საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურა საერთაშორისო ორგანიზაციებში - კვირის პალიტრა

საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურა საერთაშორისო ორგანიზაციებში

14 სექტემბერს რუსეთიდან დევნილი ცნობილი ბიზნესმენის - მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა ინტერნეტგვერდმა - „დოსიე“ გამოაქვეყნა მასალა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, ასევე, სხვა მაღალჩინოსნების (ტინი კოქსი, რენე ვან დე ლინდენი, პედრო აგრამუნტი და ბრუნო ადლერი) რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (გე–ერ–უ) შესაძლო კავშირზე. ამ ეტაპზე, სხვა, დაზუსტებული ინფორმაციის უქონლობის გამო, გადაჭრით ამ ფაქტის უარყოფა ან მტკიცება მართებული არ იქნება. თუმცა საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების ისტორია ადასტურებს, რომ გამორიცხული არაფერია.

გაეროს შექმნის პირველივე დღიდან აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაიწყო ფარული დაპირისპირება ამ უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ პირზე გავლენის მოსაპოვებლად. თუმცა “მოსამზადებელი სამუშაოები” უფრო ადრე დაიწყო და ის საბჭოთა დაზვერვის გეგმის მიხედვით წარიმართა.

1948 წლის 3 აგვისტოს ამერიკელმა ჟურნალისტმა უითეკერ ჩემბერსმა, რომელიც 1930-იან წლებში აშშ-ის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო, სენსაციური განცხადება გააკეთა. მაშინ მისი მტკიცებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომელი ელჟერ ჰისი 1937-1938 წლებში მისი საშუალებით საბჭოთა დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა. საინტერესოა, ვინ იყო ელჟერ ჰისი? მისი ბიოგრაფიიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის პერიოდია, როდესაც ჰისი 1945 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ გაეროს დამფუძნებელ კონფერენციაზე გენერალური მდივნის ფუნქციებს ასრულებდა. მანამდე ის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის დიდი ნდობით აღჭურვილი პირი, 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაში მონაწილეობდა. მკითხველს შევახსენებ, რომ იალტის კონფერენცია სტალინის სრული ტრიუმფით დასრულდა. საბჭოთა დიქტატორმა მაშინ მსოფლიოს ახალ გადანაწილებას მიაღწია და მთელი აღმოსავლეთ ევროპა “კომუნისტურ რკინის ფარდაში” მოაქცია.

1946 წელს ელჟერ ჰისმა (1904–1996) სახელმწიფო სამსახური დატოვა და ძალზე პრესტიჟული “კარნეგის ფონდის” პრეზიდენტი გახდა. აი, ამგვარი ბიოგრაფიის პიროვნება დაადანაშაულეს ღიად საბჭოთა აგენტობაში. ჰისმა ბრალდება უარყო, თუმცა სასამართლომ მას ოთხი წლით პატიმრობა მაინც მიუსაჯა, თუმცა არა საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის (ამ დანაშაულის ხანგრძლივობის ვადის გასვლის გამო), არამედ, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო.

beso1-1663655332.jpg
ელჟერ ჰისი მეუღლესთან ერთად სასამართლო პროცესზე. 1950 წ.

1950 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს ხელთ ჰქონდა ჰისის საბჭოთა სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ისინი არ წარადგინა, რადგანაც ამ შემთხვევაში არ მომხდარიყო ინფორმაციის წყაროს გაშიფვრა.

საერთაშორისო ორგანიზაციების გასაკონტროლებლად მიმდინარე ფარულ ბრძოლაში, საბჭოთა სპეცსამსახურების გარდა, განსაკუთრებით საბჭოთა დიპლომატი ანდრეი გრომიკო გამოირჩეოდა, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 1957-1985 წლებში მინისტრი იყო. გრომიკო საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ყოველთვის ისეთი გასაოცარი სიჯიუტით იცავდა კომუნისტურ იდეოლოგიას და საბჭოთა პოზიციას, რომ ამერიკელებმა მას “მისტერ არა“ შეარქვეს. გრომიკო უცხოელ (უპირველესად, განვითარებადი ქვეყნების) დიპლომატებთან ურთიერთობისას ფრთხილად არჩევდა იმ ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიას გამოხატავდნენ.

სტალინის პირადი დავალებით საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები და საგარეო საქმეთა სამინისტრო მცდელობას არ აკლებდნენ, რათა გაეროს გენმდივნად მათთვის მისაღები კანდიდატურა გაეყვანათ. პირველად ხელი 1947-1953 წლებში მოეცარათ, როდესაც პირველი გაეროს გენმდივანი ნორვეგიელი ტრიუგე ლი საბჭოთა გავლენის ქვეშ არ მოექცა და მაქსიმალურად ობიექტურ საერთაშორისო პოლიტიკას ატარებდა. უფრო დიდი წარუმატებლობა ელოდა საბჭოთა კავშირს გაეროს გენმდივნად შვედი დაგ ჰამერშალდის მოღვაწეობის (1953-1961) პერიოდში, რადგანაც ნეიტრალური შვედეთის წარმომადგენელი პროამერიკულ განწყობას არც მალავდა. ამ წლებში საბჭოთა კავშირში დაგ ჰამერშალდი დაუფარავი წყევლა-კრულვის ობიექტი და კარიკატურისტების (პირველ რიგში საბჭოთა პერიოდში ცნობილ მხატვართა ტრიოს – “კუკრინიქსების”) დაცინვის მთავარი სამიზნე იყო.

beso2-1663655332.jpg
დაგ ჰამერშალდი

ჯერჯერობით კვლავ უცნობია გაეროს გენმდივანს საბჭოთა დიპლომატების წყევლამ უწია თუ კა–გე–ბეს კრულვამ, მაგრამ ფაქტია, რომ დაგ ჰამერშალდი 1961 წელს, აფრიკაში მოგზაურობის დროს, ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. საბჭოთა კავშირი ამ ტრაგიკულ ფაქტს, თითქოსდა ელოდაო, წინასწარ კარგად მომზადებული შეხვდა და გამოთავისუფლებულ პოსტზე დაუყოვნებლივ ბირმელი დიპლომატის უ ტანის კანდიდატურის ლობირება დაიწყო. როგორც შემდეგ გაირკვა, საბჭოთა კავშირი კარგად გათვლილი გეგმის მიხედვით მოქმედებდა, რომელიც მისთვის ყოველმხრივ მომგებიანი იყო. თავად განსაჯეთ, იმ პერიოდში ე.წ. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ზენიტში იყო, განსაკუთრებით. აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ამიტომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის – ბირმის (1989 წლის 18 ივნისიდან – მიანმა) წარმომადგენელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დიდი მხარდაჭერა ექნებოდა. გარდა ამისა, 1948 წლის 4 იანვარს დიდი ბრიტანეთის კოლონიამ დამოუკიდებლობა მიიღო და უმალვე დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საბჭოთა კავშირთან, ბირმის ხელისუფლება 1962 წლამდე საბჭოთა კავშირის “დიდი სოციალისტური” მაგალითით ხელმძღვანელობდა და მის “წარმატებულ ფორმულებს” იყენებდა მრავალრიცხოვანი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტისას. განსაკუთრებით “დათბა” საბჭოთა კავშირ-ბირმის ურთიერთობა ბირმის პრემიერ-მინისტრ უ ნუს მმართველობის დროს. უამრავი საბჭოთა სპეციალისტი მიავლინეს ბირმელთა დასახმარებლად და ბუნებრივია მათ შორის საკმაოდ იყვნენ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. მათი ძირითადი ნაწილი საბჭოთა საელჩოში განლაგებულ რეზიდენტურაში დიპლომატების საფარქვეშ მოქმედებდა. კა–გე–ბე–სა და გე–ერ–უს მთავარი კონკურენტი – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ბირმაში დაზვერვის უფრო თანამედროვე მეთოდებს იყენებდა და მისი თანამშრომლები და აგენტურა მრავალრიცხოვანი ფირმებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების “ჩრდილქვეშ” გაცილებით ლაღად გრძნობდნენ თავს. ბირმაში ასევე აქტიურად მოქმედებდა დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის დაზვერვაც.

სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ასეთი „ოპერატიული დაინტერესება“ ბირმით, ამ ქვეყანაში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის დიდი მარაგების არსებობით იყო გამოწვეული (ნავთობის ყოველ-წლიური მოპოვება საშუალოდ ერთ მლრდ. ტონას, ხოლო ბუნებრივი აირის - 2 მლრდ. კბმ-ს აღწევდა. მაგრამ ბირმის ყველაზე მნიშვნელოვან “პროდუქციას” იმ პერიოდში ოპიუმის ნედლეულის ექსპორტი ( საშუალოდ 2,5 ათასი ტონა წელიწადში) შეადგენდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ უ ტანი, ჯერ კიდევ სამშობლოში მოღვაწეობის დროს მოექცა საბჭოთა სპეცსამსახურების (უპირველესად კა–გე–ბეს პირველი მთავარი სამმართველოს 17-ე ტერიტორიული განყოფილების, რომელიც ინდოეთზე, პაკისტანზე, ბირმაზე და სხვ. მუშაობდა) თვალთახედვის არეში და ახალგაზრდა იმედისმომცემი ისტორიკოსის ოპერატიული დამუშავებაც 1940-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ამ ოპერაციაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ახალგაზრდა საბჭოთა “დიპლომატს” -სინამდვილეში კი კა–გე–ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (დაზვერვა) ოპერთანამშრომელს იური პოპოვს ეკუთვნოდა.

უ ტანის ოპერატიული შესაძლებლობები განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როდესაც ის ბირმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა. იური პოპოვი (1923-1994) ბირმაში მუშაობის პერიოდში (1954-1958წწ.) უ ტანის კურატორი იყო. ბირმაში მივლინების დამთავრების შემდეგ პოპოვმა, როგორც წესია, უ ტანი “გადააბარა” სხვა ოპერატიულ თანამშრომელს. ამერიკული წყაროების აზრით ეს პიროვნება იყო ვიქტორ ლესოვსკი –კა–გე–ბეს ოფიცერი, გავლენის აგენტების გადმობირების და მათთან მუშაობის “დიდოსტატი”.

საბჭოთა კავშირის დიდი დახმარების შედეგად უ ტანმა გასაოცარ წარმატებებს მიაღწია – ის 1961 წელს ჯერ გაეროს გენმდივნის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ერთ წელიწადში კი გენმდივნად აირჩიეს. ნიუ–იორკში გაეროს ოფისში გადმოსვლისთანავე, უ ტანმა თავის ერთ-ერთ უახლოეს პირად მრჩევლად ვიქტორ ლესოვსკი დანიშნა. ამის შემდეგ კა–გე–ბეს მიეცა უნიკალური შანსი ფარულად ემართა საერთაშორისო პროცესები და აქტიურად ჩარეულიყო აშშ-ის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში.

beso3-1663655333.jpg
უ ტანი და აშშ პრეზიდენტი ჯონ კენედი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს გარე თვალთვალის ჯგუფებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს ლესოვსკის შეხვედრები აშშ-ის კომუნისტური პარტიის ნაციონალური კომიტეტის საიდუმლო წევრ(!) სტენლი ლიუსონთან, რომელიც თავის მხრივ, ცნობილი შავკანიანთა უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და მასობრივი მიტინგების ორგანიზატორი იყო.

ამ ფაქტებიდან ნათლად იკვეთება, რომ კა–გე–ბეს ძალზე მნიშვნელოვანი ოპერატიული პოზიციები ჰქონდა აშშ-ს რადიკალურ ოპოზიციაში.

უ ტანი წლების მანძილზე თანამშრომლობდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან. მასთან “მეგობრობა” ყველაზე მეტად იური პოპოვს დაუფასდა, რომელიც ბირმაში წარმატებული მუშაობის შემდეგ, იაპონიაში ჯერ უფროს ოპერთანამშრომლად გადაიყვანეს, ხოლო 1969-1973წწ. ის უკვე რეზიდენტად დანიშნეს. იური ანდროპოვის მიერ საბჭოთა დაზვერვის რეორგანი-ზაციის შემდეგ პოპოვი უფრო დაწინაურდა და 1973-1989 წლებში კა–გე–ბეს საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. მრავალი წლის შემდეგ უკვე პენსიონერი ანდრეი გრომიკო, მოსკოვში 1990 წელს გამოცემულ მემუარებში ახასიათებს რა გაეროს გენმდივნებს, განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს უ ტანის პიროვნებას და მის ათწლიან მოღვაწეობას ამ პოსტზე. გრომიკოს სიტყვებით უ ტანი იყო ფრთხილი, ევროპული მანერების მქონე დიპლომატი, რომელიც ინგლისურ ყაიდაზე ცხოვრობდა და ძალზე ობიექტურად ხელმძღვანელობდა გაეროს. რა თქმა უნდა, გრომიკოს ეს შეფასება გულისხმობს, რომ უ ტანი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში პროსაბჭოთა პოზიციებზე იდგა.

უ ტანი ავადმყოფობის გამო 1971 წელს გადადგა თანამდებობიდან და მალე, სამ წელიწადში გარდაიცვალა. ვინ იყო ის? საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტი-ინფორმატორი, რომელიც შეგნებულად აწვდიდა მათ სრულიად საიდუმლო სახის ინფორმაციას, თუ საბჭოთა მხრიდან მართული გავლენის აგენტი, რომელიც მისდაუნებურად ატარებდა პროსაბჭოთა პოლიტიკას? ორივე ერთად?

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი რუსეთის სპეცსამსახურების არქივების “ცხრაკლიტულში ინახება” და იმედია ადრე, თუ გვიან ეს საარქივო დოკუმენტები დღის სინათლეს ნახავს.

(პირველი ნაწილის დასასრული)