ნეაპოლიდან სანაკრებო მატჩებზე - კვირის პალიტრა

ნეაპოლიდან სანაკრებო მატჩებზე

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამა­შმა, გარკვეულწილად,­ უკანა პლანზე გადაიტანა სპორტის სხვა სახეობები. არადა,­ ისტორ­იული შედეგით გაგვახარეს ჩვენმა წყალბურთელებმა - საინტერესო და დრამატული მატჩები ვნახეთ 2022 წლის ევრობასკეტზე, კარს მოგვადგა ძიუდოს მსო­ფლიო ჩემპი­ონატი და რაც მთავარია,­ უეფას ერთა ლიგის დარჩენილი­ მატჩები. ვილი სანიოლმა დაასახელა ის შემადგენლობა,­ რომელიც სექტემბრის მატჩებისთვის შეარჩია. ფრანგ მწვრთნელსა და მის კრებულზე წერილის­ მეორე ნაწილში­ ვილაპარაკებთ, მანამდე კი რამდენიმე სიტყვა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე", რომელიც კვლავაც წარმატებულად თამაშობს (18 სექტემბრის "მილანი"-"ნაპოლის" მატჩის შედეგი გათვალი­სწინებული არ არის) და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა დიდი სხვაობით.

"აიბროქსზე" დაბრუნებული ქართველი

ნეაპოლური კლუბი გლაზგოს ესტუმრა და სახელგანთქმულ "აიბროქსზე" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა ადგილობრივ "რეინჯერსს". შოტლანდიური კლუბის ღირსებას წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა­ შოთა არველაძე და გლაზგოს­ ლურჯ ნაწილს ("გლაზგო რეინჯერსის" მოსისხლე მტერი "სელტიკი" თეთრ-მწვანე მაისურებით თამაშობს) ქართველი ფორვარდი დღემდე ძალიან უყვარს. თუმცა საყვარელ სტადიონზე კიდევ ერთი ქართველის სტუმრობა არცთუ სასიამოვნოდ დაამახსოვრდებათ: ხვიჩამ კარგად ითამაშა და ანგა­რიშის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა - მისი დარტყმის შემდეგ ბარიშიჩმა ხელით ითამაშა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი პოლიტანომ გაიტანა და ნეაპოლური კლუბი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ხვიჩას იტალიურ კარიერაში, როცა სპალეტიმ მთელი მატჩი ათამაშა და მხოლოდ 90-ე წუთზე შეცვალა.

შედარებით ინერტული საწყისი წუთების­ შემდეგ კვარაცხელია გააქტიურდა და კარშიც რამდენჯერმე დაარტყა. პირველ ტაიმში ქართველი შემტევის წინააღმდეგ თითქმის ყველა ეპიზოდში თამაშობდა შოტლანდიური კლუბის ორი მცველი, თუმცა მას შემდეგ, რაც სანდსი გააძევეს და "რეინჯერსი" კაცნაკლული დარჩა, მასპინძლებს ამის ფუფუნება აღარ ჰქონდათ და ხვიჩამაც გაილაღა. ისიც ვთქვათ, რომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, "ნაპოლის" თავკაცმა ხვიჩას არც კრიტიკა დააკლო: "დიახ, ხვიჩა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და წესის დარღვევით რომ არ შეეჩერებინათ, კარამდე მიღწევა დღესაც შეეძლო. დიახ, პენალტი მის დარტყმას მოჰყვა, მაგრამ კვარამ უფრო ხშირად უნდა გაიხედოს თანაგუნდელებისკენ და დაცვასაც უფრო აქტიურად დაეხმაროს, - თქვა ლუჩანო სპალეტიმ, - ამბობთ, რომ კვარაცხელია ძლიერია. გეთანხმებით, მაგრამ როცა მეკარისგან ორ მეტრში აღმოჩნდება, კარში ურტყამს, იმის ნაცვლად, რომ კარის წინ მყოფ თავისუფალ თანაგუნდელს გადააწოდოს. იმიტომ ურტყამს, რომ ყოველ წუთს ესმის, მაგარი ხარ! გოლი უნდა გაიტანოო! დიახ, ხვიჩა ძალიან მაგარი, არაორდინარული მოთამაშეა, აქვს საოცარი ტექნიკა, მაგრამ არჩევანის გაკეთებაც უნდა ისწავლოს გოლსა და პასს შორის. თუ მცველები საჰაერო ორთაბრძოლებს ვერ მოიგებენ, ნახევარმცველები კი კომბინაციებს ვერ გაათამაშებენ, კვარაცხელია ბურთს მხოლოდ რამდენჯერმე თუ შეეხება. ეს უნდა გაითავისოს და გუნდზე უფრო მეტად იმუშაოს! გუნდისთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია - ერთი კაცი თამაშს ვერ იგებს".

მართალია. ახლა, როცა მეტ-ნაკლებად, ხვიჩა უკვე შეეჩვია ახალ კლუბს, როცა ყოველ წუთს ქება (დამსახურებული!) ესმის, 21 წლის ბიჭმა ობიექტური კრიტიკაც უნდა მოისმინოს! გასულ კვირას კვარაცხელიაზე ილაპარაკა მისმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც. ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვილიმ ხვიჩა რიბერის შეადარა და ისიც აღნიშნა, რომ ფრანგული კლუბების დაინტერესებას მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა: "კვარა ახალგა­ზრდა რიბერის მაგონებს. იმედია, ისეთივე წარმატებული კარიერა ექნება, როგორიც ფრენკს. ხვიჩას შეძენა საფრანგეთის ლიგა-1-ის უძლიერეს კლუბებს შევთავაზე და მათი ინერტულობით იმედგაცრუებული­ დავრჩი. ძალიან მინდოდა კვარაცხელიას საფრანგეთში ეთამაშა და ისევე გაეთქვა სახელი, როგორც იტალიაში. სამწუხაროდ, ფრანგულმა კლუბებმა ჩემი რეკომენდაციები სერიოზულად არ მიიღეს", - თქვა მან.

ახალი მეკარე ვი-შოვნეთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო შეხვედრები მომავალ წელს უნდა ვითამაშოთ, მერე კი ერთა ლიგის პლეი-ოფია და დიდი იმედი გვაქვს, რომ კონტინენტის პირველობაზე რომელიმე გზით მაინც მოვხვდებით. თუმცა მანამდე პლეი-ოფის საგზურის დაბევებაა საჭირო, რაც, იმავდროულად, ერთი დივიზიონით დაწინაურებასაც ნიშნავს და უეფას ერთა ლიგის დარჩენილ მატჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესავალშიც ვთქვი, რომ ვილი სანიოლმა უკვე დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა: მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), ლევან შოვნაძე ("სამგურალი", საქართველო); მცველები: გურამ კაშია ("სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია", პოლონეთი), დავით ხოჭოლავა ("კოპენჰაგენი", დანია), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", იტალია), გურამ გიორბელიძე ("ზაგლებიე", პოლონეთი), ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი, საქართველო); ნახევარმცველები/თავდამსხმელები: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", იტალია), ვაკო ყაზაიშვილი ("ულსან ჰიუნდაი", სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე ("ფეჰერვარი", უნგრეთი);

საქართველოს ნაკრები უკვე შეიკრიბა და საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბრიდან დაიწყო. სანიოლის გუნდში ერთი დებიუტანტია - წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. 24 წლის გოლკიპერი გამორჩეულ სეზონს ატარებს, ათი მატჩის­ განმავლობაში ბურთი არ გაუშვია და ლაზარე კუპატაძის უთამაშებლობის ფონზე არც გაგვკვირვებია, სანიოლის 23-კაციან სიაში შოვნაძის გვარიც რომ ვნახეთ. ძნელი წარმოსადგენია, უახლოეს ოფიციალურ მატჩებში ლევანს თამაშის შესაძლებლობა მიეცეს, თუმცა ნაკრებთან ერთად გატარებული დღეები ახალგაზრდა მეკარეს გამოცდილებასა და თავდაჯერებას შემატებს,­ ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ვილი სანიოლი აგრძელებს ნაკრებში ეროვნული ლიგის მოთამაშეების გამოძახებას და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მოტივაციას უნარჩუნებს.

ლევან შოვნაძეს წარმატებას ვუსურვებთ. რაც შეეხება დანარჩენებს, შესაძლოა რომელიმე მოთამაშე მოვისაკლისოთ, მაგრამ მთლიანობაში, შემადგენლობა ოპტიმალურია! რაც მთავარია, უმეტეს შემთხვევაში, ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკისა და ფიზიკური კონდიციის შესაბამისად არიან გამოძახებული და არა გვარ-სახელის, სანაკრებო გამოცდილებისა თუ ძველი დამსახურების ხათრით. სანიოლის მოსვლასთან ერთად ნაკრებში კონკურენციაც გაიზარდა და ხარისხიც - როგორც თამაშის, ისე იმ კლუბებისაც, სადაც ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ. გადახედეთ 23-კაციან განაცხადს და ნახავთ, რომ ეროვნული გუნდის მოთამაშეების გასწვრივ რუსეთის, კვიპროსისა და აზერბაიჯანის კლუბების ნაცვლად, იტალია (თანაც, სერია ა!), ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი, პოლონეთი და სხვ. წერია! იმ ფეხბურთელებმა, ვისთვისაც ეროვნული ნაკრები უმთავრესი პრიორიტეტია, უკვე კარგად იციან, რომ თუ ნაკრებში თამაში სურთ, ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში უნდა ირიცხებოდნენ და არჩევანი არა მაღალი ხელფასის, მაღალი კლასის სასარგებლოდ უნდა გააკეთონ!

მოკლედ, ნაკრები უკვე შეიკრიბა. შემადგენლობის, ფეხბურთელების სათამაშო­ კონდიციებისა და ბოლოდროინდელი შედეგების (როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო­ დონეზე!) გათვალისწინებით, იმედიანად ვართ, დანარჩენს მომავალი მატჩები გვიჩვენებს. 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე" დავუხვდებით ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელთანაც ძველი ანგარიშებიც გვაქვს გას­ასწორებელი, 26 სექტემბერს კი გიბრალტარში ვითამაშებთ უეფას ერთა ლიგის ამ გათამაშების ბოლო შეხვედრას და ძალიან უნდა "მოვინდომოთ", პლეი-ოფის მიღმა რომ დავრჩეთ!