დასავლეთის კარების გაღება უდიდეს საკითხს წარმოადგენს ყოველი თვითშემცნობი და მოქმედი ერისთვის - კვირის პალიტრა

დასავლეთის კარების გაღება უდიდეს საკითხს წარმოადგენს ყოველი თვითშემცნობი და მოქმედი ერისთვის

ყური მოვკარი, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, უფრო ზუსტად კი ოქრუაშვილი ამბობდა, რომ წერტილს დაუსვამს პოლიტიკურ საქმიანობას. გავიფიქრე, დაე, ეს იყოს მოძველებული პოლიტიკოსების დასასრულის დასაწყისი. სიტყვა „მოძველებულში“ ვგულისხმობ სისტემას, აზროვნებას, მიდგომას, პიროვნებებს... გადაავლეთ თვალი ტელევიზიებს, შეკითხვებიც აღარ დარჩათ. აბსოლუტურად მცდარია ქმედებები ევროპისკენ სწრაფვის გზაზე. ვგულისხმობ, როცა სისტემას ერთ კაცთან, ხოლო თავისუფლებას - მეორე კაცთან აიგივებ, დროის ფლანგვაა ყოველი ქმედება... ამიტომ აღარ ვწერ მათზე.

სრულიად შემთხვევით გადავაწყდი გერონტი ქიქოძის წერილს ევროპაზე, რომელიც არ არის ცნობილი და ბევრი საგულისხმო რამ ამოვიკითხე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ძველები ამბობდნენ: სინათლე აღმოსავლეთიდან მოდისო. ეს მართლაც ასე იყო, სანამ აღმოსავლეთში სპარსული, არაბული, სირიული და ბიზანტიური კულტურა ყვაოდა. დასავლეთი ევროპა კი ნაკლებ დასახლებულ და ნაკლებ დამუშავებულ ქვეყანას წარმოადგენდა. მაგრამ კარგა ხანია, რაც მსოფლიო მნათობი დასავლეთისკენ გადაიხარა და გამანათებელი თუ გამათბობელი კულტურული ენერგია დასავლეთ ევროპიდან ეძლევა კაცობრიობას. ამიტომ დასავლეთის კარების გაღება უდიდეს საკითხს წარმოადგენს ყოველი თვითშემცნობი და მოქმედი ერისთვის. უამისოდ მის კერას გაციება და მის სახელს გაყინვა მოელის.

ამის შესახებ გუშინ კიდევ შეიძლებოდა კამათი და გუშინ მართლაც კიდევ მოიპოვებოდნენ ალაგ-ალაგ ადამიანები, რომელნიც უარყოფდნენ ევროპის კულტურულ მეთაურობას. განსაკუთრებით რუსეთში ბევრი იყო ასეთი ჯურის ხალხი, ისინი თავიან თავს სლავიანოფილებს უწოდებდნენ. ცნობილია, რომ უსაზღვრო სიყვარული ადამიანს ოდნავ აბრმავებს და ოდნავ ახელებს. სლავიანოფილებსაც ასე მოსდიოდათ. ვეღარ არკვევდნენ ვერც საგნების ნამდვილ ზომას, ვერც მოვლენების ნამდვილ ურთიერთობას. მათთვის რუსი ვლადიმერ სოლოვიოვი უფრო დიდი ფილოსოფოსი იყო, ვიდრე გერმანელი შელინგი ან ჰეგელი და რუსი დოსტოევსკი უფრო დიდი მწერალი იყო, ვიდრე ინგლისელი შექსპირი. ბევრს ბჭობდნენ ევროპული კულტურის მოტეხვასა და გახრწნაზე და საბოლოოდ დამხობასაც უწინასწარმეტყველებდნენ. კაცობრიობის განახლებას და ხსნას რუსეთის მხრით ელოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ აზროვნების საფუძველი უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე ისტორიულ-ფილოსოფიური და მისტიკური ბუნების მიუხედავად, მას საგრძნობლად უდიოდა ყაზახური ჩექმების სუნი. დღეს მისი უსუსურობა გამოაშკარავდა. აღმოჩნდა ის, რაც წინათაც ნათელი იყო მიუდგომელი მეთვალყურისათვის. არ არსებობს ჩამოყალიბებული ტიპი სლავიანური კულტურისა. არსებობს მხოლოდ დიდი დასავლურ-ევროპული კულტურა, რომელიც ძლიერმა ლათინურმა და გერმანულმა ტომებმა შექმნეს. სლავიანებმა ამ კულტურის ელემენტები მხოლოდ მეტ-ნაკლებად აითვისეს; პოლონელებმა უკეთ, ვიდრე რუსებმა, ჩეხებმა უკეთ, ვიდრე სერბებმა;

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ევროპულმა კულტურამ უცილობლად დაამტკიცა თავისი უპირატესობა, ჩანს ჯერ კიდევ არ მოტეხილა როგორც ერთ დროს ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია მოტყდა, ჩანს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს არაჩვეულებრივი ნიჭი გაახალგაზრდავებისა და განახლებისა. მართალია რუსული კულტურა მცირეწლოვანია, მაგრამ როგორც თვით რუსმა მწერლებმა აღნიშნეს, მას უკვე აშკარად ეტყობა სიბერისა და გადაგვარების ნიშნები. რაღაც დამბლის მსგავს სნეულება დასჩემებია და ამ სნეულების შედეგი უმოქმედობა და უნაყოფობაა.

მძლავრ ვნებათა ადგილი ავადმყოფურ მგრძნობელობას დაუჭერია. ნებისყოფა შებოჭილია, პრაქტიკული მოქმედება დასუსტებული. ეს ეროვნული სენი, სხვათა შორის იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ რუსეთი ნახევრად ევროპული, ნახევრად აზიური ქვეყანაა და თავის არსებაში იმთავითვე გამთიშავ ძალებს ატარებს. უკვე საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც მონღოლთა ურდოებმა რუსის ხალხის ბუნებას დაოსებული აღმოსავლეთის სული დაამყნეს.

ახალი ხანა იწყება კაცობრიობის ცხოვრებაში. თანამედროვე საომარ და სამრეწველო ტექნიკაში გამოაშკარავდა უმაგალითო დაგროვება და შენივთება ადამიანური ნებისყოფისა, რომელმაც ლამის მთელი დედამიწის ზედაპირი წალეკოს. კაცობრიობა ახალი იდეალების მიხედვით ეწყობა. ამ იდეალებში მამაკაცური თვითმოქმედება სჭარბობს დედაკაცურ მიმტევებლობას. ყოველი ცოცხალი ერი იძულებულია თავისი შესაფერისი ადგილი გამონახოს ამ ახალ საერთაშორისო წეს-წყობილებაში.

ჩვენს სამშობლოს იმდენად ძირითადი კულტურული ფონდი არ ესაჭიროება, რამდენადაც მოძრავი კაპიტალი. ეროვნული ნიადაგი, ამ სიტყვის პირდაპირი და ნართაული მნიშვნელობით, ჩვენც იმგვარივე გვაქვს როგორიც დასავლეთ ევროპას. ჩვენი დედამიწა იმავე ათასწლოვანი კულტურული შრომითაა გაპოხიერებული. მისი გული იმავე ინდუსტრიული მადნითაა მდიდარი. ასე, რომ დღეს უფრო ახალი თესლი და ახალი შრომის მეთოდები გვესაჭიროება, ვიდრე ნიადაგის გამოცვლა ან გადაბრუნება. საჭიროა, რომ დასავლეთის კარები ფართოდ გავაღოთ, რათა უხვად შემოვიდეს ევროპული იდეები, შეხედულებები, მიდგომები.

ესეცაა, რომ იდეები მოგზაურობენ და მათ მოხერხებული და გატკეპნილი გზები სჭირდებათ, როგორც ადამიანებს და საქონელს. თუ აქამდე კულტურული თუ პოლიტიკური იდეები გვაკლდა, ეს იმით აიხსნებოდა, რომ ჩვენს ქვეყანასა და დასავლეთ ევროპას შორის გარდაუვალი ბუნებრივი და სოციალური ზღუდეები იყო აღმართული.

საერთოდ, უნდა ითქვას რომ ახალი ტექნიკის შემწეობით სრულიად იშლება ძველი გეოგრაფიული და ტოპოგრაფიული საზღვრები, საერთაშორისო ურთიერთობა უფრო მჭიდრო და წესიერი ხდება. ასეთ პირობებში, შეუძლებელია ქართველმა ერმა თავი არ დააღწიოს ვიწრო და ნესტიან სენაკს, სადაც ის დიდხანს იყო გამომწყვდეული და ფართო პოლიტიკურ -კულტურულ ასპარეზზე გავიდეს.

პ.ს. მე ყველაზე მეტად მაფიქრებს ის, რომ წერილი 1916 წლით თარიღდება.