ფრონტის ხაზმა რუსეთში, ბელგოროდისკენ „გადაიჩოჩა“... - კვირის პალიტრა

ფრონტის ხაზმა რუსეთში, ბელგოროდისკენ „გადაიჩოჩა“...

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება უკრაინის ხარკოვის ოლქს, ბოლო დღეებში საგრძნობლად მოიმატა დაბომბვის შემთხვევებმა.

16 სექტემბერს დაიბომბა ბელგოროდის ოლქის ქალაქი ვალუიკი, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან 30 კმ-ში მდებარეობს.

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში ბომბები, ჭურვები და რაკეტები ორასდღიანი ომის განმავლობაში არაერთხელ აფეთქებულა - გავიხსენოთ თუნდაც ორი უკრაინული "მფრინავი ნიანგის" ღამისეული საჰაერო შეტევა ბელგოროდის ნავთობბაზის რეზერვუარებზე ან რკინიგზის ხიდების დივერსიული აფეთქება, მაგრამ ამჯერად ჩანს, რომ რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე აფეთქებები ხდება არამარტო კონკრეტული სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების შედეგად. მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში უკრაინის არმიის ელვისებური წარმატებული კონტრიერიშების შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალები იძულებულნი გახდნენ, სამარცხვინოდ გაქცეულიყვნენ და თავი მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროსთვის შეეფარებინათ, რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ხარკოვი-ბელგოროდის მონაკვეთზე ახალი ფრონტის ხაზი ყალიბდება. უკრაინამ მოახერხა ხარკოვის ოლქის თითქმის მთლიანად გათავისუფლება და საზღვრის 150 კმ-იან მონაკვეთზე კონტროლის აღდგენა დაიწყო, ანუ უკრაინელი და რუსი სამხედროები ისევ პირისპირ აღმოჩნდნენ, ოღონდ ამჯერად - სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

გასაგებია, რომ საბრძოლო მოქმედებები ამით არ შეჩერდება და არა იმიტომ, რომ უკრაინელებს მაინცდამაინც საზღვრის გადალახვა და ბელგოროდისკენ შეტევის გაგრძელება სურთ. საქმე ის არის, რომ რუსები და უკრაინელები კრემლის ბინადრის საშვილიშვილო დანაშაულებრივი ქმედებების გამო შეიძლება ათწლეულებით ან სულაც ასწლეულებითაც ერთმანეთის მტრებად იქცნენ და როდესაც ბელგოროდის ოლქიდან რუსი არტილერისტები ხარკოვის ოლქის დაბომბვას განაგრძობენ, უკრაინელი "კოლეგები", ბუნებრივია, ვალში არ რჩებიან.

ხარკოვის მისადგომებიდან რუსი ოკუპანტების საზღვარზე გადადევნამ ეს უკრაინული ქალაქი სისტემატური საარტილერიო დაბომბვისგან კი გაათავისუფლა, რადგან ხარკოვი საზღვრიდან 36 კმ-ითაა დაშორებული, მაგრამ რუსული "სმერჩების", "ტოჩკებისა" თუ "ისკანდერების" დაუპატიჟებელი "სტუმრობა" ისევ გრძელდება და უკრაინის გენშტაბიც იძულებულია, ადეკვატური საპასუხო დარტყმა მიაყენოს ბელგოროდის ოლქის იმ ქალაქებს, რომელთა შემოგარენიდან უკრაინის მიმართულებით რუსული რაკეტების სტარტი ხორციელდება.

samx3-1663522484.jpg
ბელგოროდის ოლქი და ქალაქი ბელგოროდი უკვე გრძნობს, მალე კი უფრო მძაფრად იგრძნობს იმ ომის საშინელებას, რომელიც მათმა პრეზიდენტმა უკრაინაზე თავდასხმით წამოიწყო

მოსალოდნელია, რომ უკრაინელებმა საზღვრისპირა კონტრსაბატარეო ორთაბრძოლებში თავიანთი "ჯოკერები" - "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტები და 155 მმ-იანი "ესკალიბურის" მართვადი ჭურვებიც გამოიყენონ. ბელგოროდი საზღვრიდან მხოლოდ 34 კმ-ით არის დაშორებული, რაც უკრაინის არმიის არტილერიითა და სარაკეტო სისტემებით მისი დაბომბვის შესაძლებლობას იძლევა. უკრაინელებს ყველაზე მეტად აწუხებთ ბელგოროდის ოლქიდან გამოშვებული "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტები, რომელთა სტარტის დროული აღმოჩენა და, მით უმეტეს, ჩამოგდება ურთულესი პრობლემაა, ამიტომაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის დივერსიული ჯგუფები და დრონები ბელგოროდის ოლქში ინტენსიურად ეძებენ ამ "ისკანდერების" სარაკეტო დანადგარებს, რათა ისინი რაკეტების სტარტამდე გაანადგურონ.

თუკი უკრაინის გენშტაბს აშშ-ის სადაზვერვო თანამგზავრებიც "წაეხმარებიან", ბელგოროდის ტყეებში პოზიციების ხშირად შეცვლის მიუხედავად, შესაძლებელია "ისკანდერის" 11 მეტრი სიგრძისა და 42 ტონა მასის სარაკეტო დანადგარების დროული აღმოჩენა, რის შემდეგაც საქმეში ოპერატიულად ჩაერთვება "ჰაიმარსის" 84 კმ-მდე მფრენი მართვადი რაკეტები, თუმცა რუსეთის გენშტაბსაც ექნება გათვლილი უკრაინელების "ჰაიმარსებიდან" მომდინარე საფრთხე, რადგან მათი საშუალებით ივნისის ბოლოდან რუს ოკუპანტებს 400-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი - შტაბები, საბრძოლო მასალების საწყობები, ხიდები გაუნადგურდათ. ამიტომ რუსი სამხედროები თავიანთ "ისკანდერებს" ბელგოროდის ოლქში უკრაინის საზღვრიდან 90-100 კმ-ის მოშორებით გადაიყვანენ, რათა "ჰაიმარსების" იმ კონკრეტული მოდელის მართვადი რაკეტები არ მისწვდნენ, რომლებიც ამერიკელებმა უკრაინელებს გაუგზავნეს.

სწორედ ამიტომ კიევი ვაშინგტონს დაჟინებით სთხოვს "ჰაიმარსიდან" გასაშვებ ისეთ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც წერტილოვანი დარტყმა მაქსიმალურ 300 კმ-ზე შეუძლიათ. მათი გამოყენების შემდეგ უკრაინის ქალაქების დამბობველი რუსული "ისკანდერები" უკრაინელთა კონტრსაბატარეო ცეცხლს საზღვრის სიღრმეში ვეღარ დაემალებიან, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ აჭიანურებს უკრაინაში შორს მფრენი "ჰაიმარსის" რაკეტების გაგზავნას, იმ მოტივით, რომ ამან შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს, კერძოდ, ამ ბალისტიკური რაკეტებით უკრაინელები საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, 300 კმ-ის რადიუსში, წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს მიაყენებენ რუსების სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, მაგალითად, ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან მხოლოდ 183 კმ-ით არის დაშორებული და იქიდან აფრენილი რუსული ბომბდამშენები თითქმის ყოველდღე ბომბავენ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს.