"ნომერ პირველმა პოლიციელმა პარლამენტის ტრიბუნიდან ერთი განცხადებაც ვერ გააკეთა, რომელიც კრიმინალს გაუგზავნიდა მკაფიო მესიჯს, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან" - კვირის პალიტრა

"ნომერ პირველმა პოლიციელმა პარლამენტის ტრიბუნიდან ერთი განცხადებაც ვერ გააკეთა, რომელიც კრიმინალს გაუგზავნიდა მკაფიო მესიჯს, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან"

"ნომერ პირველმა პოლიციელმა პარლამენტის ტრიბუნიდან ერთი განცხადებაც ვერ გააკეთა, რომელიც კრიმინალს გაუგზავნიდა მკაფიო მესიჯს, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან", - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის შეჭრას გამოეხმაურა და პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მიერ ბადრი ესებუასთან დაკავშირებული კითხვებზე გაცემული პასუხები გაიხსენა, რომელიც მისი შეფასებით, არც მოქალაქეებში ტოვებდა დაცულობის განცდას.

"ძალიან მიჭირს ახლა სხვა რამეზე კონცენტრირება, რადგან ყველანი ძალიან ვღელავთ და იმედი მაქვს, რომ რისკის გარეშე დასრულდება, მაგრამ ალბათ, ყველას გვახსენდება კრიმინალით დამძიმებული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში და რაც კიდევ უფრო სავალალოა, არაჯანსაღი დამოკიდებულება უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, როცა პრობლემის უარყოფა ხდება და მანამ, ვიდრე უარყოფა ხდება, პრობლემები ვერ გვარდება. მე ასევე შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსვლას პარლამენტში, როცა მე და რამდენიმე კოლეგამ კითხვა დავუსვით ესებუასთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ მთელი სამინისტრო ყველაფერს აკეთებს უკვე ერთი წელია ესებუას დასაკავებლად, იყო ჩემი რიტორიკული კითხვაც - როცა საქართველოს მოქალაქემ მოისმინა მინისტრის განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ყველაფერს აკეთებდა შსს მის დასაკავებლად და ერთი წელი ვერ შეძლო დაკავება, აჩენდა თუ არა ეს დაცულობის გრძნობას მოქალაქეებში და დამნაშავეთა სამყაროში იმის განცდას, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენენ, პასუხს აგებენ. ნომერ პირველმა პოლიციელმა ვერანაირი განცდა ვერ დატოვა, ერთი განცხადებაც ვერ გააკეთა, რომელიც მოქალაქეებს დაამშვიდებდა და ეტყოდა, რომ ნუ გეშინიათ შს სამინისტრო დაიცავს თქვენს უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, კრიმინალს გაუგზავნიდა მკაფიო მესიჯს, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან, მას არაფერი ჰქონდა სათქმელი და ბოლოს იმდენად შეწუხდა სიმართლის მოსმენით, რომ დარბაზიც დატოვა,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელიც არსებული ინფორმაციით, 2 მილიონ დოლარს, რუსულ დროშას, ანკესს და ვერტმფრენს მოითხოვს.

არსებული ინფორმაციით, შეჭრილი პირი მძევლებს ეუბნება, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამაგრებული და სახიფათო იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

IPN