პირველიც და... უკანასკნელიც - კვირის პალიტრა

პირველიც და... უკანასკნელიც

მე ის წლების წინ გავიცანი. დავითი რედაქციაში მესტუმრა. ძალიან აღელვებული იყო და დაწვრილებით მიამბო თავისი­ ოჯახური პრობლემების შესახებ. ისიც დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვამხელ­ ჩემს ვინაობას, ვინც მიცნობს, ყველა მიხვდება, რომ ამ ამბის მიღმა მე ვარო. მაშინ 43 წლის იყო. ისეთი ემოციებით მამოგზაურა თავის რთულ სასიყვარულო ლაბირინთებში, გაოცებული დავრჩი. წლების მერე კვლავ შემეხმიანა, ნერვიულობისა და ბარიერების გადალახვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდაო. ვაღიარებ, რომ მისი მსგავსი რესპონდენტი, ასეთი მართალი და ემოციური, არასოდეს მყოლია...

14 წლისანი იყვნენ, ისევ ბავშვური ცელქობითა და ონავრობით ჰქონდათ თავი გამოტენილი, როცა საკლასო­ ოთახის კარი გაიღო და დირექტორი ახალ მოსწავლეს შემოუძღვა... ის დღე იყო და ის დღე, დათოს გულში­ ჩაუვარდა გოგონა. ატყობდა,­ რომ სხვებსაც მოსწონდათ და მისი გულის­ მოგებას ცდილობდნენ. როცა უფრო დაუახლოვდა, მიხვდა, რომ ნინო სულიერადაც ძალიან ლამაზი იყო. წიგნების­ კითხვა უყვარდა და ხშირად თანა­კლასელებს აღფრთოვანებული­ უყვებოდა წაკითხულზე. დაფასთან რომ გაიძახებდნენ, ყველა მონუსხული შეჰყურებდა­. გოგონების შურიც იგრძნობოდა, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს ბედავდა. ნინოს არც თავისი გარეგნობა, არც ოჯახიშვილობა, არც მატერიალური მდგომარეობა და განა­თლება თავში­ ავარდნილი არ ჰქონდა.­ ხშირად,­ როცა ექსკურსია დაიგეგმებოდა და ფული იყო საჭირო, თუ შეატყობდა, რომ რომელიმე­ თანხის გამო იხევდა­ უკან, ვითომც აქ არაფერიაო, ეტყოდა, ჩემი ყულაბიდან ამოვიღე ფული და ძალიან მეწყინება, რომ არ გამომართვაო... სწორედ ამ თვისებების გამო ბევრს უყვარდა. დათო სხვებზე მეტად დაუახლოვდა გოგონას. მათ შორის ბავშვურად წრფელი სიმები გაიბა და ყველა ხვდებოდა, რომ ამ ურთი­ერთობას პირველი სიყვარული ერქვა, თუმცა ნინოს მიაჩნდა, რომ დათო მისი უახლოესი მეგობარი იყო. ხშირად გოგონებს ვერ უმხელდა იმას, რაზედაც დათოსთან დაუსრულებლად შეეძლო ლაპარაკი. ნინოს თაყვა­ნისმცემლებიც დათოსთან მიდიოდნენ და სთხოვდნენ, როგორმე გოგონასთან შეხვედრა გაეჩარხა. თავის თავზე ბრაზობდა დათო, რადგან ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. ბევრი ხვდებოდა, რა ცეცხლიც ეკიდა ბიჭს, მაგრამ რადგან თვითონ დუმდა, ისინიც არაფერს ეუბნებოდნენ. სიახლოვის მიუხედავად, ნინო დათოსთვის მიუწვდომელი იყო, მთავარი ბარიერი კი ის გახლდათ, რომ ნინოს სხვა მოსწონდა და ყოველ წვრილმანს დათოს უმხელდა...

სკოლა ისე დაამთავრეს, ბიჭი სიყვარ­ულში ვერ გამოუტყდა. ჯარიც მოიარა. რომ დაბრუნდა, მეორე დღესვე ნინო მოინახულა და მიხვდა, რომ შანსი, რომელსაც მისთვის ბედნიერება უნდა მოეტანა, საბოლოოდ დაკარგა. გოგონამ ახარა, მალე ქორწილი მექნება, ჩემს საქმროს ამ დღეებში გაგაცნობო... იმ დღეს, როცა ნინოს საქმრო უნდა გაეცნო, დათო საერთოდ გაეცალა ქალაქს. არც ქორწილში მივიდა. ჯარის მეგობარი ჰყავდა, თუში ბერდო­ და იმასთან ერთად ცხვარში წავიდა...

რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა და ცხოვრების დინებას მიჰყვა. ქალებიც ჰყავდა: ერთი, მეორე, მესამე... მერე მიხვდა, ვაჟკაცობა ის კი არ იყო, იმ ერთის ჯიბრით­ სიამოვნება არ მოეკლო, არამედ იმ ერთის სიყვარული ფაქიზად შეენახა გულის კუნჭუ­ლში და სწორად­ ეცხოვრა. ისწავლა, კარგი სამსახურიც იშოვა და ცხოვრება გააგრძელა. მშობლები ნერვიულობდნენ, დაოჯახებას არ ჩქარობსო, ამიტომ ხან ვის ურჩევდნენ, ხან - ვის... დათო უარს ამბობდა, დამაცადეთ, ჩემი საქმისა მე ვიციო. ზოგჯერ, როცა კლასელები იკრიბებოდნენ, გულის ფანცქალით ელოდა ნინოს, მაგრამ გოგონამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა მეგობრებთან მისვლა სკოლის დამთავრების ათი წლის აღსანიშნავ ბანკეტზე. მაშინ სევდიანი,­ გულჩათხრობილი ეჩვენა დათოს. ჰკითხა კიდეც, ხომ ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მუდამ გულახდილმა გოგომ პირში­ წყალი ჩაიგუბა. მოგვიანებით ნინოს მეგობრისგან გაიგო, რომ მისი საყვარელი ადამიანი მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო და საოცრად დასწყდა გული... რამდენჯერ უოცნებია ნინოზე, წარმოიდგენდა, ვითომ მისი ქმარი იყო, ჰყავდათ შვილები და კლასელებიც ხშირად სტუმრობდნენ ბედნიერ წყვილს... როცა სამეგობროში სიტყვა სიყვარულზე­ ჩამოვარდებოდა, დათო აღარ მალავდა, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და მერე მის ირგვლივ­ ტრიალებს სხვა დანარჩენიო... ასეც იყო. იმდენ კარგ გოგოს მოსწონდა, მაგრამ დათოს გულის კარი ვერავინ შეაღო... ბოლოს,­ როცა მშობლების ნერვიულობამ პიკს მიაღწია, მიხვდა, მათი სურვილებისთვის ანგარიში უნდა გაეწია. უკვე 42 წლის იყო, ამიტომ ცხოვრების მეგზური სხვაგან უნდა აერჩია და აირჩა კიდეც...

ლია მისი სიძის დეიდაშვილი იყო. და­უახ­ლოვდა, მოეწონა და გადაწყვიტა, ცოლად შევირთავო. უზომოდ გაიხარეს ახლ­ობლებმა და ქორწილისთვის მზადება დაიწყეს. ქორწილის მერე ბალტიისპირეთში­ აპირებდნენ თაფლობის თვის გატარებას. ყველაფერი დაგეგმილი და თითქოს საათივით აწყობილი ჰქონდათ, მაგრამ გაუთვალისწინებელმა და წარმოუდგენელმა სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა...

ქორწილამდე ორი კვირა რჩებოდა. ყოველ­ საღამოს ხან სად მიდიოდა წყვილი­, ხან - სად... ერთ საღამოს დათოს კლასელმა, მეჯვარედ არჩეულმა ირაკლიმ დაურეკა,­ იცოდე, არსად დაგეგმოთ წასვლა,­ ჩემთან მოდიხართ წყნეთში, სიურპრიზი გელოდებაო. საღამოს წყვილი წყნეთის გზას დაადგა, სიურპრიზი კი დიდი ხნის უნახავი­ კლასელები აღმოჩნდნენ, მათ შორის - ნინოც. ყველამ ძალიან გაიხარა ერთმანეთის­ ნახვით. იხსენებდნენ სკოლას, მასწავლებლებს, კურიოზებს... ნინოც მხიარულობდა, მაგრამ თვალებში ჩამდგარი სევდა სხვას ამბობდა. იმ საღამოს პირისპირ­ დალაპარაკება ვერ მოახერხა. მეორე დღეს "ნამცეცობა" გაგრძელდა, ამჯერად უფრო ვიწრო წრეში. ნინო კვლავ მივიდა მეგობრებთან და თავისი საწუხარიც ამოთქვა - ქმარი, რომელიც დიდი ხანია წამალდამო­კიდებულია, საყვარელთან ერთად ამერიკაში­ გაიქცა და ერთი წელია, მის შესახებ არაფერი ვიციო... რაღა დაგიმა­ლოთ და ამოვისუნთქე, ნეტავ, ადრე წასულიყო ან მე თავად გადამეწყვიტა და გავშორებოდიო... ეს თქვა და სხვა თემაზე­ გადაერთო. რადგან მეგობრებს თავისი სადარდებელი გაუმხილა, თითქოს­ ტვირთი მოიშორა და გახალისდა, დათოს კი გონება­ აერია. გოგონა­, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, ახლა თავისუფალი იყო. მერე რა, რომ ორი ბავშვით და პრობლემებით "დახუნძლული", მთავარია, რომ მარტო იყო და ახლა ყველაზე­ მეტად ერთგული­ ადამიანის გვერდით დგომა სჭირდებოდა... ძილი გაუკრთა, თეთრად ათენდებოდა... ბოლოს გაბედა და შეეხმიანა ნინოს, შეხვედრა სთხოვა... შეხვდა და პირველი დღიდან მოყოლებული,­ რასაც განიცდიდა, ყველაფერი უამბო, მერე კი განაჩენივით დაელოდა ნინოს რეაქციას. ნინო გაოგნებული უყურებდა ბავშვობის მეგობარს და არ იცოდა, რა ეთქვა. დათომ პირდაპირ უთხრა საოცნებო ქალს, რომ მზად იყო, ქორწილი ჩაეშალა და ის მოეყვანა ცოლად... ვერ გეტყვით, რამ უბიძგა ნინოს, რომ დათოსთვის თანხმობა ეთქვა. იქნებ ეს იმ ლაღი ბავშვობის დამსახურება იყო, ან იქნებ ქმართან გატარებულმა რთულმა წლებმა გადააწყვეტინა, ბედნიერებისთვის ებრძოლა...

რაღა ბევრი გავაგრძელოთ - გვიან, მაგრამ მაინც ფრთა შეესხა დათოს ოცნებას. ჯერ ლიას უთხრა, რასაც აპირებდა, მერე - დას, სიძეს და მშობლებს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა ამის შემდეგ? დიახ, ქარბორბალა დატრიალდა. ლიას გული ეტკინა, მაგრამ ყველაზე ადეკვატურად მაინც ის შეხვდა დათოს გადაწყვეტილებას. სიძემ­ ფიზიკურად შეხება ვერ გაბედა, მაგრამ სიტყვით არაფერი დააკლო და ბოლოს უთხრა, არ მეგონა, ასე არაკაცურად­ თუ მოიქცეოდიო. მშობლებმა­ შვილს კატეგორიულად განუცხადეს, ორშვილიან ქალს ოჯახში რძლად არ შემოვიყვანთო. დათომ ბინა იქირავა (სწორედ ამ რთულ პერიოდში მესტუმრა ის რედაქციაში)...

ამ ორომტრიალის შემდეგ 15 წელი გავიდა. დღეს დავითს და ნინოს სანიმუშო ოჯახი აქვთ. ჰყავთ ორი საერთო შვილი - მარი და ლუკა (სკოლის მოსწავლეები). ნინოს ერთი შვილი გერმანიაში ცხოვრობს­ და მუშაობს, მეორე კი თბილისშია და წარმატებით ამთავრებს სამედიცინო უნივერსიტეტს. რაც შეეხება ახლობლებს - მშობლებიც, დაც და სიძეც დარწმუნდნენ, რომ ის დიდი სიყვარული, რომელსაც დათო ბავშვობიდან გულით დაატარებდა, ვერაფერმა გაანელა. ყველამ დაინახა, რომ მხოლოდ ნინოს გვერდით შეეძლო მას ბედნიერი ყოფილიყო. დაინახეს და დანებდნენ. დავითი კი თავისი ჩვეული გულწრფელობით აცხადებს, ჩემთვის ეს გრძნობა პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდაო.