"ქართველები ისე აწრთობდნენ ფოლადს, ყველა ქართულ ხმალს დანატროდა“ - კვირის პალიტრა

"ქართველები ისე აწრთობდნენ ფოლადს, ყველა ქართულ ხმალს დანატროდა“

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში 72 წლის ჯონდო ჩადუნელს შინ ძველი­ საბრძოლო იარაღისა და ნივთების მუზეუმი აქვს. მომცრო ოთახის კედლები სავსეა სხვადასხვა ფორმის ხმლებით, ხანჯლებით, მუზარადებით, რკინის პერანგებით, მშვილდ-ისრებითა და ცულებით...

- ჩემი მუზეუმი და შემოქმედება სიმბოლურია. თანამედროვე ომებში ხმალი და ფარი აღარ გამოიყენება, მაგრამ ეს საომარი ატრიბუტიკა ადამიანს ბრძოლის ჟინით, სამშობლოს დაცვის სურვილით აღანთებს.

თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი დავამთავრე. მეგობარ მხატვრებს, რომლებიც ჭედურ ნახატებს ამზადებდნენ, ვაკვირდებოდი, როგორ აწრთობდნენ ლითონს, ვეძებდი ოჯახებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შემონახული. ასეთი ოჯახი მთაში ბევრია. აქა-იქ ამ საქმის მცოდნენიც იყვნენ შემორჩენილნი. ჩუმათელეთში ჩემი მეგობრის დიდ პაპას ჰქონდა სამჭედლო. განთქმული მჭედელი იყო. მივდიოდი და როგორც ზღაპრულ გმირს, ისე ვაკვირდებოდი, დიდი, მქშინავი­ საბერვლით როგორ უბერავდა რკინის წრთობის დროს ღუმელს, დაგრეხილი რკინისგან როგორ გამოჰყავდა თოხი, ბარი, ნიჩაბი, სახნისი, ფარი, მახვილი... მოკლედ, ამ საქმემ ბავშვობიდან გამიტაცა. ჯერ პატარა დანებისა და ხანჯლების გაკეთება დავიწყე, თითები დაგლეჯილი მქონდა, მაგრამ არ ვეშვებოდი. მერე ფარი გავაკეთე. ნელ-ნელა ვეზიარე რკინის ხელოვნებას და კიდევ უფრო მოვიწამლე მისი სიყვარულით.

დავითფერულის ხმალი რომ გამოვჭედე,­ სიხარულით ცას ვეწიე, მერე ფრანგულსაც­ შევეჭიდე... რადგან­ სახელოსნო არა მაქვს,­ მარტო ვერ ვახერხებ ყველა იარაღის კეთ­ებას, მაგრამ დამუშავებას ჩემ გარდა ვერავის ვანდობ.

საქართველოს ყველა კუთხის ხმლის ოსტატების­ ნამუშევრები მაქვს ნანახი. კახეთში განთქმული­ იყო მჭედლიშვილების­ ხმალი, თბილისში ლეკების ნაოსტატარს აქებდნენ, ამიტომაც თბილისური ხმალი ლეკური ხმლის სახელით არის ცნობილი. ხევსურეთში ერთი ხმალი რომ შეგეკვეთა, 5-6 ძროხა უნდა მიგეყვანა ფეშქაშად. ბავშვი რომ იბადებოდა, წელზე ხანჯალს აბამდნენ და მეომრად ზრდიდნენ...

jondo2-1663506629.jpg

- მშვილდ-ისარიც თქვენი ნახე­ლავია?

- მშვილდი თხილის ხისგან გავაკეთე. მშვილდის­ მკეთებელმა უნდა იცოდეს, წელიწადის რა დროს უნდა მოჭრას ხე, გამძლე იარაღი რომ გააკეთოს. სამასალე ხე ყოველთვის შემოდგომით იჭრება, როცა მასში წყლის მოძრაობა შეჩერებულია. სხვათა შორის, საქართველოში ხმალს თუ კაცები ჭედავდნენ,­ მშვილ-ისარს ქალები ამზადებდნენ და აბჯარსაც ისინი ქსოვდნენ. შავ საქმეს, რკინის რგოლებს მჭედლები ამზადებდნენ, ქალები­ კი მას ერთმანეთზე აბამდნენ... ყველაზე უძველესი ქართული­ აბჯარი-რკინის პერანგი საბერძნეთის მუზეუმში ინახება, მაგრამ მცხეთაში, არმაზის ხეობაში არის ისტორიული ნივთების საცავი და პირველად იქ ვნახე დაძენძილი, ნამდვილი რკინის პერანგი. წიგნებიდანაც შევისწავლე მისი დეტალების დამუშავების ტექნოლოგია. ჯერ პატარა ნაწილი მოვქსოვე და რომ გამომივიდა, აღარ გავჩერებულვარ. ერთი აბჯარი რომ მოვქსოვო, დაახლოებით 50 000 რკინის პატარა რგოლი უნდა გავაკეთო...

ჩემი გვარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეთსამანიიდანაა.­ ჩადუნელები­ 250 წლის წინ დამკვიდრდნენ ჩუმათელეთში. მწიგნობრები და მეომრები ყოფილან. ჩვენს გერბში აბჯარი, წმინდა გიორგი და წიგნია შეტანილი. ვცდილობ გვარის ტრადიციები შევინარჩუნო. ვქსოვ­ უნიკალურ აბჯარს, რომელიც ხარაგაულში ჩვენს წმინდა გიორგის სალოცავს უნდა შევწირო.

- რკინის პერანგსა და მუზარადში მეომარი სრულიად უსაფრთხოდ იყო?

- არსებობდა მარტივად და რთულად დასამზადებელი მუზარადები და რკინის პერანგები. ზოგიერთი ნაქსოვის რგოლები პირი-პირზე იყო მიტანილი და ცივად ებმებოდა ერთმანეთს. ასეთ გადაბმულ ჯავშანს როცა ისარი ან შუბი ხვდებოდა, ზოგჯერ იხსნებოდა და მეომარი ზიანდებოდა. რთულად დასამზადებელი მუზარადებისა და რკინის პერანგების რგოლების თავები ერთმანეთზე იყო გადადებული, შემდეგ გახვრეტილი და შიგ თითოეულ რგოლს ბოქლომი ჰქონდა გაკეთებული. ასეთ ჯავშანში რგოლების გახსნის ალბათობა თითქმის არ არსებობდა. აბჯრის ქვეშ მეომრებს­ თბილი ჯუბები ეცვათ, რკინას სხეული რომ არ დაეზიანებინა. მუზარადის ქვეშ კი ქუდებს იხურავდნენ. სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა კახურ და სვანურ ნაბდის ქუდებს.

ამას წინათ სიძველეთა დაცვის მუზეუმის მეცნიერი მუშაკი მამუკა ქაფიანიძე მესტუმრა. შემდეგ მისი რეკომენდაციით მოვიდნენ რეჟისორები, რომლებმაც გადაიღეს ფილმი ,,ცხრა ძმა~. ამ ფილმის მთავარ როლებში მონაწილეებს ჩემი დამზადებული ძველი საბრძოლო იარაღი ვათხოვე.

საქართველოში იარაღი რთული მოსაპოვებელი იყო. ამიტომ ომში იარაღი ბრძოლის დროს თავად უნდა მოეპოვებინათ, დახოცილი მტრისთვის უნდა ჩამოერთმიათ შუბი, ხმალი, ფარი, მუზარადი და აბჯარი. იარაღის­ ერთ-ერთ განთქმულ სამჭედლოდ თელავი­ და თბილისი ითვლებოდა. ძვირად ღირებული ლითონი სპარსეთიდან და ჩინეთიდან შემოჰქონდათ, მაგრამ ქართველებმა იცოდნენ ლითონის დამუშავების უბადლო ტექნოლოგიები და საიდუმლოდ ინახავდნენ, ისე აწრთობდნენ ფოლადს, ყველა ქართულ ხმალს დანატროდა. ერთხელ თავად წერეთელს ერთ-ერთმა მჭედელმა საცერში ჩადებული ხმალი მიართვა. ყველა­ განცვიფრდა, ეს რა აკადრა ამ გლახამ თავადსო? როცა ხმალი საცრიდან ამოიღეს და მოულოდნელად გასწორდა, განცვიფრება ვერ დამალეს. ქართული იარაღი ყოველთვის ბასრი, მსუბუქი და მოქნილი იყო.

- მუზეუმში ორი წყვილი ქალამანიც დავინახე. თქვენი დამზადებულია?

- ეს ქალამნები ლილოში ერთ მოხუცს, გაგა წიკლაურს ამოვასხმევინე. ეს საქმე კარგად იცოდა. გული მტკივა, რომ ძირძველ ცოდნასა და ტრადიციებს ვკარგავთ, არადა, საბრძოლო ხელოვნება, ადათ-წესების პატივისცემის კულტურა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. ჩემს პატარა შვილიშვილს უკვე ვასწავლი ძველი საბრძოლო იარაღის­ დამზადებას. 8 აგვისტოს შინდისში გმირების საფლავებზეც ავიყვანე. წავიღეთ ჩემი დამზადებული ფარი, ღვინით სავსე დოქი ფიალით და მათ საფლავზე დავაწყვეთ. ასეთი მაგალითებით, საუბრებით იზრდებიან სამშობლოს ერთგული რაინდები.

ნელი ვარდიაშვილი