"ბანკიდან სესხის აღება­ უფრო მაშინ ხდება საჭირო, როდესაც პაციენტს კბილები­ თითქმის არა აქვს" - რამდენი ათასი ლარი ღირს ლამაზი ღიმილი - კვირის პალიტრა

"ბანკიდან სესხის აღება­ უფრო მაშინ ხდება საჭირო, როდესაც პაციენტს კბილები­ თითქმის არა აქვს" - რამდენი ათასი ლარი ღირს ლამაზი ღიმილი

ღიმილი სავიზიტო ბარათია. თან - არამხოლოდ ლამაზი ქალბატონებისათვის. ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის ჰობი კბილის პროთეზების დაგროვება იყო. აღმოჩნდა, რომ ის სხვადასხვაგვარ პროთეზს იყენებდა, მათ შორის: სპილოს ძვლისას, ხისას და მეტალისას. დღეს მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ ვაშინგტონის ზოგიერთი პროთეზი ფერადკანიანთა კბილებისგან იყო დამზადებული, რაც მაშინ სულაც არ ღირდა ძვირი, თუმცა კბილის პროთეზზე მაღალი მოთხოვნის გამო მისი ფასი ყველა დროსა და ქვეყანაში იზრდებოდა. დღეს მედიცინამ მოსახსნელი პროთეზები იმპლანტებით შეცვალა, ეს კი გაცილებით ძვირია, თუმცა იმპლანტებს მუდმივი კბილის ფუნქციის შესრულება შეუძლია, თანაც ისე, რომ კარიესი არც ამერიკის პრეზიდენტივით გააწამებს ადამიანს და არც ფარაონების მსგავსად (ფარაონების დროსაც იყო ხელოვნური კბილები!). დიახ, ლამაზ კბილებზე ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ამ მხრივ საქართველო ახლოსაც ვერ მივა ევროამერიკულ ფასებთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ჩვენთან არაერთი უცხოელი ჩამოდის კბილების გასაკეთებლად და უკან აღფრთოვანებული ბრუნდება. რა ღირს საქართველოში ეს პროცედურა და ვის შეუძლია შესწვდეს ამ ფასებს? გვესაუბრება სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი ასმათ კეთილაძე.

- უცხოეთის ფასებთან შედარებით ჩვენი ფასები სულაც არ არის "კოსმოსური",­ ეს იციან და ბევრი ჩამოდის კბილების გასაკეთებლად. ფასები კბილის მასალასა და ხარისხზეა დამოკიდებული. ხმარებიდან თითქმის ამოღებულია შედარებით იაფფასიანი ე.წ. მეტალოპლასტმასის მასალა. ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯობს ძვირი მომსახურება და საუკეთესო შედეგი მიიღო, ვიდრე "იაფად გამოხვიდე" და შედეგი არ გქონდეს. დღეს პაციენტთა უმეტესობა მეტალოცირკონის კბილებს იმიტომ ითხოვს, რომ უფრო ახლოს არის ბუნებრივ კბილთან. აქციებზე მეტალოცირკონის კბილის ფასი 350 ლარია. მეტალოკერამიკის - 250 ლარი, მაგრამ ცირკონი ისე მიახლოებულია ბუნებრივ კბილთან, რომ მისი გარჩევა ყველას უჭირს. აქციის გარეშე მეტალოცირკონის ერთი კბილის ფასი 550 ლარია, მაგრამ სტომატოლოგიური კლინიკები პაციენტების მოსაზიდად ხანდახან ფასდაკლებას ან საბანკო მომსახურებას იყენებენ. ყველას შეუძლია სიმშვიდისა და ლამაზი ღიმილისათვის თანხა ბანკიდან ისესხოს.

- ლამაზი ღიმილი კარგია, თუმცა საბანკო ვალდებულება სიმშვიდეს ვერ მოგანიჭებს..

- ბანკიდან სესხის აღება­ უფრო მაშინ ხდება საჭირო, როდესაც პაციენტს კბილები­ თითქმის არა აქვს. ამ დროს ყბის ძვალში იმპლანტი ისმება და შემდეგ მასზე მაგრდება მეტალოკერამიკის ან მეტალოცირკონის­ კბილები. ინპლანტი თითქმის­ ყველა ძვალს ანაცვლებს,­ თანაც უვნებლად. იმპლანტის მინიმალური ფასია 750 ლარი, მასზე დასამაგრებელი კბილის ფასი კი 450 ლარია.

- ანუ ერთად 1200 ლარი? რამდენი იმპლანტი სჭირდება სრულიად უკბილო ადამიანს?

- ყველაზე მცირე, 8 იმპლანტი ორივე­ ყბაზე, თუმცა სრული უკბილობისას უკეთესია, თუ ორივე ყბაზე 12 იმპლანტი დამაგრდება. რა თქმა უნდა, 28 კბილთან ერთად.

- ანუ, თუ მხოლოდ 12 იმპლანტს 9.000 ლარი დასჭირდება, კბილებს კი 12.600, სულ 21.600 ლარია საჭირო! ასე შეიძლება კბილებისთვის სახლის გაყიდვა გახდეს აუცილებელი!

- ამ შემთხვევაში ზოგიერთი კბილი ნაწილობრივ ანაზღაურდება, რადგან ყველა მათგანი სრულყოფილი კონსტრუქციით აწყობას არ მოითხოვს... თუმცა, მაღალი­ ხარი­სხის იმპლანტების გამოყენებისას­ ფასი შეიძლება 21.600 ლარზე მეტიც იყოს.

უკვე 20 წლის ასაკში დღეს კლინიკებში­ უამრავი პაციენტი მოდის იმპლანტაციისთვის, 40 წლიდან კი ეს პროცედურა ჩვეულე­ბრივი ამბავია, რისი მიზეზიც ადრეულ ასაკში კბილების გაუფრთხილებლობაა, თუმცა ტრავმებიც ხშირად გვხვდება.

- ასაკოვნები ხშირად ითხოვენ ასეთ ძვირად ღირებულ მომსახურებას?

- ამას წინათ სწორედ ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა გაიკეთა მთლიანი იმპლანტაცია და ძალიან სასიამოვნო­ იყო მათი სიხარულის ცქერა.