"მუდმივად დგამენ აბსურდულ ნაბიჯებს, ამ ნაბიჯებს ჩვენი მხრიდან ვერ ექნება ვერავითარი მხარდაჭერა - მათთვის თვითმიზანი არის საბოტაჟი" - კვირის პალიტრა

"მუდმივად დგამენ აბსურდულ ნაბიჯებს, ამ ნაბიჯებს ჩვენი მხრიდან ვერ ექნება ვერავითარი მხარდაჭერა - მათთვის თვითმიზანი არის საბოტაჟი"

"მუდმივად დგამენ აბსურდულ ნაბიჯებს, ამ ნაბიჯებს ჩვენი მხრიდან ვერ ექნება ვერავითარი მხარდაჭერა - მათთვის თვითმიზანი არის საბოტაჟი იმ პროცესის, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტებსა და მათი ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ინიციატივები პრაქტიკულად არ აქვს.

"ისეთ აბსურდში შევიდნენ, მთლიანად პროცესს ვგულისხმობ ამაში, რაც მათ დააანონსეს, რომ უჭირთ აქედან გამოსვლა. დეოლიგარქიზაცია ამის ერთ- ერთი მაგალითია. თქვეს, რომ დააინიცირებდნენ კანონს და ახლა თქვეს, რომ აღარ აინიცირებენ. რაც შეეხება სხვა თემებს, იქ ინიციატივები, პრაქტიკულად, როგორც ხედავთ, შემუშავებული არ აქვთ. მუდმივად დგამენ აბსურდულ ნაბიჯებს, არავითარი მხარდაჭერა ამ ნაბიჯებს არ აქვს და ჩვენი მხრიდან ვერ ექნება რა თქმა უნდა, ვერავითარი მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, საპარლამენტო ფორმატში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, იქ მზადდება და მომზადდა კანონპროექტები, პარლამენტი რა თქმა უნდა, სათანადოდ განიხილავს ამ კანონპროექტებს,"- განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღონ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებზე კონსულტაციებში და აღნიშნა, რომ ვაშაძის და სხვების თვითმიზანია კანდიდატის სტატუსის მიღების ხელშეშლა.

"მარტივი თამაშებია და ზოგადად ვხედავთ, რომ არიან ოპოზიციური რადიკალური პარტიები, რომელთა თვითმიზანია ხელის შეშლა იმ პროცესისთვის, რაც უკავშირდება 12 რეკომენდაციის შესრულებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩანს, რომ ისინი სასიცოცხლოდ დაინტერესებულნი არიან იმით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვაშაძის და სხვების ასეთი პოზიციაც არის მხოლოდ ამის გამოხატულება. მათთვის თვითმიზანი არის საბოტაჟი იმ პროცესის, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას,"- განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "მოქალაქეების" დეპუტატის, ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა იყოს ღია და აღნიშნა, რომ ამ საკითხს მათთვის პრინციპული დატვირთვა არ აქვს, ამიტომ სავარაუდოდ, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

IPN