"ვამბობდით, შევარდნაძის ქვეყნიდან ვართო და ყველა აღფრთოვანებული იყო"
მის წინაშე ქედს იხრიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურები, მის ხელოვნებას ეთაყვანებოდნენ, ესტრადის მსახიობებს შორის პირველმა მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ დღეს მოსკოვთან აღარაფერი აკავშირებს და არც ენატრება. ამბობს, რომ ვერ გაძლებს იქ, სადაც სიყვარული არ იქნება, მუდმივად ცხოვრება კი თბილისის გარდა ვერსად წარმოუდგენია... ქართული სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე გვესაუბრა, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი მოსაგონარი და დიდი ტკივილი დღეს...
- ქალბატონო ნანი, მსოფლიო მედიის ყურადღება ლონდონისკენ არის მიპყრობილი - გარდაიცვალა ინგლისის დედოფალი... თქვენ გიმღერიათ კონცერტებზე, რომელთაც მთავრობის მეთაურები, მონარქები ესწრებოდნენ...
- არასოდეს მიმღერია იმ კონცერტზე, რომელსაც ინგლისის დედოფალი ესწრებოდა. ლონდონში გვქონია კონცერტები, მაგრამ უმეტესად რადიოს მეშვეობით. უფრო პარიზში გვიწევდა გამოსვლა და დარბაზებში აუარებელი მაყურებელი იყო.
- ახლახან გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, რომ ქართველ ხელოვანთაგან ის ყველაზე მეტად თქვენ გაფასებდათ...
- დიახ... მახსოვს, მე და მედეა გონგლიაშვილი არგენტინაში ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან რუსეთის სახელით გვიშვებდნენ, სულ ვამბობდით, რომ ქართველები ვიყავით. სამწუხაროდ, არგენტინაში წარმოდგენა არ ჰქონდათ საქართველოზე. გორბაჩოვს იცნობდნენ და მას "გარბის" ეძახდნენ, ამიტომ ვუთხარით, "გარბის~ გვერდით რომ შევარდნაძეა, მისი ქვეყნიდან ვართო. უნდა გენახათ, როგორ აღფრთოვანდნენ!.. გერმანიაში ჩვენზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, მაგრამ ვერ დაასრულეს. იქაც ვამბობდით, შევარდნაძის ქვეყნიდან ვართო და ყველა აღფრთოვანებული იყო - ბერლინის კედლის დანგრევის გამო მას უზომოდ ემადლიერებოდნენ.
ჩემი შემოქმედებით უფრო გორბაჩოვის ცოლი იყო მოხიბლული, მიხეილ გორბაჩოვი კი მეუღლის აზრს დიდ პატივს სცემდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება 1983 წელს, სწორედ გორბაჩოვის მმართველობის დროს მივიღე. მაშინ ესტრადის არტისტებს შორის პირველი ვიყავი ამ წოდებით. ჯერ არც იოსებ კობზონს ჰქონდა ეს წოდება, არც - ალა პუგაჩოვას... წარმოდგენაც არ მქონდა, ჩემს თავს რა ხდებოდა. ვფიქრობდი, სიხარულით გული არ გამისკდეს-მეთქი. რაისა გორბაჩოვა ჩემს კონცერტებს ხშირად ვერ ესწრებოდა, მაგრამ ვიცი, რომ სიმღერებს ყოველთვის უსმენდა. ბიჭვინთაში ზაფხულობით კონცერტები იმართებოდა და რუსეთიდან მთელი საბჭოთა მთავრობა ჩამოდიოდა. მათი დასასვენებელი ადგილი იქ იყო და ჩემს კონცერტებზეც მოდიოდნენ...
მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, არანაირი ურთიერთობა მთავრობის წარმომადგენლებთან არ მქონდა და არც პოლიტიკა მაინტერესებდა. მათ თავიანთი საქმე ჰქონდათ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩემი ნამღერი მოსწონდათ, კონცერტებზე თვითონ მოდიოდნენ - მე ხომ არ ვპატიჟებდი?!. ღონისძიებები ღია ცის ქვეშ იმართებოდა, ირგვლივ ენით აუწერელი სილამაზე იყო, ჯანო კახიძე მართავდა სიმფონიური მუსიკის კონცერტებს... ღმერთო, რა დრო იყო!..
ერთხელ ბრეჟნევი და საბჭოთა ქვეყნების ცკ-ს მდივნები იყვნენ თბილისში ჩამოსული. მაშინ ვასილ მჟავანაძე იყო ჩვენი ქვეყნის პირველი პირი... ძალიან დიდი სამთავრობო ბანკეტი იყო. მიწვეული ვიყავით მე და ჩემი დეიდაშვილები - ცისანა და ივიკო საყვარელიძეები. ბრეჟნევს განსაკუთრებულად რომანსები უყვარდა და, მოგეხსენებათ, მე და მთელი ჩემი ოჯახი რომანსებს ვმღეროდით. ეს ჩვენი ტრადიცია იყო. ბებია დიდებული ოჯახიშვილი, თავადის ქალი გახლდათ, წულუკიძეების შტოს წარმომადგენელი, რომელსაც მე-19 საუკუნის ბოლოს თავისი სალონი ჰქონდა. წიგნიც მაქვს წინაპრებზე დაწერილი... წულუკიძეებს თავიანთი ციხესიმაგრეც ჰქონდათ... ასეთი გვარის ქალი მიქელაძეზე გათხოვდა. ახლა ვიღას აინტერესებს, მაგრამ საოცარი სისხლი ჰქონდათ - ბებიას დედა ლორთქიფანიძე ჰყავდა და მათი გვარის გერბიც მქონდა კედელზე დაკიდებული, მაგრამ ბავშვებმა სადღაც გადამიგდეს. ევგენი მიქელაძე ჩვენი სისხლი და ხორცია. სიმღერის ნიჭი მიქელაძეების ყველა გოგოს გამოჰყვა. დეიდაჩემები საოცრად მღეროდნენ. მუსიკალური განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ შინაგანად გრძნობდნენ, როგორ უნდა ემღერათ. მე მუსიკალური განათლება მივიღე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივად კი მომცა ღმერთმა ის, რაც იშვიათია - სიღრმე და აზროვნება, თუმცა ახალგაზრდა რომ ხარ, რომანსს ისე ვერ იმღერებ, როგორც მერე. წლები რომ გადის, უფრო გრძნობ... ჩემს ძველ ჩანაწერებს რომ ვუსმენ, ხმა კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს. 50 წლის რომ გავხდი, მერე უკეთესად ვმღეროდი და რუსეთშიც კი აღნიშნეს ეს... ხელოვნებაში ყველაფერი უნდა განავითარო. შეიძლება ხმა ისეთი აღარ გქონდეს, მაგრამ ისე შეასრულო, მსმენელს გააჟრიალოს... ახლაც სულ ვმღერი. ცუდად რომ ვარ, მაშინაც. სიმღერა ჩემი სიცოცხლის წყაროა. პანდემიის პერიოდშიც ძალიან დამეხმარა.
- ისევ მთავრობის მეთაურებზე საუბარს დავუბრუნდეთ... ცნობილია, რომ უდიდეს პატივს გცემდათ ბორის ელცინიც...
- როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო, 70-ე წლისთავი აღნიშნეს და მსოფლიოს დიდ მუსიკოსებთან ერთად მეც მიმიწვიეს. მოსკოვში საოცარი კონცერტი გაიმართა. იქ იყვნენ კლინტონი, დანიის დედოფალი და სხვები - ბრწყინვალე საზოგადოება... კიდევ ერთი ძალიან დიდი სამთავრობო კონცერტი მახსოვს. ელცინი წინ იჯდა. რომ შევხედე, ხელით მანიშნა, აქ ვარო... როცა პრეზიდენტი აღარ იყო, ერთ ძალიან ცნობილ ოჯახში შევხვდით ერთმანეთს. მეუღლესთან ერთად იყო და ორივე ძალიან თბილად შემხვდა. ელცინის ცოლსაც განსაკუთრებულად ვუყვარდი.
- ქედს გიხრიდნენ მთავრობის მეთაურები, ასეთი აღიარება გქონდათ... დღეს რუსეთი, მოსკოვი არ გენატრებათ?
- ქალაქი მაშინ გიყვარდება, როდესაც იქ შენთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ. მაშინ მართლაც არაჩვეულებრივი საზოგადოება იყო, მაგრამ იქ ვერ გავძლებ, სადაც სიყვარული არ იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ახლაც არ მიხარია ჩემ მიმართ ადამიანების სიყვარული. მიკვირს, თუნდაც რუსეთიდან ჩამოსულები რომ სიყვარულს გამოხატავენ. ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან დიდი ხანი გავიდა და ხალხს რომ ვახსოვარ, ძალიან სასიამოვნოა.
ჩვენ მთავრობის მეთაურებზე ვსაუბრობდით, მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები არიან და არამარტო პოლიტიკოსები?! მათი მადლიერი ვარ, პატივს ვცემ, თუმცა მეტი სიახლოვე არასოდეს მსურდა. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი არსებობდეს.
- არაერთხელ გითქვამთ, რომ თბილისის გარდა ვერსად იცხოვრებთ...
- თბილისის გარეშე ვერაფრით გავძლებ... ჩემი საქართველო ჩემია და ამაზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ მეგულება! ცოტა ხნის წინ ზალცბურგში ვიყავი, მაგრამ იქაური სილამაზე ოდნავაც არ მაკვირვებს. უბრალოდ, იქ ყველაფერი ძალიან მოვლილია. იქ სამსართულიან სახლზე მეტს ვერ ნახავ და აქ ბაკურიანი როგორ გამიფუჭეს! ლამის სულ ოცსართულიანი სახლებია და რომ ვხედავ, გული მისკდება. აი, ეს არის ჩემი ძალიან დიდი დარდი!
ქვეყანა მიყვარს, ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე! ასეთი სოფლები გვაქვს და გული მწყდება, რომ იცლება. ასეთ სოფლებს როგორ უნდა უღალატო და საცხოვრებლად სხვაგან წახვიდე, სადღაც ბეტონის ჯუნგლებში?! თბილისი ისეა შეცვლილი მახინჯი შენობებით, გარეთ ვეღარ გავდივარ.
თბილისთან ახლოს, სოფელ წვერში, სახლი გვაქვს, სადაც არანაირი პირობები არ არის - არც წყალია, არც გაზი, არც შუქი, არც გზა, თუმცა ისეთი სილამაზე და სიწყნარეა, იმით ვსულდგმულობთ. დასალევი წყალიც კი თბილისიდან აგვაქვს, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.
- ცოტა ხნის წინ თქვენი აუზზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია... როგორ ახერხებთ, ასე საოცრად გამოიყურებოდეთ?
- არ ვიცი, ჩემო საყვარელო... არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები... ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას~ კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი. უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება!