„ფუჩქი, ფაქიზო, ჯუჯული და ციმა“ ანუ როგორი იყო 20-იანელების „საცურაო მოდა“ - კვირის პალიტრა

„ფუჩქი, ფაქიზო, ჯუჯული და ციმა“ ანუ როგორი იყო 20-იანელების „საცურაო მოდა“

სოცქსელში "ნაჭკადუს ლენინის ორდენოსანი კოლმეურნეობის ქალთა­ ოლიმპიური გუნდის" ფოტოს გამოჩენამ ათასობით მომხმარებელი გაამხიარულა. არა მხოლოდ საბჭოთა კოლმეურნეობაში­ ოლიმპიელთა გუნდის არსებობა, არამედ მოცუ­რავეთა "მაკვარანცხული" სახელები და კოსტიუმებიც სახალისო აღმოჩნდა. თითქოსდა ამ ფოტოზე აღბეჭდილი არიან მებონია­ ციმა, ფერტელავა ფაქიზო, ჯანჯღავა ფუჩქი­ და ჯღარკავა ჯუჯული, რომლებიც ისეთ საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი,­ როგორიც, როგორც იტყვიან, ჩვენმა მტერმა ჩაიცვას! ასეთი კოსტიუმები ფუჩქის, ფაქიზოს და ჯუჯულის კი არა, თვით ვენერა მილოსელსაც დაამახინჯებდა, თუმცა­ სინამდვილეში ფოტოზე XX საუკუნის 20-იანი წლების ინგლისელი მოცურავეები არიან, რომლებსაც, ცხადია, მათ კოსტიუმებზე ჩვენი რეაქცია არც დაესიზმრებოდათ - მას შემდეგ ხომ საუკუნეა გასული!­ ქალის საცურაო კოსტიუმი დრო-ჟამს დიდხანს­ "ეჭიდავა", რომ ისეთი ყოფილყო, როგორიც დღეს არის: მსუბუქი­ და დახვეწილი. ერთ დროს უცხოეთის­ პლაჟებზე სპეციალური თანამშრომელიც კი დადიოდა და კოსტიუმის სიგრძეს ზომავდა, თუნდაც ერთი სანტიმეტრით მოკლეს პატრონს კი პლაჟიდან მიაბრძანებდა.A ავსტრალიელი მოცურავე და მსახიობი ანეტ კალერმანი 1907 წელს შორტების ფორმის კოსტიუმით პლაჟზე ყოფნის გამო დააპატიმრეს კიდეც. თქვენ წარმოიდგინეთ, 60-იან წლებშიც პროფესიონალ მოცურავეებსაც ეკრძალებოდათ ღრმად ამოჭრილი კოსტიუმით ცურვა.­ ჩვენ 60-იანი წლების ერთადერთ ევროპის ჩემპიონ ქართველ ქალბატონს, თინათინ ლეკვეიშვილს, სწორედ კოსტიუმებზე ვესაუბრეთ.

"საბჭოთა სპორტსმენის საცურაო კოსტიუმი მკერდსა და ზურგზე ღრმად ამოჭრილი არ უნდა ყოფილიყო"

- ქალბატონო თინათინ, ბევრი გეძებეთ. არ მოველოდი, რომ ასეთი ცნობილი­ ქალბატონი ასე უჩუმრად იცხოვრებდით თელავში.

- თელავი უსაყვარლესი და მშვიდი ქალაქია, ასე რომ, ხმაურიანი სახელი და ქალაქი სიმშვიდით ჩავანაცვლე.

- როგორ გახდით ევროპის ჩემპიონი?

- ევროპის ჩემპიონი 16 წლის ასაკში­ გავხდი, მაგრამ მანამდე საბჭოთა კავშირის­ ჩემპიონატი და ევროპის თასი მოვიგე, ოღონდ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, თინეიჯერობისას... მახსოვს, ევროპელი გოგონები ძალიან უშუალოები იყვნენ - უცებ გაგიცნობდნენ და დაგიახლოვდებოდნენ. ჩვენ კი გვიჭირდა საპასუხო ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ხომ საბ­ჭოთა გოგონები ვიყავით, აკრძალვებით გაზრდილები.

- საცურაო კოსტიუმებითაც განსხვავდებოდით ერთმანეთისგან?

- არსებობდა მკაცრი მითითება, რომ საბჭოთა კავშირს სპორტსმენები ყველგან მაღალ დონეზე წარედგინა,A ასე რომ, ჩვენც მაღალი ხარისხის საცურაო კოსტიუმები გვეცვა, ოღონდ მკერდსა და ზურგზე ღრმად ამოჭრილი არ უნდა ყოფილიყო, ისევე,­ როგორც პლაჟებზე იმ დროს.

- კიდევ კარგი, საცურაო შორტებს არ იცვამდით, თორემ ცურვა, ალბათ, ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა.

- მაშინ კოსტიუმების დიდი არჩევანი არ იყო, დღეს კი საუკუნის წინანდელი დიზა­ინის საცურაო შორტსაც იყიდი, თუ მოგინდება. მე თუ მკითხავთ, წყალს ისეთი აურა აქვს, კაბითაც რომ გაცურო, მაინც გაგაბედნიერებს...