„ეს არის ჩემი ბედნიერება და აბა, ამ ბედნიერებაზე როგორ არ უნდა ვგიჟდებოდე!“ - კვირის პალიტრა

„ეს არის ჩემი ბედნიერება და აბა, ამ ბედნიერებაზე როგორ არ უნდა ვგიჟდებოდე!“

რა ძალა აქვს სიყვარულს? როდესაც ამ არეულ და გადაღლილ სამყაროში პატარა "ციცინათელა" შეიჭრება, დედამიწისხელა სიძულვილსაც კი გადაწონის. ბიძა-დისშვილის სიყვარულის ამბავიც ხომ ჩვეულებრივი "ციცინათელაა", მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ დაღლილ გულს ათბობს­ ერთი ფეისბუკგვერდიდან! რომელ­ "ციცინათელაზე" გიამბობთ? ახლავე­ გეტყვით: მე გიამბობთ ბიძა-დისშვილზე - 31 წლის ილიკო ცხვედიანსა და 2 წლის მია კვერნაძეზე. გიამბობთ, როგორი ბედნიერები არიან ერთმანეთთან თამაშით.

- ილიკო, ცხოვრებაში ან სოციალურ ქსელში იშვიათად შეხვდები ისეთ სასიამოვნო ამბავს, როგორიც თქვენი ურთიერთობაა. რას ასწავლით ასეთს, რომ პატარა გოგონა და ბიძა ერთნაირად ბრწყინავთ ბედნიერებით?

- იშვიათად კი არა, ძალიან ხშირად შეხვდებით! ბიძა-დისშვილებისა და ბიძა-ძმისშვილების სიყვარული რომ არ არსებობდეს, ბიძები რომ არ იფიცებდნენ დისშვილებსა და ძმისშვილებს, ცხოვრება უხალისო იქნებოდა, ოღოOნდ მე სხვებზე უკეთ შემიძლია სიყვარულის გამოხატვა თუნდაც სოციალურ ქსელში, რისთვისაც ნებართვა მიას დედიკოსა და მამიკოს ვთხოვე და როცა ნახეს, რამდენი თბილი კომენტარი გაჩნდა, მათაც ჩემსავით გაუხარდათ. თანაც მიაკომ მართლაც დიდი ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ოჯახში. მიაკოს უფროსი ძმა ჰყავს, 15 წლის და ყველა გახარებული შევხვდით მის დაბადებას. მე ისე გამიხარდა, რომ შინ მობრძანებისთანავე პამპერსიც მე გამოვუცვალე და "იავნანაც" ვუმღერე - მუსიკალური განათლება მაქვს და არ მიჭირს. ჰოდა, ინაბება ჩემს "იავნანაზე".

- ანუ პამპერსსაც უცვლით?

- კი, ისე, როგორც დედიკო და მამიკო უცვლიან. ზღაპრებსაც ვუკითხავ. პირველად "წითელქუდა" წავუკითხე და თვალები ისე ჰქონდა გაფართოებული, ნამდვილად ყველაფერს იმახსოვრებდა. სხვათა შორის, ორი წლისაა და ახლა თავად გვიკითხავს ზღაპრებს და ლექსებს.

- ყოჩაღ ბიძას! სამწუხაროდ, დედები­ აღარ უკითხავენ ბავშვებს ზღაპრებს. ურჩევნიათ, ტელეფონები მისცენ, თავად კი დაისვენონ.

- ეგ ცუდია. მიას იშვიათად ვაძლევთ ტელეფონს. ვიდეოებს ოჯახის წევრები გვიღებენ, მე და მია კი ამ დროს ვერთობით.

- ძალიან საყვარლად ერთობით. ამდენი გულშემატკივარიც ამიტომ გყავთ სოციალურ ქსელში. ხალხი წერს, ბიძა-დისშვილის სიყვარულმა დაღლილი გული გაგვითბოო.

- სხვათა შორის, ქუჩაშიც ბევრი გვცნობს და გვეფერება.

- მიას უხარია?

- ძალიან და ყველას უღიმის, ირგვლივ ბედნიერებას აფრქვევს. ზოგჯერ მეგობრები და ახლობლები მეუბნებიან, როდესაც საკუთარი შვილები გეყოლება, მიაზე ასე ვეღარ იფიქრებო,M მაგრამ ეს ტყუილია. აუცილებლად ისევე ვიფიქრებ მასზე, როგორც ჩემს შვილებზე. დარწმუნებული ვარ, თავადაც ისე ვეყვარები და მომძებნის, როგორც დღეს მეძებს - გათენდება თუ არა, ჩემს ოთახში შემოტყაპუნდება ხოლმე ჩასახუტებლად. ეს არის ჩემი ბედნიერება და აბა, ამ ბედნიერებაზე როგორ არ უნდა ვგიჟდებოდე!