სომხეთს ვინ დაეხმარება, როდესაც ო-დე-კა-ბეს ქვეყნები ერთმანეთს ბომბავენ? - კვირის პალიტრა

სომხეთს ვინ დაეხმარება, როდესაც ო-დე-კა-ბეს ქვეყნები ერთმანეთს ბომბავენ?

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ მონაკვეთზე 13 სექტემბერს ნამდვილი ომი დაიწყო მსხვილკალიბრიანი არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით. ეს აღარ არის ყარაბაღის ომი, ეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ომის საწყისი ეტაპია, რადგან დარტყმები საზღვრის ორივე მხარეს განხორციელდა. სომხეთის ტერიტორიაზე დაიბომბა ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, გორისისა და კაპანის მონაკვეთებზე მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები, ხოლო აზერბაიჯანის მხარეს - ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონების პოზიციები.

როგორც ყოველთვის, ბაქო და ერევანი თავდასხმას ერთმანეთს აბრალებენ. სომხეთი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ საარტილერიო ჭურვები დაუშინა მის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებს, ხოლო აზერბაიჯანელები ირწმუნებიან, რომ მანამდე, ღამით, სომეხმა დივერსანტებმა მათი არმიის დანაყოფებისკენ მიმავალი გზები დანაღმეს.

ფაქტია, რომ საბრძოლო მოქმედებები განხორციელდა უშუალოდ სასაზღვრო რაიონებში და დაიბომბა სომხეთის ტერიტორია, რასაც აზერბაიჯანი ორი წლის წინ მოგებულ ყარაბაღის ბოლო ომში თავს არიდებდა, თუმცა ბაქოს თავშეკავების მიზეზი სომხების დანდობა არ გახლდათ.

საქმე ის არის, რომ სომხეთი დსთ-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, ო-დე-კა-ბეს, წევრია და მის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, წესით, მას გვერდით უნდა დაუდგეს ამ ხელშეკრულების მონაწილე ხუთი ქვეყანა: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ორი წლის წინ ერევანმა სცადა, ყარაბაღის ბოლო ომში თავის მხარეს როგორმე ჩაერთო ეს ქვეყნები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან მაშინ აზერბაიჯანს შეტევები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე არ განუხორციელებია, ამჯერად კი განსხვავებული სიტუაციაა - აზერბაიჯანის არმიის ჭურვებმა და რაკეტებმა საზღვრისპირა რაიონში რამდენიმე სომხური სამხედრო ნაწილი გაანადგურა ანუ აშკარაა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის საბრძოლო მოქმედებები. საინტერესოა, ამჯერად მაინც თუ დაეხმარება ო-დე-კა-ბე ერევანს?

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დახმარების იმედი სომხებს, ალბათ, არც აქამდე ჰქონიათ და ახლა, მით უმეტეს, არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ერთი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი ეს ორი ქვეყანა, მერამდენე დღეა, დაუნდობლად ბომბავს ერთმანეთის სასაზღვრო რაიონებს და საქმე ტაჯიკეთ-ყირგიზეთის დიდი ომისკენ მიდის.

ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელიც ერთი თვის წინ თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა და, ამავე დროს, აღრმავებს სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას აზერბაიჯანის მოძმე თურქეთთან, არც კი გაიფიქრებს სომხეთის დასახმარებლად ჯარების გაგზავნას. ერთი შეხედვით, პრიმიტიული, თუმცა ეშმაკი ლუკაშენკოც "თავის ძმა" ალიევს უფრო დაეხმარება, ვიდრე - ფაშინიანს, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტს აქამდე არაერთხელ აღმოუჩინა პირადი დახმარება.

რჩება უკრაინის ომის ჭაობში ყელამდე ჩაფლული რუსეთი. მოიცლის კი პუტინი ფაშინიანისთვის და დაეხმარება მას აზერბაიჯანის წინააღმდეგ?

დილით დაწყებული საბრძოლო მოქმედებებით შეშინებულმა ფაშინიანმა სასწრაფო სამხედრო დახმარება პირველად სწორედ პუტინს სთხოვა და, ალბათ, საწოლიდანაც წამოაგდო. ერევნიდან შემდეგი ზარი პარიზში გაისმა და პრეზიდენტ მაკრონს შესჩივლა თავისი გასაჭირი, მესამე თხოვნა კი უკვე აშშ-ში გაიგზავნა.

გასაგებია, რომ ოფიციალური ერევანი გამოსავალს ეძებს და საზღვარგარეთ რეალური მხარდამჭერის პოვნას ცდილობს, რადგან თუკი აზერბაიჯანთან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, სომხეთს ამ ომში დამარცხების დიდი შანსი აქვს, რადგან 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში სასტიკი მარცხის შემდეგ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ურთულესია.

გასაგებია, რომ პარიზსაც და ვაშინგტონსაც ბაქოზე მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლა შეუძლიათ, რომ აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის საზღვარი არ გადალახოს, მაგრამ მოსკოვს, პოლიტიკურის გარდა, სამხედრო ბერკეტიც აქვს - გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა, რუსი მესაზღვრეებით, ყარაბაღში კი რუსი "სამშვიდობოები" დგანან, თუმცა ილუზია, რომ პუტინი სომეხ სამხედროებს თავისას მიახმარებს და ერთად შეუტევენ აზერბაიჯანელებს, ფაშინიანს არ უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ სომხების დიდი ნაწილი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად და გადამრჩენად მიიჩნევს.

პრეზიდენტი ალიევი კი საუკეთესო მომენტს ელოდება და ირჩევს დროს, რათა საბოლოოდ აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რისთვისაც საჭიროა ყარაბაღის პატარა ნაწილში დარჩენილი სომხური ანკლავის სრული "დემონტაჟი".

სხვათა შორის, ალიევი ქვეყნის გამთლიანებისთვის საბრძოლო მოქმედებების დაწყებას (რაც მან მხოლოდ 2020 წელს შეძლო) 2009 წელს აპირებდა, მაგრამ დაინახა რა, როგორი შედეგი მოჰყვა მისი მეზობელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ქმედებებს, თავი შეიკავა და ყველა ხერხით, მათ შორის - ერდოღანის შუამავლობით, პუტინთან პირადი ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო, ამის პარალელურად კი აზერბაიჯანმა ხუთ მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული იარაღის შესყიდვით რუსეთის ძალზე გავლენიანი სამხედრო-პოლიტიკური ელიტაც მოთაფლა.შეიძლება ბაქოში მიიჩნიეს, რომ სწორედ დღეს შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა აზერბაიჯანმა უნდა დაამთავროს ქვეყნის გამთლიანების პროცესი და თუკი სომხეთი მეტ სისუსტეს გამოიჩენს, ნახიჩევანამდე სახმელეთო დერეფანიც გაჭრას.