შსს ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს.

კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავთ უწყების თანამშრომლებს შენობიდან ადამიანები და თავად მძარცველი, რომელსაც უწყების ავტომობილში სვამენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია დააკავა.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"