"ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო..." - რა ისტორია აქვს ხატს - "მანუგეშებელი"? - კვირის პალიტრა

"ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო..." - რა ისტორია აქვს ხატს - "მანუგეშებელი"?

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს განსა­­კუთრებით მფარველობს. საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ხომ ღვთისმშობლის წილხვედრია (როცა მოციქულები წილს ყრიდნენ,­ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს­ რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად). 21 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა - მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით ყოვლადწმინდა­ ღვთისმშობლის შობის დღე. ამ დღეს მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის­ სახელობის ტაძარში, ათონის მთაზე დაწერილ ღვთისმშობლის ხატს მიაბრძანებენ. მახათას კომპლექსის­, ღვთისმშობლის ხატისა და მისი საქართველოში ჩამობრძანების შესახებ საზოგადოება "ივერიისას" ქტიტორი მერაბ კოკოჩაშვილი გვესაუბრა.

- უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი­ იყო 2019 წლის 12 მაისი, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამ დღეს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა, რის შემდეგაც საოცარი სიტყვები­ თქვა: "ყოველი ქართველი, როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში... წმიდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი", - არსი ძალიან­ მნიშვნელოვანია­, ეს ყველაფერი იმიტომ ითქვა, რომ ამ ტაძრის მშენებლობაში მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა, ისე, როგორც სამების­ ტაძრის მშენებლობაში. პროექტში ჩართულია 75 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მათ მიერ გაცხადებული­ ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ - ცოცხლები­, გარდაცვლილები - ყველა ერთად, მილიონს აღემატება. წარმოიდგინეთ, მილიონზე მეტი ადამიანის გაღებული შესაძლებლობებითა და სურვილებით აიგო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე... ეს ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის­ ერთი ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლი­დან­ მიმდინარეობდა. ტაძრის ამოქმედებით ღვთისმშობლის სავანის­ კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა - ტაძარი აშენებულია. გასახარია, რომ მისმა მშენებელმა და მხატვარმა შარშან რუსთაველის პრემია დაიმსახურეს.

- რას ითვალისწინებს მეორე ეტაპი?

- გარდა რწმენისა და სულიერებისა, კიდევ მეორე არაჩვეულებრივი მხარეცაა - ეს არის ამ ტაძრის როგორც რელიგიური, ისე საგანმანათლებლო ცენტრის უაღრესად მნიშვნელოვანი როლი. შესაბამისად, შემდეგი ეტაპი მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა იქნება, რომელსაც საქა­რთველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.­ არ შეიძლება არ ვახსენო, საზოგადოება "ივერი­­ისამ" პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, როგორც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ამ კომპლექსის განხორციელებისა, უზარმაზარი შრომა გასწია. ყველას უდიდესი მადლობა ამისთვის.

- ამჟამად მეორე ეტაპი რა ფაზაშია?

- ისტორიულ-საგანმანათლებლო ეტაპზე გადავედით, რომელიც ახლა იწყება. საქართველოსთვის ასეთივე ისტორიული ეტაპებიდან გაიხსენეთ აკადემიები: ფაზისის­ აკადემია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის­ თავშია, იყალთოს აკადემია,­ სადაც, გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი სწავლობდა. გავიხსენოთ გელათის აკადემია­ და, ცხადია, კიდევ ერთი სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ათონის მთაზე იყო. ათონის მთის ცენტრმა უაღრესად მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქა­რთველოსთვის. იქ გადა­იწერა როგორც ქართული ლიტერატურული და საეკლესიო ძეგლები, ასევე ითარგმნა უცხოური წიგნები. ათონის მთაზე ფუნქციონირებდა საგანმანათლებლო სკოლა, სადაც საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანები მოღვაწეობდნენ. სწორედ ამ ცენტრში იყო ის ღვთისმშობლის ხატი, როგორც უწოდებენ, პორტაიტისა. ის დაბრძანებული იყო ივერიის მონასტრის შესასვლელში - კარში, რომელიც ზღვამ მოიტანა...

შემდეგი ეტაპი მახათას მთის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობისა სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, ეს ქალაქის უდიდესი რაიონი­ იქნება თბილისის ზღვის გარშემო. ეს იქნება ერთ-ერთი­ დიდი ტაძარი და ცენტრი, სადაც ადამიანები შეძლებენ განათლების მიღებას და სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებას.

gvtis2-1663521546.jpg

- 21 სექტემბრის ღონისძიებაზეც გვიამბეთ?

- ეს დაკავშირებულია ათონის მთიდან ერთ-ერთი პირველი მონასტრის, ბერძნული ვატოპედის მონასტრის დელეგაციის ჩამოსვლასთან საქართველოში. დელეგაცია 16 სექტემბერს­ ჩამოვიდა­ და საქართველოში გარკვეული დროით დაასვენებენ უაღრესად მნიშვნელოვან ხატის ასლს, რომე­ლსაც "მანუგეშებელი" ჰქვია. 21 სექტემბრამდე ხატს რამდენიმე ტაძარში მიაბრძანებენ, 21 სექტემბერს კი მახათას მთაზე დაიდებს ბინას.

საიდან დაიწყო ეს ყველაფერი - ხატი, რომელსაც "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი" ეწოდება, იმყოფება ათონზე, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ ვატოპედის მონასტრის ხარების­ ეკლესიაში. გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ­ თეოდოსის ვაჟი, უფლი­სწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა. უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა­ გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული.­ ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა.­ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული­ დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - "ყმაწვილის ბუჩქი". იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "მანუგეშებელი" მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით.

- ამ ხატსაც ხომ თავისი ისტორია აქვს?

- მეცხრე საუკუნეში, დილის ლოცვის­ შემდეგ, ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის­ ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან სასწაული­ იხილა­ - ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი დედის ბაგეს ააფ­არა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა, არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელმა სცადა­ თავისი ძისა და უფლის ხელი შეეჩერებინა,­ სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ". მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთ­ოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება... ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი",­ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყვე­ლება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც­ მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ. ათონის მთიდან დელეგაცია სწორედ მახათას მთაზე ჩამოდის - როგორც ათონის მთის საგანმანათლებლო ცენტრი იყო ქართული, ისიც გამგრძელებელი იქნება ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო საქმისა. ხატი, რომელიც ჩამოაბრძანეს, ასლია იმ ხატისა, რომელიც ათონის მთაზეა დაბრძანებული.

- როდის დაიწერა ის?

- რამდენიმე წლის წინ, მაგრამ პანდე­მიამ შეუშალა ხელი მის ჩამობრძანებას, თუმცა, დადგა ეს დღეც! ისე, როგორც ყოველთვის, იმედი უნდა გქონდეს, რომ დადგება დღეები, როდესაც ჩვენ საქართველოში უფრო მშვიდად ვიქნებით. ყოველივე­ ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ წილხვედრი მიწა ვართ ღვთისმშობლისა. ვფიქრობ, არ არსებობს საქართველოში სოფელი, დასა­ხლებული პუნქტი, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი ან პატარა ეკლესია არ იყოს. ჩვენი­ მიწა მისი მიწაა. ეს ხატი მავედრებელთათვის არის. მას შეუძლია დაეხმაროს ყველას, ვისაც რაღაც სავედრებელი აქვს. იმაზე დიდი ვედრება საქართველოში რა უნდა იყოს, რომ სიმშვიდე, სიყვარული, სიკეთე მიეცეს­ ჩვენს მიწას და მთელ კაცობრიობას.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა, რომელიც ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის "ივერონის" ანალოგი იქნებოდა, 2002 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის იდეით დაიწყო. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სიმაღლე 61 მეტრი, სიგანე 34 მეტრი, სიმაღლე კი 51 მეტრია. რაც შეეხება მეორე სივრცეს, მუზეუმს, ის სხვადასხვა საკარო, საგანმანათლებლო სივრცე იქნება. 200-კაციან აუდიტორიაში ჩატარდება ლექციები, გაიმართება შეხვედრები. ამისთვის გამოიყოფა 200 კვმ ფართობი. განთავსდება ბავშვების საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, საექსპოზიციო სივრცე და ა.შ. აქ იქნება რელიგიისა და მეცნიერების, რელიგიისა და კულტურის შეხვედრის ადგილი.