ვინ მოიშორებს პუტინს?! - კვირის პალიტრა

ვინ მოიშორებს პუტინს?!

მიუხედავად უკრაინის ომში ბოლოდროინდელი დიდი მარცხისა და პუტინის მოკავშირეების აშკარა წინააღმდეგობისა, როდესაც აზიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი­ ერთმანეთის მიყოლებით შეხვედრაზე ალოდინეს, რაც დიპლომატიური პროტოკოლით მკაფიო ჟესტია, ის მაინც იმუქრება და თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა. პუტინმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცი­ის სამიტის შემდეგ თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევასა და რუსულ ჯარებზე შემდგომ ზეწოლას "კიევისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება". ის კვლავ იმეორებს, რომ უკრაინაში­ შეჭრა უალტერნატივო­ იყო, რათა ჩაეფუშათ დასავლეთის ცდა რუსეთის დაშლისა, რომ მოსკოვი უკრაინაში არ ჩქარობს­ და მისი მიზანი უცვლელია. არადა, რუსეთში დიდი უკმაყოფილებაა, რომ მათმა ბელადმა უკრაინა ვერ დაიპყრო. რუსები ამას ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნევენ მაშინ, როცა არც უფლებები გააჩნიათ და რესურსების მიუხედავად, არც ეკონომიკა. პუტინის მარცხით არა მარტო მოსახლეობაა უკმაყოფილო, არამედ დეპუტატების ნაწილმაც კი გაბედა პროტესტის გამოხატვა. ასევე გავრცელდა ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პუტინს თავს დაესხნენ. ასე რომ, რუსეთში ბევრი წინა პირობაა საიმისოდ, პუტინი თავიდან მოიშორონ. ცხადია, იმაზეც ბევრი რამ იქნება­ დამოკიდებული, სადავეს ვინ აიღებს ხელში - სხვების დაპყრობის იდეით შეპყრობილი მასა, რაც ომზე აქცენტის გაძლიერებას ნიშნავს, თუ საკუთარი სიმდიდრის გადარჩენის მოსურნე ჯგუფი. რომელი სცენარია სავარაუდო და რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე ესაუბრა.

- პუტინზე თავდასხმის ამბავი ჯერ არ დადასტურებულა. იყო ცნობები, მაგრამ მათ სანდოობას ვერ დავადასტურებთ.­ თუმცა რა მდგომარეობაშიც პუტინმა თავისი ქვეყანა ჩააყენა, წესით, ნებისმიერ პატრიოტ რუსს უნდა უჩენდეს ამის სურვილს. მან ძალაუფლების სრული მონოპო­ლიზაცია მოახდინა, რაც გამოიყენა­ არა ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი და თავისი უახლოესი წრის გამდიდრებისთვის. რუსეთს დღეს მილიარდერები მართავენ მაშინ, როცა ის ერთ-ერთი ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა. არადა, ყველაფერი აქვს, რომ ყველაზე მდიდარი იყოს... ბოლო წლებში­ პუტინმა რუსეთის სიდიადის აღდგენის პროექტით ღრმად კორუმპირებული სისტემის დაფარვა მოინდომა და ამით ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის შედეგები ჯერ კარგად არ ჩანს, მაგრამ უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ჩამოჭრილია მსოფლიო ეკონომიკისგან. ის უფრო მეტად იზოლირებული იქნება ცივილიზებული სამყაროსგან, ვიდრე იყო საბჭოთა დროს, და საერთოდ, ოდესმე თავის არსებობის ისტორიაში. უკვე არის ეკონომიკური რეცესიის ნიშნები, პირველად რუსეთის ისტორიაში ენერგომატარებლების ფასები უმაღლეს ნიშნულზეა.­ მთავარი შემოსავალი, ნავთობისა და გაზისგან, ისევ აქვს, მაგრამ დანარჩენი ეკონომიკა­ პრაქტიკულად ჩერდება. ამას ემატება ფრონტის ხაზზე მარცხი. თYუმცა, ვიხილავთ თუ არა პროტესტს, ძნელი სათქმელია, რადგან ერთ-ერთი პირველი, რაც პუტინმა გააკეთა, იყო განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის მოსპობა. ამასთან, რუსეთის ისტორიის მახასიათებელია ის, რომ რუსი ხალხი შეიძლება შეეგუოს უუფლებობას, სიდუხჭირეს, მაგრამ არ უყვარს, როცა მისი მმართველები მარცხდებიან...

- პუტინს აქვს რესურსი, რომ უკრაინაში მარცხი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს, ან მობილიზაცია გამოაცხადოს, რათა მოსახლეობის მხარდაჭერა არ დაკარგოს?

- დიდი ხანია განმტკიცდა აზრი, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას, რომელიც ეკონომიკით ჩამორჩება სამხრეთ კორეას, მისი ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 3%-ზე ნაკლებია და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი­ შიდა პროდუქტით მსოფლიოს ქვეყნების მერვე ათეულშია, რამდენი ბირთვული ქობინიც უნდა ჰქონდეს, ვერ ექნება უნარი, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული მსოფლიო და რეგიონული­ წესრიგი. როგორც კი რუსეთმა ამის გაკეთება­ ძალით სცადა, მაშინვე გამოჩნდა, რომ თუნდაც მისი სამხედრო სიძლიერის შესახებ წარმოდგენა ძალზე გაზვიადებული იყო. არადა, სამხედრო სიძლიერე იყო მთავარი­ საფუძველი რუსეთის ადგილისა მსოფლიო წესრიგში, რადგან მისი ეკონომიკა ერთ-ერთი ნაკლებად განვითარებულია. მეტიც, ქვეყნის ეკონომიკას წელს რეალურად ელის სრული კატასტროფა. ამიტომ რუსეთს არ გააჩნია რესურსი იმისთვის, რომ ძალით დაამყაროს ახალი წესრიგი, თუნდაც რეგიონში. რასაც პუტინი აკეთებს, ძალიან ჰგავს პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს, როდესაც კონსტანტინოპოლის დასაპყრობად და ბალკანეთზე დასამკვიდრებლად გაემართა იმპერიის არმია, შედეგად კი მიიღო სახელმწიფოს შიგნიდან ჩამოშლა...

- მეორე საკითხია პუტინის გარემოცვა,­ რომელიც მისი წყალობით გამდიდრდა და ამ ფულს ახლა ისევ პუტინის გამო კარგავს. შეძლებს ეს კატეგორია პროცესების შეტრიალებას?

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში ქმნი­და ხელოვნურ ულტრანაციონალისტურ იმპერიალისტურ იდეოლოგიას, რეალურად ეს ხელისუფლება ცინიკოსი ეგოისტების ჯგუ­ფია, რომელსაც არაფერზე უზრუნია უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ გამდიდრებაზე. ბევრჯერ უთქვამთ, რომ პუტინს და მის გარემოცვას სურთ ისე მართონ რუსეთი, როგორც სტალინი მართავდა, მაგ­რამ იცხოვრონ როგორც როკფელერებმა. თუმცა, ჩანს, ამას პერსპექტივა აღარ აქვს. ადრე თუ გვიან, გამოჩნდებიან ადამიანები­, რომლებსაც შეეშინდებათ კეთილდღეობის დაკარგვის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პუტინმა ალტერნატ­იული ძალის ცენტ­რი დიდი ხნის წინ მოსპო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე მუდმივად­ გაგრძელდება. 1917 წლამდე არც ბოლშევიკებს, ლენინსა და ტროცკის მაინცდამაინც არ იცნობდნენ­. ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში რაღაც რადიკალური მოხდეს, მაგრამ მთავა­რი, რაზეც ცივილიზებულმა სამყარომ უნდა იზრუნოს, ის არის, რომ რუსეთის შიდა ქაოსი არ გავრცელდეს მის საზღვრებს გარეთ. ისე, როგორც "ცივი ომის" დროს რუ­სეთის გარშემო არსებობდა ერთგვარი რკინის ფარდა, სწორედ დღეს, სულ მცირე, აუცილებელია ახალი შეკავების პოლიტიკა და მყარი საზღვარი რუსეთსა და მის მოკავშირეებთან.

- ზოგმა დეპუტატმა პუტინის გადადგომა მოითხოვა, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.

- რაც უფრო მეტად შეაღწევს რუსე­თში რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდ­ება­ უკრაინაში, მით უფრო გახშირდება­ პროტესტი. მაგრამ ლაპარაკია არა იმაზე,­ რომ რუსები გააცნობიერებენ პუტინის­ დანა­შაულს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,­ არამედ იმაზე, რომ ეს იმპერიული პროექტი სამარცხვინოდ მარცხდება. რუსები ვერ ეგუებიან საკუთარი დიქტატორების მარცხს.­ ამასთან, პროტესტის­ ტალღის აგორება არ ნიშნავს,­ რომ პუტინს უფრო დემოკრატიული ლიდ­ერი ჩაანაცვლებს. იმპერიული­ რუსეთი 1917 წელს ჩამოიქცა და ის ჩაანაცვლა ბოლშევიკურმა, უფრო უარესმა რეჟიმმა. ახლა ჩვენი მთავარი საზრ­უნავი ის უნდა იყოს, რომ, როდესაც რუსეთი­ სუსტდება, მოვი­კრიბოთ ძალა და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. იმ ახალ რუსეთს, რომელიც მოჰყვება პუტინის წასვლას, უნდა დავხვდეთ ბევრად მყარ პოზიციაში, რათა მას არ ჰქონდეს რევანშის შესაძლებლობა. ამისთვის იდეალური იქნებოდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი საქართველო ან, სულ მცირე, მათთან უფრო ახლოს მისვლა, ვიდრე ვართ დღეს.

რუსა მაჩაიძე