"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ - თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები" - კვირის პალიტრა

"არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ - თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები"

ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის შეიძინა მან ქობულეთში არსებული ქონება.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ წყნეთში არსებული ქონება მან ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, 2010 წელს შეიძინა.

„არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, გავაფორმებდი სხვაზე. კიდევ გეუბნებით, მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე. მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემ სახელზე ვიყიდე მიწა ართანაში. თქვენ ამით ჩემ რეპუტაციას კი არა, ქართული ჯარის რეპუტაციას ლახავთ, აღვივებთ შუღლს. თქვენი ფუნქციაა გააღვიღოთ შუღლი და გასცეთ ინფორმაცია. ერეკლე მეორის დროს თქვენ ფუნქციას ვინც ასრულებდა, ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

IPN