როგორ აფასებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები რუსეთის როლს ყარაბაღის კონფლიქტში - კვირის პალიტრა

როგორ აფასებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები რუსეთის როლს ყარაბაღის კონფლიქტში

ყარაბაღის რეგიონში რამდენიმედღიანი მასშტაბური შეტაკების შემდეგ, რომლის პროვოცირებაშიც სომეხი და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ,­ ახლა მშვიდობაა, თუმცა ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ დროებით, რადგან მათ ურთიერთობას მშვიდობის საფუძველი არა აქვს. ჩვენ სომეხ და აზერბაიჯანელ ანალიტიკოსებს ვესაუბრეთ.

"სომხეთი სამი მონსტრის პირისპირ მარტოა"

გორ არმათუნი, სომეხი ანალიტიკოსი, პოლიტიკის მიმომხილველი: - აზერბაიჯანელი სამხედროები ჩვენს ტერიტორიაზე სამი მიმართულებით შემოვიდნენ, თუმცა ისინი ალყაში არიან. რამდენიმე­ დღეა სიმშვიდეა, მაგრამ ორივე მხარემ ვიცით, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლა ეიფორიაში არიან მიღწეულის გამო, რაც მათი კი არა, თურქეთის დამსახურებაა. ბაქოში კარგად იციან, რომ რუსეთი ჩვენ გამო თავს არ შეიწუხებს. ამაში­ 44-დღიანი ომის დროს დავრწმუნდით.­ რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ახლა ერთ ნავში სხედან. თურქეთი ამბობს, რომ ის ბოლომდე­ აზერბაიჯანთან იქნება, რუსეთი კი, ჩვენი­ ე.წ. მოკავშირე, ამბობს, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და კონფლიქტი დიპლომატიური­ გზით, მისი მონაწილეობით მოვაგვაროთ. არადა, რუსეთსა და სომხეთს სამოკავშირეო ხელშეკრულება აქვთ დადებული - აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ვალდებულია სომხეთს დაეხმაროს... ჩვენ ახლა იმის გააზრება და გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რაც გუშინ უნდა გაგვეაზრებინა და გვემოქმედა. როდესაც დრაკონი­ დაკავებული ტერიტორიიდან მიდის, ცდილობს მსუყე ლუკმაც გაიყოლოს. სწორედ ასეთი ლუკმა იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. იმედია­ დროებით, მაგრამ ახლა ამ რეგიონებს რუსეთი აკონტროლებს. იმავეს ცდილობს ახლა სომხეთშიც, მაგრამ ჩვენთან საერთო საზღვარი არა აქვს და სხვაგვარად მოქმედებს. ჩვენ რა გზასაც დღეს გავდივართ, საქართველომ წლების წინ გაიარა. აგრესორის პირისპირ მარტო აღარ არის, მის უკან დასავლეთი და უძლიერესი ამერიკაა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ეშვება.­ ჩვენ იმაში მაინც გაგვიმართლა, რომ მასთან საერთო საზღვარი არა გვაქვს. სომხეთში რომ შემოვიდნენ, საქართველო უნდა გაიარონ, საქართველო კი აღარასდროს დაუშვებს მის მიწაზე რუსულ ჩექმას.

- რუსეთს მხოლოდ გიუმრის სამხედრო ბაზაში ჯერ კიდევ 5 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამას დაუმატეთ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ შემოყვანილი სამშვიდობო ძალები.

- რუსული პროპაგანდა ჯერაც კარგად მუშაობს, მაგრამ ბაზაში, ალბათ, ათასამდე სამხედროა დარჩენილი, დანარჩენი უკრაინაში გაგზავნეს. უკრაინამ ყველას დაანახა, რას წარმოადგენს რუსული არმია. მხოლოდ­ 12 "ჰაიმერსი" მიიღო უკრაინამ და მის გამარჯვებაზე კითხვები დასრულდა. რუსული პროპაგანდა არც ახლა წყდება, არც აგენტურა შემცირებულა, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ, მხოლოდ სომხეთში კი არა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, მაგრამ ყველა ხედავს, როგორც ცხოვრობენ ის ქვეყნები, რომელთა მოკავშირე ამერიკა და დასავლეთი არიან: მათი მოქალაქეების უფლებები დაცულია, კარგი განათლება, მაღალი ანაზღაურება, დემოკრატია და თავისუფლება აქვთ. რუსეთის მოკავშირეები არიან ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი და სომხეთი, რომელიც ახლა ცდილობს დაუსხლტეს მას. ჩვენ კრემლისგან დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანი არ გვაპატიეს, რადგან ქოჩარიანის კლანის მოშორების შემდეგ თავი უცხოდ იგრძნეს. ჯერ შიგნით შეეცადნენ სიტუაციის არევას, ოპოზიცია, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანები მოქოქეს, უნდოდათ სისხლი დაღვრილიყო, მაგრამ ხალხი არ წავიდა ამაზე­. ამის გაგრძელება იყო ყარაბაღში განვითარებული პროცესები... ჩემ რუს მეგობრებს სულ ვეკითხები, იმ ხალხებს, რომელთა დაპყრობა-დამორჩილებაც ასე გინდათ, ბევრი რამ საამაყო აქვთ. ქართველები ადრეული­ საუკუნეებიდან ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-კოშკებს აგებდნენ, ამ მხრივ ჩვენც ბევრი რამ გვაქვს საამაყო, უკრაინასაც და სხვებსაც, რუსები კი იმით ამაყობენ, რომ დაიპყრეს, ააოხრეს, გაანადგურეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეკლესია-მონასტრებს ხახვისთავა გუმბათები დაადგეს, მაგრამ ამ ყველაფრით ამაყობთ, თქვენი ისტორია შედგება ფრაზებისგან: ავიღეთ,­ დავიპყარით, შემოვიერთეთ-მეთქი. პუტინი მათაც­ არ მოსწონთ, ჩივიან, ამერიკულს ვერაფერს ნახავ, კინოთეატრებში საბჭოური ან რუსული ფილმები გადისო, მაგრამ იმას მაინც ამბობენ, საბჭოთა წლებში ბევრო კარგი რამ გაკეთდაო... იმის საჩვენებლად, რომ ვითომ ყველაფერს აკონტროლებენ, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლი გააჩინეს. ომებით ცოცხლობს და იკვებება რუსეთი. ეს მისი არსებობის გამართლებაა. სომხეთში ბევრი აკრიტიკებს­ დასავლეთს, არ დაგვეხმარაო, არადა, რუსე­თია ჩვენი მოკავშირე, ის უნდა გვიცავდეს და პირიქით, საფრთხეს გვიქმნის, დასავლეთს კი უფლებას არ აძლევს დაგვეხმაროს.

- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის რუსეთის შესუსტება სამხრეთ კავკასიაში?

- რუსეთი აუცილებლად წავა რეგიონიდან, მაგრამ რა შეიცვლება ამის შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევხვდებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რუსეთის­ შესუსტებას. აზერბაიჯანს არ სჭირდება დასავლეთი, ჩვენ კი ძალიან გვინდა ამერიკა და დასავლეთი კავკასიაში­ მეტი დოზით შემოვიდეს, რათა პირველ ეტაპზე გადავრჩეთ. სომხეთმა განვლილი ოცდაათი წელი ჩინოვნიკების გამდიდრებას­ შეალია, ამასობაში ჩვენი მეზობლები სახელმწიფოს აშენებდნენ. ის, რომ სომხეთი ყარაბაღის ომში დამარცხდა, აზერბაიჯანის გამარჯვებას არ ნიშნავს... რაც შეეხება თურქეთს, ყოველთვის ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში დომინანტობას, მაგრამ ახლა ეს მარტივი­ არაა, თუნდაც საქართველოს საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც ამერიკისა და დასავლეთისთვის რეგიონში ყველაზე სანდო პარტნიორია - ანუ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც თურქეთიც ვერ გაბედავს.

ირანი თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სახმელეთო დერეფნის­ კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ზანგეზურის დერეფნით სარგებლობას არ აპროტესტებს, ოღონდ სომხეთივით მისთვისაც­ გაუგებარი და მიუღებელია, ამ დერეფანს აზერბაიჯანი ან რუსეთი რატომ უნდა აკონტროლებდეს. ასე რომ, ყარაბაღის ომის გამო კარგი შანსი გვაქვს რუსეთისგან გავთავისუფლდეთ. ერევანში აქციები იმართება,­ ფაშინიანის წასვლას ითხოვენ,­ მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს ვისგან არის მართული. სინა­მდვილეში ოპოზიცია კი არა, ყოფილი­ კორუმპირებუ­ლი ხელისუფლებაა. მათ უკან რობერტ ქოჩარიანი­ დგას. რუსული პოლიტიკა ხომ პრიმიტიულია, ახალისებს კორუფციას, რათა მართვა შეძლოს. ეს იცის ხალხმა და ამიტომაც ვერ სარგებლობენ მხარდაჭერით. თუმცა მაინც იმუქრებიან საჯარო უწყებების ბლოკირებით... წარმატებული ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ყარაბაღში პირდაპირ კრემლის მითითებით ჰქონდა ბიზნესი, ძალაუფლებაში მოსვლას ყველა საშუალებით ცდილობს. ამ კლანს ნამდვილად რომ აწუხებდეს ყარაბაღის თემა, ერევნის ცენტრში კი არ ჩაატარებდა აქციებს, იქ იქნებოდა... ამ ყველაფერს, უამრავ შიდა და გარე მოღალატეს­, სომხეთის ხელისუფლება სრულიად მარტო უმკლავდება...

საქართველო ძალიან ცუდ დღეშია, ორივე ქვეყანა მისი მეზობელია და გარდა ამისა, რეგიონში ცეცხლი მისთვისაც სახიფათოა. მას ახლა ლავირება უწევს, რათა არც ერთთან არ გაიფუჭოს ურთიერთობა, რაც ძალიან კარგად გამოსდის. მას კარგად ესმის, რომ თუ საზღვარს ჩაგვიკეტავს,­ გავიგუდებით ან ირანის მხრიდან მოგვიწევს­ მსოფლიოსთან ურთიერთობა. ეს ორი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდა. ეს კურსი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან საქართველოში მშვიდობა, მისი განვითარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თქვენც არეულ-დარეული, მუდმივად ომში გახვეული ან ნაღმზე მჯდომი ქვეყანა კი არა, პროდასავლური, სტაბილური სახელმწიფო გჭირდებათ.

"რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონტროლი თავად აიღოს"

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი­ ექსპერტი: - აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მორიგ ესკალაციამდე ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შარლ მიშელის შუამავლობით შეხვდნენ. გადაწყვეტილების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მომდევნო თვეში უნდა შეხვედროდნენ, რაც სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების წინა პირობა უნდა ყოფი­ლიყო და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა დარეგულირებისკენ წაეყვანათ. ეს შეხვედრები გავლენას ვერ იქონიებდა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ­ სომხებსა­ და ყარაბაღელ სეპარატისტებზე, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის მოწესრიგებისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდნენ, ერთმანეთის ტერიტორიებზე პრეტენზიები არ ექნებოდათ და შესაძლებელი გახდებოდა დიპლომატიური ურთიერთობის დალაგება, ეკონომიკური კავშირები... ამ ხელშეკრულებაზე­ ხელმოწერის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების­ თემა კი არა, აზერბაიჯანის შიდა საკითხი გახდებოდა. ამიტომ აზერბაიჯანს არ აწყო­ბდა სიტუაციის გამწვავება. მართალია, ეს შეთანხმება კონფლიქტს ვერ ამოწურავდა, მაგრამ მის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ძვრა იქნებოდა. თუმცა ასეთი შეთანხმება კრემლის ინტერესებში არ შედის, რადგან კონფლიქტით სპეკულირებისა და მანიპულირების ბერკეტს დაკარგავს... როგორც ვნახეთ, სიტუაციის ესკალაციისთანავე სომხეთის ხელმძღვანელობამ მოსკოვში დარეკა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. მიმართვის საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ... ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართვა გაავრცელა, სადაც მხარეებს სადავო საკითხების პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტისკენ მოუწოდა. სასაზღვრო საკითხებზე კი დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობაში საკონსულტაციო დახმარებას დაგვპირდა - ანუ რუსეთი ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს. ანუ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევამდე კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა, რათა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მუშაობა ბრიუსელის კი არა, მოსკოვის მოდერატორობით გაგრძელებულიყო. ამასთან, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონტროლი თავად აიღოს. მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად აუცილებელია საზღვარზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რაც თავისთავად რუსეთის მონაწილეობით უნდა მოხდეს. საზღვარზე რუსი ჯარისკაცები უნდა იდგნენ, რომლებიც სამშვიდობო კონტინგენტთან ერთად ყარაბაღის რეგიონში კრემლის გავლენას აძლიერებენ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სრულად გააკონტროლებს იმ კომუნიკაციებს, ინფრასტრუქტურას, რომლის გაკეთება ამ რეგიონში იგეგმება. ეს მოსკოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ, როგორ აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდა, ცდილობენ სიტუაციის ესკალაციაში დასავლეთი დაადანაშაულონ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის წინააღმდეგ და საზიანოდ სამხრეთკავკასიაში მეორე ფრონტი გახსნას, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის დაწყება­ რატომ ნიშნავს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას, მით უფრო, რომ არც სომხეთი და მით უმეტეს, არც აზერბაიჯანი რუსეთთან ომს არ აპირებენ. რეგიონში კონფლიქტის გამწვავებით დაინტერესებული არიან ის ძალები, რომლებსაც გავლენის გაძლიერება რეგიონში სამხედრო ჩარევით სურთ. ჩანს, დასავლეთს ნამდვილად არა აქვს კონფლიქტზე სამხედრო ძალით ზემოქმედების მექანიზმი, ერთადერთი, ვისაც ეს შეუძლია და აკეთებს კიდეც, რუსეთია და ის ცდილობს ოდკბ-ს მუშაობაზეც კი მოახდინოს გავლენა.

კიდევ ერთი საკითხი - ბოლო ხანს ყარაბაღში ხშირად ჩადიოდა სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ცდილობს ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ქრისტეს როლი ითამაშოს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე ვერც ერთი ადამიანი, რა თანხის მფლობელიც უნდა იყოს ის, არსებულ ვითარებაში ყარაბაღში ბიზნესს ვერ დაიწყებს. ანუ პუტინმა რეგიონში თავისი დესანტი გადასხა, რასაც ვითარების გამწვავებასთან ერთად კიდევ ერთი მიზეზი აქვს - პუტინისთვის არასანდო ფიგურის, ფაშინიანის ჩამოშორება ისევ ადგილობრივების ხელით, რისკენაც მიჰყავთ კიდეც პროცესები.­ შიდა პროცესები ჩემი საქმე არ არის, მაგრამ კრემლში ფაშინიანის ალტერნატივად სწორედ ვარდანიანი განიხილება.­ ფაშინიანი ახლა იმ მდგომარეობაში არ არის, რუსეთს აშკარა წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა ვერც დასავლეთზე ამბობს უარს. ასე რომ, პუტინს ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციით ორი საქმის ერთდროულად გაკეთება სურდა - შეეცადა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რა შეუძლია მას სამხრეთ კავკასიაში, სადაც გავლენებს არავის დაუთმობს, და რა დაემართება სომხეთის ლიდერს, რომელიც შეეცდება რუსეთი გააცუროს და დასავლეთისკენ რბილად გადაიხაროს. არა მგონია, ეს მორიგი შეტაკება ფაშინიანის ინიცირებული იყოს, ეს უფრო იმ გენერლების ნამოქმედარს ჰგავს, რომლებიც ფაშინიანის ოპოზიციაში არიან და 44-დღიანი ომის შემდეგ რევანში სწყურიათ.

- საქართველოს რა შეუძლია გააკეთოს რეგიონში სიტუაციის დასამშვიდებლად?

- საქართველო არის სახე, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ქვეყანამ, რათა რეგიონში მსოფლიოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხიდად იქცეს. საქართველო აქტიურად მოქმედებს­ ორივე ქვეყანასთან. ჩვენ გვახსოვს გასული წლის ზაფხულში ქართული მხარის შუამავლობით მიღწეული დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლა. ვფიქრობ, არც ერთ ქვეყანას არ სურს მის საზღვართან ცეცხლი ენთოს, თუკი რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რომელიც ასეთ დროს ხელს მოითბობს ხოლმე. სტაბილური სამხრეთ კავკასია მას არაფერს აძლევს.