"პუტინი თავის იმპერიაზე კონტროლს კარგავს: დაიშლება თუ არა რუსეთი?" - რას წერს ცნობილი შვეიცარიული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"პუტინი თავის იმპერიაზე კონტროლს კარგავს: დაიშლება თუ არა რუსეთი?" - რას წერს ცნობილი შვეიცარიული გამოცემა?

შვეიცარიის გერმანულენოვან პოპულარულ გაზეთში - „ბლიქ“ (Blick) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „პუტინი თავის იმპერიაზე კონტროლს კარგავს: დაიშლება თუ არა რუსეთი?“ (ავტორი - გვიდო ფელდერი). მასში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მიმოხილულია ბოლო დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენები, საუბარია სიტუაციაზე სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში... ჩამოთვლილია ცხელი წერტილები და მათი პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ჯერ მთიან ყარაბაღში - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ახლახან კი ცენტრალურ აზიაში - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის: უკრაინის ომის ჩრდილში, ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონფლიქტები ისევ იღვიძებს.

დღემდე მოსკოვი კონფლიქტებში მონაწილე მხარეების დასახმარებლად მიიჩქაროდა, სამხედრო თვალსაზრისით, რომელიმესთვის მხარდასაჭერად და სიტუაციის დასაწყნარებლად, მაგრამ ამჟამად რუსეთის ჯარები უკრაინის ომით არიან დაკავებულნი. როცა რამდენიმე დღის წინ სომხეთმა, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა, კრემლმა მის თხოვნას ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში მშვიდობის გარანტის როლის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. როგორც ექსპერტი ულრიხ შმიდი (სანქტ-გელენის უნივერსიტეტიდან) ამბობს, კრემლი თავისი „მშვიდობის გარანტობით“ ცდილობდა, პოსტსაბჭოთა სივრცე კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა, ძველ საზღვრებში. დღემდე მოსკოვს საზღვრების რევიზიონისტული ტენდენციების შეკავება გამოუდიოდა, მაგრამ ახლა, როცა „მფარველი სახელმწიფო დასუსტებულია, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ადრინდელი სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობენ“.

თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტი მაურო მონტოვანიც (ციურიხის აკადემიიდან) ადასტურებს, რომ „რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, უკვე რამდენიმე თვეა, ამცირებს თავის სამხედრო გარნიზონებს მეგობარ სახელმწიფოებში, მაგრამ ამით კრემლი სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას კარგავს“.

რუსეთი ერთგვაროვანი ქვეყანა არ არის, ის მრავალეროვნული სახელმწიფოა - ფედერაცია 84 სუბიექტისაგან შედგება, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური წონა აქვთ. რუსები რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 77%-ს შეადგენენ. ნუთუ ესოდენ დიდი ქვეყანა ნაწილებად დაიშლება?

ულრიხ შმიდის თქმით, „რუსეთის დაშლის თეორიული სცენარები არსებობს, მაგრამ დღევანდელი მომენტისათვის დაშლის ალბათობა მცირეა და - ნაკლებად მოსალოდნელი“. რა თქმა უნდა, თუ მსგავსი ტენდენციები აშკარად გაჩნდება, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ახლა 69 წლისაა, შეეცდება მათ აღკვეთას, რომ მადესტაბილიზებელი პროცესები არ გაღრმავდეს.

სტატიაში ჩამოთვლილია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ცხელი წერტილები, მოკლედ არის მიმოხილული მათი გეოპოლიტიკური მონაცემები (მდებარეობა, ფართობი, მოსახლეობა) და ისტორია: მთიანი ყარაბაღი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ჩეჩნეთი (ულრიხ შმიდი: „ჯერჯერობით ადგილობრივი პრორუსი ლიდერი რამზან კადიროვი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინასთან ომში, მაგრამ ცენტრის დასუსტება სიტუაციას ჩეჩნეთშიც შეცვლის“), თათრეთი („თათრეთი ავტონომიური რესპუბლიკაა, მას ძლიერი საკუთარი იდენტობა აქვს. თუმცა, პუტინის მმართველობის პერიოდში, რესპუბლიკას თავისი უფლებების შეკვეცამ მოუწია“), დნესტრისპირეთი...

პოსტსაბჭოთა სივრცის არასტაბილური კერების ჩამონათვალში შეტანილია, აგრეთვე, საქართველოს რეგიონებიც (აქვე შევნიშნავთ, რომ სტატიის ტექსტში ზოგიერთი მონაცემი არაზუსტია და თანამედროვე მდგომარეობას არ ასახავს):

აფხაზეთი (ფართობი: 8661 კვ.კმ. მოსახლეობა - 250 ათასი მცხ.)

ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს შემადგენლობაში შედის, 1990-იანი წლების დასაწყისიდან საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს. კრემლი აფხაზების მხარეს მაშინ დადგა, როცა საქართველო სეპარატისტული რეგიონის გაკონტროლებას შეეცადა. ამჟამად გაერო თვალს ადევნებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას.

სამხრეთ ოსეთი (ფართობი - 3900 კვ.კმ. მოსახლეობა - 50 ათასი მცხ.)

1920-იან წლებში ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში მოექცა, სამხრეთ ოსეთი კი საქართველოს შემადგენლობაში არსებობდა. 1990-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ ოსეთმა თავისი თავი საქართველოსგან დამოუკიდებლად გამოაცხადა. ისევე, როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, საქართველო სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებასაც შეეცადა, მაგრამ [2008 წელს] ოსებს რუსები დაეხმარნენ. აქ გრძელდება რუსეთთან მიერთების მცდელობები.

აჭარა (ფართობი - 2900 კვ.კმ. მოსახლეობა - 375 ათასი მცხ.).

1990-იანი წლების დასაწყისში აჭარა, ფაქტობრივად, საქართველოს გამოეყო - რუსეთის დახმარებით, რომელსაც რეგიონში თავისი სამხედრო ბაზა ჰქონდა. მოსახლეობის პროტესტების გამო ადგილობრივი მმართველის - ასლან აბაშიძის მიმართ, მოსკოვი იძულებული გახდა მისთვის დახმარების გაწევა შეეწყვიტა. ამჟამად აჭარას ისევ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ