"რომ დამინახა,­ გადაირია - მეხუტებოდა და ტიროდა! მერე ამიხსნეს, ამ ქალბატონს ახლახან გარდაეცვალა ბიჭი და დეპრესია შენ დააძლევინეო" - კვირის პალიტრა

"რომ დამინახა,­ გადაირია - მეხუტებოდა და ტიროდა! მერე ამიხსნეს, ამ ქალბატონს ახლახან გარდაეცვალა ბიჭი და დეპრესია შენ დააძლევინეო"

პატარ-პატარა ვიდეოების შექმნა და ტიკ-ტოკზე განთავსება დღეს ბევრი ახალგაზრდისთვის გართობის საყვარელი ფორმაა. ბევრმა ეს გართობა შემოსავლის წყაროდაც აქცია. ტიკტოკერი გიორგი მახარაშვილი, იგივე­ ზინაიდა, ამბობს, რომ თავიდან შორეული გეგმები არ ჰქონია, თუმცა დღეს გამო­მწერთა არმია ჰყავს და პოპულარობით ზოგიერთ კინოვარსკვლავსაც არ ჩამოუვარდება.

- ზინაიდა ძალიან სპონტანურად შემერქვა. სკეტჩს ვაკეთებდი დრომოჭმულ კომუნისტ ქალზე და იმას ერქვა ზინაიდა. იმის მერე დარჩა და დარჩა... ახლა ძალიან ბევრი მეძახის ზინოს.

- გამომწერების ათვლა როგორ დაიწყო?

- მაშინ ფასანაურში ერთ-ერთი კვების ობიექტში ვმუშაობდი, და ამ ვიდეოებს ჩვენთვის ვიღებდი. ტიკ-ტოკი არც ვიცოდით, რა იყო. მერე დაიწყო პანდემია, დავიკეტეთ და რა უნდა გეკეთებინა? ჰოდა, ამ ღლიცინსა და მხიარულებაში გაგვყავდა დრო... მე მუხრანიდან ვარ და თბილისშიც ვერ ჩამოვდიოდი, ამიტომ დავიწყე ვიდეოების ატვირთვა. ჯერ ძველი მოგროვილები­ ავტვირთე, მერე მივამატე და მივამატე...

მეუბნებიან, რომ მასკულინური იუმორი­ მაქვს, ხანდახან - სექსისტური... ძალიან რთულია ამ ბეწვის ხიდზე გაიარო ისე, რომ შენი იუმორით ვინმეს აგრესია არ გამოიწვიო. მიხარია, რომ აქამდე ისე მოვედი,­ გამომწერებისთვის განწყობის ამაღლება ვინმეს გაღიზიანების გარეშე შევძელი. არც ვიცი, რით დავიმსახურე ამდენი უცხო ადამიანის სიყვარული. აი, დღესაც, მაღაზიაში ვიყავი და ღიმილით შემხვდნენ, შენ ხარო? არაფერი შეედრება სრულიად უცნობი ადამიანებისგან ამდენი სითბოს მიღებას.

- როგორ იქცა ეს შემოსავლის წყაროდ?

- ეს გამომწერების რაოდენობის შედეგია. ახლა ტიკ-ტოკზე მყავს 94 000 გამომწერი, ფეისბუკზე - 170 000. ყოველდღიურად რომ ამდენი ადამიანი გიყურებს,­ ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი ხარ. ძალიან ბევრი მწერს: "შენით დაიწყო ჩემი დილა"; "ნეგატიური დღე მქონდა და გამახ­ალისე"... მერე კი ნდობის ფაქტორიც ჩნდება და მოდის შემოთავაზებები. განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ სტარტაპერებს. ქართულ კომპანიებს რომ ვხედავ, სული და გული მენთება, რომ დავეხმარო. აქედან გამომდინარე, კომპანიები მთავაზობენ, პოპულარიზაცია გავუწიო მათ პროდუქციას. ესეც ბეწვის ხიდზე გავლაა. სანამ არ დარწმუნდები, რომ რასაც მიმდევრებს სთავაზობ, ხარისხიანია, უსაფრთხოა, არც ღირს ხელის მოკიდება. არსებობს რაღაცები, რასაც ვერ გადავაბიჯებ. მაგალითად, ვერასდროს გავუწევ პოპულარიზაციას თამბაქოს,­ ალკოჰოლურ სასმელებს, აზარტულ თამაშებს. მქონდა შემოთავაზებები, სოლიდურიც­ კი, მაგალითად, 30 წუთში 800-900 ლარის­ შოვნა შემეძლო, მაგრამ არ ვთანხმდები. ამას წინათ დამიკავშირდა ქართული კომპანია, რომელმაც სიგარა­ გამოუშვა, მაგრამ ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებ. მე თვითონ მწეველი ვარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავუწევ პოპულარიზაციას, იმიტომ, რომ ბავშვები მიყურებენ და მათ ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქტს ვერ შევუქებ.

ეს სფერო საქართველოში შემოსავლიანია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბლოგერი­ თუ ტიკტოკერი ისვენებს უფასოდ სასტუმ­როებში, იღებენ ტანსაცმელს, აქსესუარებს, სხვადასხვა მომსახურებას. მეც ვიღებ სხვადასხვა მომსახურებას სრულიად უფასოდ...

- სადმე იფილტრება ტიკ-ტოკის ვიდეოები? ან შეიძლება რომელიმე დაიბლოკოს რაღაც მიზეზის გამო?

- რა თქმა უნდა, თუ გამოაჩინე, ვთქ­ვათ, ბასრი საგანი, შეიძლება ჩვეულებრივმა მომხმარებელმა დაგარეპორტოს და გარკვეული დროით დაგბლოკონ. შეიძლება ერთი თვე აგეკრძალოს კომენტარის დაწერა, მოწონება, შეიძლება - სამუდამოდ.

- იუთუბზე ათიათასგამომწერიან არხებს კარგი შემოსავალი აქვთ...

- იუთუბი ძალიან შემოსავლიანია, მაგრამ რთულია გამომწერების მოგროვება.­ ტიკ-ტოკში შეიძლება ჭიქა გადადო და ნახევარ საათში 10 ათასამდე ადამიანმა ნახოს შენი ვიდეო. იუთუბზე ასე არ არის...

- ტიკ-ტოკში შემოსავალი არ არის გამომწერების რაოდენობაზე დამოკიდებული?

- ტიკ-ტოკს ჩვენი ქვეყანა აღიარებული არ აქვს, შესაბამისად, მონეტიზაცია არ არის. ევროპის ქვეყნებში არიან ტიკტოკერები, რომლებიც მილიონერები გახდნენ და ბევრ ბიზნესმენსაც კი აჯობეს.

- თქვენ რომ წახვიდეთ ქართველი მიმდე­ვრებით, ევროპელი ტიკტოკერი ვერ გახდებით?

- არა მგონია, მაგრამ რაც უნდა იყოს, მე არასდროს დავტოვებ ჩემს ქვეყანას, მაშინაც კი, სულ რომ მე და პრემიერი დავრჩეთ მთელ საქართველოში...

- ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცათ ტიკ-ტოკმა?

- თავდაჯერებულობა, მიზანი, ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, ნდობა გამიჩინა ადამიანების მიმართ... სარესტორნო სფეროში 10-წლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი კაფე გამეხსნა და ძალიან კარგი გამოვიდა. მუხრანში, ჩემს მშობლიურ მხარეში ასეთი ადგილი არ იყო. სკოლაში­ სწავლის პერიოდში კლასელებთან ერთად ყავა რომ დამელია, ასეთი არაფერი არსებობდა. ახლა მინდა, ყველა რეგიონში იყოს "ზინაიდასთან". კაფე ჩემს ტიკ-ტოკმეგობარ ხატია ბურჯანაძესთან ერთად გავხსენი.

- პროფესიით ვინ ხართ?

- კულინარიის აკადემია დავამთავრე. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რესტორატორი ვარ. ერთი რამ მინდა ვთქვა: სადმე სერიოზულ კომენტარს რომ დავწერ, მიმიწერენ ხოლმე, წადი, შენს ტიკ-ტოკს მიხედეო. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს როცა ამ სფეროში ხარ, სერიოზულად არაფერს ეკიდები. მეორე მხრივ, ტიკტოკერობა შემოსავლიანია, ცნობილი ხდები, იმხელა სიყვარულს იღებ, მას არაფერი შეედრება.

- დღესასწაულებზე გპატიჟებენ?

- ძალიან ხშირად. ქორწილშიც დამპა­ტიჟეს, მაგრამ ვერ წავედი. ამას წინათ წვეულებაზე ვიყავი თბილისის ზღვაზე. ერთ-ერთმა თანამშრომელმა რომ დამინახა,­ გადაირია - მეხუტებოდა და ტიროდა! მერე ამიხსნეს, ამ ქალბატონს ახლახან გარდაეცვალა ბიჭი და დეპრესია შენ დააძლევინეო. რა შეედრება ამას - ადამიანს თუნდაც ცოტა ხნით შენი ღლიცინით უმძიმესი პრობლემა შეუმსუბუქო...

- ტრადიციული ქართული კითხვით­ დავამთავროთ: როდის უნდა დაქორწინდეთ?

- ნამდვილად პოპულარული შეკითხვაა. ჩემს პრეზიდენტს დავესესხები და ისე გიპასუხებთ: "როცა დავაპირებ, გეტყვით".