"თბილისი ხომ არ იყო განკუთვნილი ამ კაფე-ბარებისა და მასაჟის სალონებისთვის?! ეს ქალაქი ინტელიგენციის საცხოვრებელ ადგილად მოიაზრებოდა" - კვირის პალიტრა

"თბილისი ხომ არ იყო განკუთვნილი ამ კაფე-ბარებისა და მასაჟის სალონებისთვის?! ეს ქალაქი ინტელიგენციის საცხოვრებელ ადგილად მოიაზრებოდა"

ხელოვნების თაყვანისმცემლების ოჯახში­ დაიბადა. არ ახსოვს, როდის დაიწყო ხატვა, თუმცა დედის შენახული ნახატებიდან დაასკვნა, რომ 3-4 წლისა უკვე ხატავდა. ამბობს, რომ სამხატვრო გალერეად გადაქცეული მშობლიური სახლიდან გამოყოლილი­ ტკბილი მოგონებები დღემდე ათბობს, აძლიერებს. სიყვარულით იხსენებს ბაბუის უმცროს ძმას, ავთო ვარაზს, რომელიც ყოველი სტუმრობისას კარამელს ჩუქნიდა და ეკითხებოდა: "რა დაგიხატო?"... შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, სიცივე, უშუქობა, გაყინული აუდიტორიები, ბოლოს კი აღიარება და ხალხის სიყვარული. პროფესიით კოსტიუმის მხატვარმა სოფო ვარაზმა სამყაროს ორი ნაწილის - შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც აზიის, ასევე რენესანსის ეპოქის ჰარმონიული სინთეზით უამრავი ნამუშევარი შექმნა და ხელოვნების მოყვარულთა გულები სამუდამოდ დაიპყრო. როგორც ამბობს, ხიდივით გრძნობს თავს აზიასა და ევროპას შორის, ყველა ნახატის მიღმა კი დგას ამბავი, მოთხრობა, სიუჟეტი მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით. მონაწილეობდა ინგლისის, ირანისა და საქართველოს ერთობლივ პროექტში და დაასურათა სპარსული და შუა საუკუნეების პოეზიის კრებული "აღმოსავლეთის ხიბლი", ასევე შექმნა ვარიაციები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორი ახლა კახეთის მთებში ჩაკარგულ ულამაზეს სოფელ ვერონაში ცხოვრობს და ბუნების საოცრებებით ტკბება. საკუთარ შემოქმედებაზე, პროფესიულ არჩევანზე, სოფლად გადასახლების მიზეზებსა და ბევრ სხვა საინტერესო ამბავზე სოფიო ვარაზი­ თავად გვიამბობს:

- მშობლები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ მეხატა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხატავდა, მათ ტრადიციულ-დინასტიურად სამედიცინო სფერო არჩიეს. მე კი რატომღაც, არ გამიმეტეს ექიმობისთვის და გავუყევი ჩემს მხატვრულ გზას... ადრეული წლები გავატარე ხელოვან ხალხთან ურთიერთობაში და მათ დიდი როლი შეასრულეს ჩემი სულიერი სამყაროს ფორმირებაში. და მაინც, ერთ მომენტს გამოვყოფდი, რომელმაც შესაძლოა მიბიძგა იმ სტილის განვითარებისკენ, რომელიც ახლა მაქვს. როგორც წესი, ბავშვობაში ფანქრებით ან ფლომასტერებით ვხატავდი. ერთხელ სტუმრად გვეწვია მამაჩემის მეგობარი, სხვადასხვა სფეროში ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ასეთი ადამიანები რენესანსის ეპოქაში თუ იბადებოდნენ. იმ პერიოდში ბერძნული მითოლოგიით ვიყავი გატაცებული, ვიქნებოდი დაახლოებით 9 წლის. სასტუმრო ოთახში ვიჯექი და ვხატავდი ჩემთვის, ჩუმად. მან დახედა ჩემს ნახატს და მკითხა, ტუშით და კალმით ხომ არ გიცდიაო? ვუპასუხე, რომ არასოდეს მქონია არც ტუში და არც კალამი. ცოტა ხანში ორივე მაჩუქა და დღემდე მახსოვს ის აღფრთოვანება, რომელიც განვიცადე ამ მასალით ხატვისას. თურმე რა დახვეწილი და ჰაეროვანი ხაზების შექმნა შეიძლებოდა კალმით, მე კი არ ვიცოდი! ამის მერე ტუში და კალამი გახდა ჩემი მთავარი ხელსაწყო.

- ნათქვამი გაქვთ და თქვენს ნამუშევრებშიც იგრძნობა აღმოსავლური სამყაროსკენ ლტოლვა. რას უკავშირდება ასეთი სიყვარული?

- ევროპაზე ბევრად ადრე აღმოსავლეთი იყო კულტურის უდიდესი და უმთავრესი კერა, სადაც ყვაოდა მეცნიერება და ხელოვნება, იწერებოდა პოეტური შედევრები, იქმნებოდა ფუფუნების საგნები, აარსებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს... ეს ყველაფერი მაშინ ძალიან აკლდა ევროპას, რომელმაც ეს დანაკლისი ჯვაროსნული ლაშქრობების ხანაში შეავსო და დაიწყო ამ სიბრძნისა და სილამაზის გავრცელება. სილამაზე და სინატიფე, ღრმა სიბრძნე, რომელიც სახვით ხელოვნებაშიც კი გამოსჭვივის - ალბათ, ეს არის ის, რამაც ასე შემაყვარა ეს მხარე. ეზოთერიკულად თუ ვიტყვით, ალბათ, წინა ინკარნაციაში რომელიმე აღმოსავლური ქვეყნის მკვიდრი ვიყავი და ეს ჩემს ნახატებშიც კარგად ჩანს.

- როგორია დღეს სამყარო?

- დაუნდობელი, სიცრუეში გახვეული.­ ადამიანი ძალიან გახდა დამოკიდებული ციფრულ მოწყობილობებზე და ნელ-ნელა კარგავს "მეს". ეს ტენდენცია საშიში მგონია...

- სოფლად რატომ გადასახლდით?

- შვილის დაბადების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სოფელში გადასახლება იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე სოფლად ცხოვრება მომინდებოდა. წარმოუდგენელიც კი იყო ქალაქის გარეშე ყოფა, ვინაიდან ყოველთვის დიდ მეგაპოლისებში ვცხოვრობდი. ერთ-ერთი სიდნეი იყო, სადაც 24 საათის განმავლობაში სიცოცხლე ჩქეფს. მეც ამ გლამურულ ყოფაში ვიყავი ჩართული. ბოჰემურად ვცხოვრობდი, როგორც მხატვარს "შეეფერება", რაც საოცრად ბანალური სტერეოტიპია. ჩემი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი ბერეტი გეხუროს, კაშნე გეკეთოს, გამთენიისას იძინებდე, მთელი ღამე სვამდე აბსენტს და ნამწვით ხატავდე პაპიროსის კოლოფის ნაგლეჯზე, ვინაიდან ხატვის დაუოკებელი წყურვილი გკლავს. ყველაფერი ეს კლიშეებად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხატვარი მართლაც ასე ცხოვრობდა (და ცუდად ამთავრებდა) და ცხოვრობს. იმის თქმა მინდა, რომ ერთ დღეს ეს ქალაქურ-ბოჰემური ცხოვრება ძალიან მოსაბეზრებელი, დამღლელი მომეჩვენა და გავიაზრე, რომ სიმშვიდე, ბუნებასთან სიახლოვე მჭირდება. სოფელში გადასვლა ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი ცხოვრებისეული ტრანსფორმაციაა.

ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქში ყოფნა აუტანელი ხდებოდა, სოლო­ლაკი აღარ იყო ძველებურად მყუდრო და მშვიდი უბანი. გაუსაძლისი ხმაური, მანქანების რაოდენობის კატასტროფული ზრდა, ძირძველი მოსახლეობისგან დაცლა - ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია. პეროვსკაიას ქუჩა, სადაც დავიბადე და გავიზარდე,­ დრამატულად შეიცვალა და რომელიღაც დიდი ქალაქის გასართობი ქუჩის კარიკატურას დაემსგავსა. თბილისი ხომ არ იყო განკუთვნილი ამ კაფე-ბარებისა და მასაჟის სალონებისთვის?! ეს ქალაქი ინტელიგენციის საცხოვრებელ ადგილად მოიაზრებოდა. თითქმის­ ყველა სადარბაზოს უნიკალური კარი მოიხსნა­ და განადგურდა. არადა, ესეც ქალაქის ისტორია და სიმდიდრე იყო... მოკლედ, აღარაფერი მაგონებდა იმ ქალაქს, სადაც კომფორტულად ვგრძნობდი­ თავს. მომინდა ბუნებასთან სიახლოვე და სიჩუმე - ბანალური სიჩუმე. რაღაც მომენტში ამ ჩემი ოცნების ასრულების ფაზა დადგა. ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, ერთმა ქირომანტმა ქალმა ხელზე მიმკით­ხავა და მითხრა, რომ საკუთარ სახლში ვიცხოვრებდი და ეს სახლი ქალაქში არ იქნებოდა. ამან ძალიან გამაკვირვა, მაშინ აზრადაც არ მომსვლია ქალაქის დატოვება, მაგრამ... ფაქტია, მისი წინასწარმეტყველება ახდა. რამდენიმე ერთმანეთზე გადაბმული მისტიკური დამთხვევის შემდეგ მე სოფელ ვერონაში, გომბორზე აღმოვჩნდი...

verona2-1663519358.jpg

- რა შეგიძლიათ გვიამბოთ ვერონაზე, ამ სოფლის უცნაურ სახელწოდებაზე?

- ვერონა ერთი პატარა სოფელია, სულ 19-20 კომლით, სადაც ხევსურები ცხოვრობენ, რომლებიც თავის დროზე აქ ვერან ადგილზე დასახლებულან და სოფელსაც ვერანა დაარქვეს. აქვე, მთაზე, მე-5 საუკუნის დროინდელი ვერენის ციხის ნანგრევებია, უკვე ტყით დაფარული. არსებობს ლეგენდა, თუ როგორ გადაკეთდა ვერენა ვერონად. ორ ხევსურ ახალგაზრდას ერთმანეთი­ შეუყვარდა, მაგრამ ქალ-ვაჟის ოჯახებს შორის შუღლი იყო. ვაჟმა შეყვარებული მოიტაცა და თავი შეაფარა იმ ადგილს, რომელსაც ახლა ვერონა ჰქვია. თურმე ვერენის ციხეში­ იმალებოდნენ. ბევრი თავგადასავლის შემდეგ, შექსპირის გმირებისგან განსხვავებით, ეს ამბავი ბედნიერად დასრულდა და ისინი დაოჯახდნენ. ესეც კახეთის ვერონას ამბავი.

- ქალაქში ცხოვრება არ გენატრებათ?

- მონატრებასაც ვერ ვასწრებ, ისე ხშირად მიწევს თბილისში ჩამოსვლა, გაუთავებელ საცობებში დგომა,­ გამონაბოლქვის სუნთქვა და საერთო ჯამში დროის კარგვა. არა, არ მენატრება. პირიქით, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები უკან. მე მხოლოდ ჩემი ბავშვობის თბილისი მენატრება.

- მიმდევრებიც ხომ არ გამოგიჩნდათ?

- კი, რამდენიმე ახლობელმა შეიძინა ვერონაში ნაკვეთი, მაგრამ აქ დასახლებას­ ჯერ არ ჩქარობენ. ზოგს სამსახური აბრკოლებს. ტრანსპორტი რეგულარულად რომ დადიოდეს, ალბათ, ბევრს ექნებოდა აქ ცხოვრების სურვილი. აქ, გომბორის ტრასაზე, ბევრი გადახურული გაჩერებაა, ტრანსპორტი კი არ დადის. ვისთვის აშენებენ ამ გაჩერებებს გაუგებარია. სამარშრუტო ტაქსიც იშვიათად დადის...

- რა არის ვერონაში გასაკეთებელი?

- გზა! ეს არის უმთავრესი პრობლემა. უკვე მესამე წელია განცხადება გვაქვს შეტანილი საგარეჯოს მერიაში და არაფერი კეთდება. მარტში დიდი თოვლი რომ მოვიდა, ჩაიკეტა გზა, საშიში სიტუაცია შეიქმნა, პატრონი კი არსად ჩანდა. რომელი ახალგაზრდა მოისურვებს ასეთ სოფელში ცხოვრებას? ვისაც შეუძლია, ყველა გარბის. ინტერნეტიც მხოლოდ საჰაერო გვაქვს. რაღაც პროგრამით ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანა დაიგეგმა, დაიწყეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ სოფლებს გვერდი აუარეს და მხოლოდ თელავში გააკეთეს.

- თქვენს შემოქმედებით განწყობაზე როგორ მოქმედებს ასეთ გარემოში ცხოვრება?

- ეს გარემო ერთგვარ ფილოსოფიურ განწყობას მიქმნის. შემიძლია დიდხანს ვიჯდე ვერანდაზე და უბრალოდ ვუყურო მთას ან ქორის ფრენას, ან ყვავილებს და ვუსმენდე სიჩუმეს, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა სიჩუმე და სავსეა ჩიტების ჭიკჭიკით, მწერების ბზუილით, საქონლის ზანზალაკების ხმით, მწყემსების შეძახილებით და ფოთლების შრიალით. დღეები მშვიდად მიედინება, ბევრს ვკითხულობ ხატვისაგან თავისუფალ დროს, ვუსმენ მუსიკას - ეს ძალიან მაკლდა თბილისში... დილით ადრე ვდგები, აქ ადრე ადგომაც გიხარია. რადგან სოფელში გაზრდილი არა ვარ, ბევრი რამის გაკეთება არ ვიცი, მაგალითად, არ ვიცი ძროხის მოწველა, ბოსტნის მოვლა... ამიტომ მშვიდად ვაკეთებ იმას, რაც ვიცი. მე მხოლოდ გარემო შევიცვალე და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა... ბევრი ქალაქგარეთ ცხოვრობს, საკმაოდ შორს საქმიანი ცენტრისგან. საერთოდ, ეს მსოფლიო ტრენდია - ვისაც აქვს შესაძლებლობა, საცხოვრებლად პროვინციაში გადადის. ბევრი ჩემი უცხოელი მეგობარი ასე მოიქცა და ახლა ერთმანეთს სოფლად ცხოვრების გამოცდილებას ვუზიარებთ.

ხათუნა ბახტურიძე