ისევ ტერორისტი, ისევ მძევლები, ისევ "საქართველოს ბანკიდან" მილიონების მოთხოვნა... ოღონდ ამჯერად ბომბების აფეთქების მუქარით - კვირის პალიტრა

ისევ ტერორისტი, ისევ მძევლები, ისევ "საქართველოს ბანკიდან" მილიონების მოთხოვნა... ოღონდ ამჯერად ბომბების აფეთქების მუქარით

ბადრი ესებუას „საქმე“ ცოცხლობს“, მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რაც სრულიად მოსალოდნელი გახლდათ იმის ფონზე, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და ნახევარი მილიონის წაღების შემდეგ, მას პასუხი დღემდე არ უგია...

...შსს იტყობინება, რომ 20 სექტემბერს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

ამ დროისთვის შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლებს ვიდეოკადრების გავრცელება აიძულა, რომელშიც 3 სთ-ში 2 მლნ. დოლარს მოითხოვს და თავისი განზრახვის სერიოზულობის დასამტკიცებლად მძევალს სპეციალურად აღებინებს ბანკის შესასვლელი კარის შიგნიდან დამაგრებულ ორ თვითნაკეთ მოწყობილობას, რომლებიც სხვადასხვა ფერის ნათურებით ციმციმებენ და ეტყობა, უნდა დატოვონ დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების შთაბეჭდილება...

ამასთან, მძევლის მიერ გადაღებულ კადრში მოჩანს თავად მძარცველი, რომელიც ამერიკული არმიის ძველი ფასონის კამუფლირებულ ფორმაშია, აცვია მისთვის შედარებით პატარა ზომის ჯავშანჟილეტი (თუ არ ვცდები, ასეთივე ჟავშანჟილეტები ერაყის სამშვიდობო ოპერაციის დროს გვქონდა), სახეს უფარავს შავი ნიღაბი და ხელში, სავარაუდოდ, დისტანციური მართვის მოწყობილობა უკავია, რომელზე ხელის გაშვებამაც, წესით, უნდა გამოიწვიოს კარზე მიმაგრებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება...

თუკი ორი წლის წინ ზუგდიდის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი ბადრი ესებუა ავტომატითა და რგოლგამოცლილი ხელყუმბარის აფეთქებითაც აშინებდა ხალხს და დააშინა კიდეც ნახევარი მილიონის უკვალოდ წაღებით, მისი ქუთაისელი მიმდევარი ისევ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლების აყვანისას, ასევე, იმუქრება დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებით, თუკი სპეცსამსახურები ძალის გამოყენებით ეცდებიან მის გაუვნებელყოფას, რომლის დროსაც მან დისტანციური მართვის მოწყობილობას შეიძლება ხელი გაუშვას...

რაც შეეხება მისი გაუვნებელყოფის შესაძლო სპეცოპერაციას, ორის ნახევარზე თბილისიდან ქუთაისისკენ მესაზღვრეების ორი შვეულმფრენი გაფრინდა (რომლებმაც დედაქალაქს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს), თითოულ მათგანს 20-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელის გადაყვანა შეუძლია.

რამდენად რალურია შეიარაღებული მძარცველის მიერ ბანკში მიტანილი და კარზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი ხელსაწყოების დისტანციურად აფეთქება?

2-1663672733.jpg
ბანკის შიდა კარებზე მიმაგრებული და სხვადასხვა ფერის ნათურებით მოციმციმე, ვითომ ასაფეთქებელი მოწყობილობები, შეიძლება უბრალოდ მულაჟები იყოს...

ასეთ დროს სპეცსამსახურებმა უნდა გამოიყენონ რადიოსიგნალების ჩამხშობი სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ბანკის შენობაში ჩაახშობს რადიოსიგნალების გავრცელებას სხვადასხვა დიაპაზონებში და მხოლოდ ამის შემდეგ სცადონ იერიშის განხორციელება მძევლების გასათავისუფლებლად...

photo-1663678531.jpg

და კიდევ ერთი - მე, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ავიღებ ამაზე პასუხისმგებლობას, რადგან ეს უდანაშაულო მძევლების სიცოცხლეს შეეხება, მაგრამ ბანკიდან უკვე გავრცელებული ვიდეოკადრების, თავად შეიარაღებული მძარცველის თუ უკვე ტერორისტის ლაპარაკის ინტონაცია, თანხის მოთხოვნის ფორმა და კიდევ სხვა დეტალები, რატომღაც აღძრავს დიდ ეჭვს, რომ მის მიერ დემონსტრირებული, ვითომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიძლება მხოლოდ მულაჟები იყოს, რისი ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლად ტერორისტს მკერდზე დამატებით მორგებული აქვს მოციმციმე ნათურებიც...

პ.ს. ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა. ის რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, შეჭრილი პირი მძევლებს ეუბნება, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამაგრებული და სახიფათო იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ის ბანკში აყვანილ მძევლებს მიმათავს, რომ ჩართონ „ფეისბუქ ლაივი“, რადგან მისი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს მისი მოთხოვნების შესახებ.

მისი ეს ბოლო მოთხოვნა კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ის შეიძლება დიდ აფერას ეწევა ორი მილიონის დასაუფლებლად და იმედი აქვს, ესებუასავით დაუსხლტება...

პ.ს.ს. დამატებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ ტერორისტს მარჯვენა ხელში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს და ხელის მტევანზე ყვითელი საიზოლაციო ლენტი აქვს შემოხვეული, ალბათ, იმის საჩვენებლად, რომ ხელყუმბარას რგოლი აქვს გამოცლილი.

მარცხენა ხელში ღილაკიანი მოწყობილობა უკავია, რომელიც სხვადასხვა ფერის სადენებითაა შეერთებული ტანზე მორგებულ ოთხ მოგრძო ნივთზე, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შთაბეჭდილებას ახდენენ, მაგრამ...

მაგრამ, არ ჰგავს ეს ტიპი არანაირად იმ იდეურ ტერორისტს, რომელიც კამიკაძეობას შეძლებს, თუმცა მისი გვარი, ლაპარაკის კილოდან გამომდინარე, შეიძლება მართლაც ძე-ზე მთავრდებოდეს...