„ეს არის შანსი საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებებისთვის, რომ რაღაც მოიმოქმედონ“ - კვირის პალიტრა

„ეს არის შანსი საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებებისთვის, რომ რაღაც მოიმოქმედონ“

საქართველოს გარშემო მოვლენები ისე ვითარდება, რომ მეზობელი ქვეყნები­ ან ომობენ, ან ომის მხარეს წარმოადგენენ. ის, რომ რუსეთი სომხეთს ვერ ეხმარება, დიდწილად მისი უკრაინაში მარცხით არის განპირობებული. მეორეა თურქეთის ფაქტორი, რომელიც ნათლად მიუთითებს მის გავლენაზე, რაც უკრაინის ომამდე გამოჩნდა ყარაბაღში აზერბაიჯანის გაძლიერებით. ბოლო დღეებში კი ჩანს, რომ სომხეთის მხარდამჭერი შესაძლოა ირანი აღმოჩნდეს, რაც კავკასიაზე ახალ ინტერესთა­ კვეთას აძლიერებს. რა დასკვნებს უნდა აკეთებდეს საქართველო, უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკოსს, GSAC-ის დამფუძნებელს, გიორგი რუხაძეს­ ვესაუბრეთ.

- რაც დღეს ყარაბაღში ხდება, არ შემოიფარგლება მხოლოდ ყარაბაღით, სომხეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა და ძალიან ახლოს არის საქართველოსთან. თუ კონფლიქტი გამწვავდა, არ არის გამორიცხული, რუსეთი ჩაერიოს როგორც სომხეთის მოკავშირე და მაშინ ჩვენც მძიმე დღეში აღმოვჩნდებით. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, რადგან სომხეთში რუსეთიდან რამე რომ მოხვდეს, ეს საქართველოს გავლით უნდა მოხდეს...

რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, ჩემი აზრით, აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყდება და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება. ცხადია, ეს აზერბაიჯანის ტაქტიკური სვლაა. მას სურს ისარგებლოს რუსეთ-უკრაინის ომით და ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს.

- თუკი ამას მოახერხებს, საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით რა პრეცედენტი შეიქმნება?

- სწორედ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის ყარაბაღი აზერბაიჯანის. თავის დროზე, ეს ტერიტორია სომხეთმა რუსეთის დახმარებით დაიკავა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც რუსეთი არაერთი კონფლიქტის ინსპირატორია. ჩემი აზრით, ეს უფრო მალე შეიძლება მოხდეს, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, ეს იქნება განაცხადი, რომ ამ არეალში, დაწყებული ყარაბაღით დამთავრებული აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით თუ დნესტრისპირეთით, ასეთი პრობლემის მოგვარება შეიძლება იმის მიუხედავად, რუსეთს სურს თუ არა. ეს ერთგვარი გზავნილი იქნება, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვისაც, რომ როდესაც რუსეთს საკუთარი ინტერესის გატარების შესაძლებლობა აღარ ექნება, კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელი ხდება. ეს არის შანსი საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებებისთვის, რომ რაღაც მოიმოქმედონ.

- თუკი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდა, გამოდის, რუსეთი კავკასიაში ბერკეტს დაკარგავს და აქ გავლენის შესანარჩუნებლად მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები რჩება...

- თუკი აზერბაიჯანი მოახერხებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნიშნავს, რომ რუსული გავლენისგან საერთოდ გავა. დღეს აზერბაიჯანის ენერგორესურსებზე ისეთი დიდი მოთხოვნაა, რუსეთს აღარაფერს დაეკითხება. ერთადერთი­ მექანიზმი აზერბაიჯანის საკონტროლებლად რუსეთს ყარაბაღი ჰქონდა და თუ აზერბაიჯანი მას დაიბრუნებს, სრულად გავა რუსეთის გავლენის სფეროდან. თუ ეს პროცესი დაიძრა, ვეღარაფერი შეაჩერებს და როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დრო დადგება,­ საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს. დადგომით კი, მგონი, მალე დადგება­. რაც უფრო გადაიხრება სასწორი უკრაინისკენ, მით უფრო ცუდი მდგომარეობა შეექმნება რუსეთს და არც სამხედრო დახმარების გაწევა შეეძლება და არც ფინანსურის. მით უმეტეს, რომ დნესტრისპირეთშიც, აფხაზეთშიც და ცხინვალშიც 80%-ით რუსეთის ფინანსებზე არიან დამოკიდებული. ძალის გამოყენებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ შანსის, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით მოვაგვაროთ, ამისთვის კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

- შესაძლოა საჯაროდ არ ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ რეალურად მუშაობენ...

- არ ვიცი, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებს არ ელაპარაკებიან, არც განცხადებები კეთდება და, თუ მიწისქვეშეთში რაღაც მუშაობა მიდის და ჩვენ ვერ ვხედავთ, კარგია საქართველოსთვის, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ არათუ ვერაფერს ვხედავთ, პირიქით, საწინააღმდეგო განცხადებებსაც კი ვისმენთ. ყარაბაღის კონფლიქტი არსებობს და ყოველთვის შესაძლებელი იყო განახლება. დღეს საქართველოსთვის რეალური საფრთხე არა ეს კონფლიქტებია, ან რამე სხვა, არამედ თავად ამ ხელისუფლების არჩეული ტრაექტორია.

რუსა მაჩაიძე