საქართველო - მშვიდობის კუნძული ომში ჩართულ ოთხ მეზობელს შორის - კვირის პალიტრა

საქართველო - მშვიდობის კუნძული ომში ჩართულ ოთხ მეზობელს შორის

რუსეთი - უკრაინასთან ომში, თურქეთი - სირიაში ქურთების წინააღმდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი კი - ერთმანეთთან... როგორ შეიძლება მშვიდობის შენარჩუნება, როდესაც შენ გარშემო ყველა ომობს?

ერთ კვირაზე მეტია, შეიქმნა ძალზე საინტერესო და, ამასთანავე, რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია - საქართველოს ოთხივე სახმელეთო მეზობელი ქვეყანა საბრძოლო მოქმედებებში აღმოჩნდა ჩართული.დამპყრობელ რუსეთს სურს საქართველოში აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიებს თითქმის მთელი უკრაინაც მიუმატოს; თურქეთი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს მეზობელი სირიის საზღვრისპირა რაიონებში ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებთან, ხოლო ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს კბილი უკვე უშუალოდ საზღვარზეც მოუსინჯეს...

როგორ შეიძლება ასეთ დაძაბულ სიტუაციაში მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში?

თავი დავანებოთ უკვე მომაბეზრებელ ფრაზას - "აბა, ომი გინდათ?!" და რეალურად, ცივი გონებით განვსაჯოთ, რა მოაქვს ყოველ მშვიდობიან დღეს საქართველოსთვის ან რა პოტენციალი გაგვაჩნია, თუკი შექმნილი სიტუაციით სარგებლობაზე ვიფიქრებთ და აზერბაიჯანივით მოვინდომებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აქტიური სამხედრო-პოლიტიკური ქმედებების დაწყებას.

უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, ძალზე მომგებიანი იქნებოდა მეორე და მესამე ფრონტების გახსნა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოლდოვასა და საქართველოში, რაც კრემლის დარჩენილი, არცთუ მცირე სამხედრო რესურსების დიდ ნაწილს ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ჩასაჩუმებლად მომართავდა, უკრაინის ფრონტზე კი რუსეთის საოკუპაციო ძალების ზეწოლა შემცირდებოდა.

ამ მხრივ შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია მოლდოვა, რომელსაც აგრესორ რუსეთთან საერთო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარი არ აქვს და თუკი კიშინიოვი მართლაც მოინდომებს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ძალისმიერი გზით მოლდოვის დე ფაქტო ხელისუფლების აღდგენას, კრემლს მაინცდამაინც ბევრი ბერკეტი არ დარჩება მის წინ აღსადგომად, მხოლოდ შორი მანძილიდან სარაკეტო დარტყმებს თუ გამოიყენებს. გარდა ამისა, კიევი კიშინიოვს აშკარად სთავაზობს დნესტრისპირეთის პრორუსული ანკლავის პირისაგან მიწისა აღგვას, რაშიც უკრაინის არმიის დახმარებას ჰპირდება, რადგან არც უკრაინას სჭირდება სამხრეთ ფრონტის ზურგში, სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, რუსეთის თუნდაც მცირერიცხოვანი და ნაკლებად ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფების არსებობა. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ მოლდოვას მეზობელი და მოძმე რუმინეთი ჰყავს, რომელიც, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, შეიძლება აშკარად არ ჩაერიოს მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერ პროცესში, მაგრამ მას ყოველგვარ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

ამ სამი ძირითადი ფაქტორიდან რომელი აქვს საქართველოს? სამწუხაროდ, არც ერთი: აგრესორ რუსეთთან რამდენიმე ასეულკილომეტრიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვარი გვაკავშირებს, ორივე ოკუპირებული რეგიონი უშუალოდ ესაზღვრება ოკუპანტ ქვეყანას და მათ შორის უპრობლემოდ ხორციელდება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო კომუნიკაციები (რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ოპერატიულად და დიდი მოცულობით გადასროლისას); არც ისეთი მეგობარი ქვეყანა გვყავს, როგორიც მოლდოვისთვის რუმინეთია, აზერბაიჯანისთვის კი - თურქეთი და ვერც უკრაინის არმია დაგვეხმარება ჩვენს მიწაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, კიევში ეს ძალიანაც რომ მოინდომონ. მეტიც - აშშ კი ითვლება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის არაერთხელ დახმარებია საქართველოს, მათ შორის - სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ ვერც ეს ოკენისგაღმელი მეგობარი შესძლებს ბევრ რამეს, თუკი უკრაინის ომის ჭაობში სანახევროდ ჩაძირულმა კრემლმა მაინც მოინდომა ჩვენს სამშობლოში სამხედრო აგრესიის განახლება.

საზოგადოების ნაწილისგან ზოგჯერ გაისმის მოწოდება, კრემლს ჩვენთვის არ სცალია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი უკრაინის ფრონტზე აქვს გაგზავნილი, ამასთან, "ჩვენებური" სეპარატისტებიდანაც ბევრია უკრაინაში წასული რუსეთის მხარეს საომრად და დადგა დრო, ამ მომენტით ვისარგებლოთო. სათქმელად ადვილია, მაგრამ აქვს კი ქვეყანას სათანადო სამხედრო და ფინანსური რესურსი, ხელისუფლებამ მართლაც რომ გაბედოს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ? ვაღიაროთ: ვიბრძოლებთ კი ქართველები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ისე, როგორც ამას უკრაინელები აკეთებენ? და რუსეთი რომც არ ჩაერიოს, გვაქვს კი იმის სამხედრო პოტენციალი, რომ სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლი ჯერ დავიბრუნოთ, მერე კი, სეპარატისტთა შეიარაღებული ჯგუფების სისტემატური პარტიზანული თავდასხმების შემთხვევაში, დიდხანს შევინარჩუნოთ?

კითხვა ძალიან ბევრია, მათზე პასუხის გაცემა კი - ძალიან რთული. ომი თამაში არ არის, როგორც, სამწუხაროდ, ბევრს ეგონა 30 ან თუნდაც 14 წლის წინ, როდესაც რუსეთმა, ჩვენივე ვაიპოლიტიკოსების "წყალობით" (ბევრი მათგანი რუსული სპეცსამსახურების "ჰონორარით" არსებობდა და არსებობს), ჩვენი ქვეყნის ომებში ჩათრევა მოახერხა და ის დრო და რუსურსი, რაც მშვიდობიანობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, ომებში გავხარჯეთ, რადგან ტრაქტორების ნაცვლად ტანკების ყიდვა გვიწევდა.

კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ფრონტი იმაზე უფრო სამარცხვინოდ ჩამოიშალოს, ვიდრე სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის მიმართულებაზე მოხდა და რუსეთის ფედერაციაში სერიოზული პოლიტიკური რღვევებიც დაიწყოს. ეს, ერთი მხრივ, გასახარი იქნება, რადგან ოკუპანტი ქვეყანა თავად დაიწყებს რღვევას და ნაკლებად ეცლება "ჩვენებური" სეპარატისტების პოლიტიკური, სამხედრო და, რაც შეიძლება ყველაზე მთავარი იყოს, ფინანსური მხარდაჭერისთვის, მაგრამ მოვლენების ამგვარი სწრაფი განვითარება ახალი საფრთხეების გაჩენას შეუწყობს ხელს.

როგორ გგონიათ, ყოველწიური 300 მლრდ რუბლის (რომელსაც ახლა პუტინი კადიროვს "აჭმევს") გარეშე დარჩენილი, კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩნები არ გაიხსენებენ გასული საუკუნების ლეკიანობას, ან ცხინვალელი თუ ზნაურელი ოსები შიდა ქართლის ქართულ სოფლებში საშოვარზე "განავარდებას" არ მოინდომებენ? ამიტომაც გვჭირდება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შსს-ს გასამხედროებული დანაყოფების გაძლიერება, რეზერვისტების მომზადების დაჩქარება და თანამედროვე შეიარაღების შეძენა, ისევე, როგორც მათი (უპირველესად სადაზვერვო და კამიკაძე-დრონების, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების, საარტილერიო დანადგარების, ასევე - საბრძოლო "დიდგორების") სერიული წარმოების დაწყება-გაგრძელება.საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, განვლილ 30 წელიწადში, მსოფლიოს ახლებურად გადანაწილების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ამ ურთულეს პროცესში ოჯერ - 1992-93 და 2008 წლებში ტრაგიკულად "გავიჩხირეთ" და იქნებ ახლა მაინც გვეყოს ჭკუა-გამოცდილება და ცხელ გულზე მოქმედება არ ვიჩქაროთ. დავაკვირდეთ მთელ მსოფლიოსა და, მით უმეტეს - ჩვენს რეგიონში მიმდინარე ურთულეს მოვლენებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედოთ, თუმცა ამასობაში ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებასა და სამხედრო გაძლიერებას არავინ გვიშლის.