ეთამაშა, ფორმას არასდროს კარგავდა...

gomiash2-1663505580.jpg

"ეჰ, რამდენი სიგიჟე ჩაგვიდენია..."

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: - ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ყველაფერი მტკივა... გამორჩეული, ძალიან განსხვავებული ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან. ვიც­ოდი, რომ ავად იყო... "ფეისბუკზე" ვნახე მისი გარდაცვალების ამბავი და კინაღამ გული გამისკდა. მოსკოვის კონსერვატორიაში­ რომ ვსწავლობდი, მაშინ მიშაც მოსკოვში იყო და ისეთი თავგადასავლები გვქონდა ერთად... საოცრად ნიჭიერი იყო. ბოლოს ნანა ჯორჯაძის ფილმის გადაღებაზე ვნახე. მე ამ ფილმის მუსიკას ვწერდი. სტენტირება გავიკეთე, არ ვარ კარგადო, მითხრა. თავს გაუფრთხილდი-მეთქი. შენ ხომ იცი, ჩვენ თავს როგორ ვუფრთხილდებითო, ჩაიცინა...

- რა იგულისხმა?

- ჩვენი თაობიდან არავინ არასოდეს ვუფრთხილდებოდით ჯანმრთელობას. ამის გამო მართლაც თითზე ჩამოსათვლელნი დავრჩით.

- როდის გაიცანით?

- 14-15 წლის ვიქნებოდი... მოსკოვიდან ჩამოვიდა და წყნეთში შევხვდი პირველად - მიშა კალატოზიშვილმა გამაცნო. მოსკოვში ყოფნისას მიშა კალატოზიშვილის სახლი სალონივით იყო, იქ ვიკრიბებოდით ხოლმე. ჩარლი ჩაპლინის ტროსტი ინახებოდა იქ. ერთხელ - მაშინ ზურა ყიფშიძეც მოსკოვში სწავლობდა, გეგი გუჯეჯიანიც, ვატო კახიძეც - შევიკრიბეთ კალატოზიშვილთან მის დაბადების დღეზე. მასპინძელს ფორტეპიანო არ ჰქონდა. რომ დავთვერით, დაიწყეს, აუ, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ პიანინო გვქონდეს, დათო და ვატო დაუკრავდნენო. ქვემოთ ზურაბ სოტკილავა ცხოვრობდა. უეჭველად ექნება, მოდი, მისგან ვითხოვოთო, გომიაშვილმა­ წამოიძახა. მოკლედ, დილის სამის ნახევარზე დავადექით თავზე. ზურა სოტკილავა­ გამოვიდა ნამძინარევი, პიჟამით. მე ვუთ­ხარი, ბატონო ზურა, იქნებ პიანინო გვათხოვოთ-მეთქი... ნახევრად ეძინა, დაიბნა და... გაგვატანა.

- მართლა გათხოვათ?

- ძლივს ავიტანეთ... ძალიან მძიმე იყო. მოვილხინეთ, მერე დავიძინეთ და ისე დავიშალეთ, პიანინო აღარ გაგვხსენებია. გადის რამდენიმე დღე და სოტკილავა კონსერვატორიაში მხვდება. დათო, ბიჭო, მოწაფეები მომდიან შინ და პიანინო დამიბრუნე, თუ ღმერთი გწამსო. ეჰ, კიდევ რამდენი სიგიჟე ჩაგვიდენია...

"ჩემი კინომამა"

ბექა ლემონჯავა, მსახიობი: - მიშა გომიაშვილი ჩემი კუმირია. ოცნებად მქონდა, მასთან ერთად მეთამაშა და საბოლოოდ ეს ოცნება რეზო გიგინეიშვილის "მძევლებში" ამიხდა. ამ ფილმში ის მამაჩემია.­ უთქვამს, დააკვირდით ამ ფოტოებს, ფიზიკურად მე ასეთი შვილი შემეფერებაო და ჩემს ფოტოზე მიუთითებია. ასეთი მასშტაბის ფილმზე პირველად მაშინ ვიმუშავე. ბევრი ძალიან კარგი მსახიობი გავიცანი, ჩემი თაობისაც და უფროსებიც: მერაბ ნინიძე, მიშა გომიაშვილი, ავთო მახარაძე... ბატონმა მიშამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... ზოგ მსახიობს ახასიათებს ზემოდან ყურება, მიშა კი ძალიან უშუალო და გულღია ადამიანი იყო. პირველი დღიდან იმედი მომეცა, რომ თუ რამე კარგად არ გამომივიდოდა, ეს ადამიანი გადამარჩენდა. მისი კალთის ქვეშ თავს დაცულად ვგრძნობდი. მერეც ვიმუშავეთ სხვა პროექტში, იქაც მამაჩემი იყო და ხუმრობით კინომამა შევარქვი.

- რაიმე თავისებური მანერა ჰქონდა? რითი დაგამახსოვრდებათ?

- საუბრის მანერა ჰქონდა გამორჩეული. ძველ თბილისელებს ახასიათებთ ხოლმე, ფრაზებს თავისებურად ამბობენ... „მამა” - ასე მომართვა იცოდა.

ბატონი მიშასგან ბევრი ვისწავლე, როგორც ცხოვრებისეული, ისე პროფესიული გამოცდილება მივიღე. გული ძალიან დამწყდა... ბოლოს ორიოდე თვის წინ ვესაუბრე ტელეფონით, მოვიკითხე, რომ გავიგე გულზე პრობლემები ჰქონდა. გაუხარდა... ასეთი ადამიანი ასეთ ადრეულ ასაკში არ უნდა მიდიოდეს... ეს უსამართლობაა...

"მიშა გომიაშვილი არაფრით ჩამოუვარდებოდა ალ პაჩინოს"

ალეკო ბეგალიშვილი, მსახიობი: - არ ვიცი, რა უნდა ვთქვა... ძალიან მაგარი არტისტი და ძალიან მაგარი ადამიანი წავიდა... ჩემი ძმის თაობაა, ისინი უფრო მეგობრობდნენ, თუმცა ჩემი უფროსი მეგობარიც იყო. პლეხანოვზე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, თბილი ურთიერთობა გვქონდა და ძალიან მეტკინა გული...

- რა გახსენდებათ მასთან ურთიერთობიდან?

- ჩემს უბანში ფარაჯანოვის ძმისშვილი იღებდა ფილმს, სადაც მიშა სომეხ დალაქს თამაშობდა. გადაღების წინა პერიოდი იყო, მაღაზიაში შემოდიოდა და შემეჩეხა. გრიმით ისეთი სხვანაირი იყო, ვერ ვიცანი - ოქროს კბილები და გადავარცხნილ-მიწებებული ტალავერი ჰქონდა.. მოკლედ, ტიპიური საბჭოთა დალაქი "გაიჩითა".­ რომ გამიარა და ხმა არ ამოვიღე, გაეცინა, ბიჭო, ვერ მიცანიო?

- ალ პაჩინო უყვარდა განსაკუთრებით, მისი ნაჩუქარი სამაჯურიც მაჩვენა...

- მე ვფიქრობ, მიშა გომიაშვილი არაფრით ჩამოუვარდებოდა ალ პაჩინოსა და ბევრს. ასეთ პროფესიონალებს ვერ ვაფასებთ,­ სამწუხაროდ... ძალიან მაგარი მსახიობი იყო... დიდი დანაკარგია ქართული ხელოვნებისთვის.

"მიშაზე ნაწყენი კაცი არ მახსოვს"

თემო გვალია, მსახიობი: - მე 1980 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, მიშამ - მომდევნო წელს. მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ. მერე სხვადასხვა თეატრში მოვხვდით, მაგრამ დღემდე ვმეგობრობდით. ძალიან დამწყვიტა გული. იმიტომ არა, რომ წასულებზე მხოლოდ კარგს ამბობენ - მართლაც ძალიან კარგი პიროვნება იყო, მეგობრული. მიშა გომიაშვილზე ნაწყენი კაცი არ მახსოვს. მშვიდი და ცოტა თავისებური იყო. სიკეთით ცხოვრობდა და წავიდა ეს სიკეთე... გულსატკენია, რომ ასეთი ადამიანებით ვღარიბდებით...

ბოლოს სანაპიროზე შევხვდი, მანქანის სახელოსნოში. კარგა ხანს ვილაპარაკეთ. ათი კაცი მაინც მოვიდა - მიშა, როგორ ხარო. ყველას ისე ელაპარაკებოდა, მეგონა, ძმაკაცები იყვნენ. ვინ არიან-მეთქი, ვკითხე. ორს ვიცნობ, დანარჩენებს - არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კარგი ხალხიაო...

წარსულმა გამიელვა თვალწინ... თეატრალურის გვერდით იყო კაფე "ჩხირები", იმის გვერდით - სასტუმრო "თბილისი", დღევანდელი "მერიოტი" და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე სტუდენტობისას თეატრალურის, კონსერვატორიისა და აკადემიის სტუდენტები. შუშებიანს ვეძახდით. ერთხელ ჩხუბი მომივიდა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე. დაინახა, მოვარდა და მაშინვე ჩემიანს დაარტყა...

- რატომ?

- ხელით გავწიე ეს ჩემი ახლობელი. მიშამ ეს დაინახა და იფიქრა, ისიც მე მეჩხუბებოდა, ამიტომ კარგად მოუქნია. მერე იმანაც უპასუხა და ძლივს გავაშველე... ისე, მიშა მოჩხუბარი არ იყო. წყნარი, მშვიდი ცხოვრება უყვარდა, თავის საქმე უყვარდა, სიყვარულით ცხოვრობდა...

ერთი პერიოდი საბჭოს ქუჩაზე ცხოვრობდა და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე მე, მიშა და ზურა ყიფშიძე. სხვათა შორის, იმ პერიოდში მაჩუქა მამამისის ნაქონი­ ყალიონი­ და სათვალე. ზურასაც აჩუქა. ბატონი არჩილი რომ გარდაიცვალა, მაშინ­ წამოიღო მისი ნივთები და ჩვენც გვისახსოვრა, თქვენზე კარგს ვის მივცემო.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფოტო არ მაქვს გადაღებული არც მიშასთან, არც - გია ფერაძესთან და გული მწყდება. გია ჩვენზე უფროსი იყო, მაგრამ პირველი კურსიდან რომ დაგვიძმაკაცდა, მერე სულ ერთად მოვდიოდით. მახოვს, ერთხელ "ჩხირებში" გია ფერაძესთან და გია აბესალაშვილთან ერთად კონიაკს ვსვამდით. მიშა შემოვიდა. ხასიათზე არ იყო, რომელიღაც ლექტორზე იყო გაბრაზებული. დავლიეთ ერთად და, აღარ მოგშორდებით, ყოველდღე დაგხვდებით "ჩხირებში", ისე გამომიყვანეთ მდგომარეობიდან ეს დაღონებული კაციო.

გული სწყდებოდა ზოგიერთზე, მაგრამ ამბობდა, მე რა უნდა ვუთხრა, თავისი გაჭირვება ეყოფაო. მე ფიცხი ვარ, ის კი ყოველთვის შესაშურად მშვიდად ხვდებოდა ყველაფერს. კარგი ადამიანი იყო...

შვილიშვილზე გიჟდებოდა. ბაბუა ვარ, აზრზე ხარ?!“ - მეტყოდა ხოლმე...

ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. მიშა დააკლდა ქვეყანას - კინოხელოვნებას, თეატრს, ხალხს...