რუსეთის არმიაში მობილიზირებულებს თავად რუსი ოფიცრები დაცინვით „პარტიზანებს“ ეძახიან და ბრძოლაში მათი დახმარების დიდი იმედი არ აქვთ... - კვირის პალიტრა

რუსეთის არმიაში მობილიზირებულებს თავად რუსი ოფიცრები დაცინვით „პარტიზანებს“ ეძახიან და ბრძოლაში მათი დახმარების დიდი იმედი არ აქვთ...

რუსეთმა უკრაინასთან ომში წაგების საფრთხე იგრძნო და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა...

მოხდა ის, რაც გარდაუვლად მოჩანდა მას შემდეგ, რაც პუტინს ბლიცკრიგის გეგმა ჩაეშალა უკრაინის და, პირველ რიგში, მისი დედაქალაქის - კიევის სწრაფი დაპყრობის სახით...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აღმოჩნდნენ მზად ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად და, მით უმეტეს - ათას კმ-ზე ბევრად მეტ მანძილზე გადაჭიმული ფრონტის სხვადასხვა უბანზე წარმატებული შეტევითი ოპერაციების მუდმივად განსახორციელებლად და წინ წასაწევად, ახალი უკრაინული მიწების დასაპყრობად.

ის, რომ საბრძოლო ინიციატივა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინასთან ომში დაკარგეს, უკვე ზაფხულშივე გამოჩნდა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში უკრაინის არმიის მიერ ხარკოვის მიმართულებაზე ელვისებური კონტრიერიშების შედეგად რუსული თავდაცვითი ზღუდეების ჩამოშლამ, ეტყობა, თავად კრემლის ბინადარიც დაარწმუნა, რომ საქმე ომში რუსეთის სამარცხვინო წაგებისკენ მიდის...

პუტინს არანაირად არ უნდოდა სიტყვა მობილიზაციის ოფიციალურად გაჟღერება, მით უმეტეს, რომ ამ ფართომასშტაბიან ომსაც ის და მთლიანად რუსული პროპაგანდა მოკრძალებით „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ ჯიუტად ნათლავს.

ჩვენი პლანეტის ზესახელმწიფოებას დაჩემებული რუსეთის ხელისუფლებისთვის თავისმოჭრად მოჩანს ომის წაგება მასთან ბევრად პატარა უკრაინასთან, რომელსაც კრემლი ათწლეულები მხოლოდ დაცინვით მოიხსენიებდა...

ახლაც რომ არ „გაიტოლოს“ უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ მედიდურად აცხადებს, რომ მის ქვეყანას უკრაინა კი არა, არამედ, მთელი ნატო და დასავლეთი ებრძვის, რომლებსაც რუსეთის სრული განადგურება სურთ, მაგრამ პირველი ტყვია ვინ გაისროლა?!

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ითვალისწინებს 25-მილიონიანი სამობილიზაციო რესურსიდან თავდაპირველად მხოლოდ 300 ათასი ადამიანის გაწვევას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის - შოიგუს განცხადებით, მობილიზაცია არ შეეხება სტუდენტებს, მაგრამ მობილიზებული იქნებიან სამი კატეგორიის მამაკაცები, მათ შორის, ვისაც უკვე უმსახურია რუსეთის არმიაში, ვისაც აქვს კონკრეტული სპეციალობა, რაც არმიას სჭირდება და ვისაც საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება გააჩნია...

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები არ გაიგზავნებიან უკრაინის ფრონტზე.

უშველის კი რუსეთს უკრაინასთან ომში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყება?

თვით ნაწილობრივი მობილიზაციის ტექნიკურად განხორციელებაც კი ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტში.

პირველი, საჭირო გახდება რამდენი ასეული ათასი ადამიანის ჯერ მარტო ჩაცმა-დახურვა, მით უმეტეს - ზამთრის პერიოდში;

მეორე, ამ რაოდენობის რეზერვისტის აღჭურვა აუცილებელი ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით დიდი სამობილიზაციო რეზერვის მოძიებას საჭიროებს;

მესამე, ასეთ რეზერვისტებს, წესით, რამდენიმე თვე მაინც სჭირდებათ პოლიგონებზე მოსამზადებლად, სანამ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვეულებრივ „საზარბაზნე ხორცად“ იქცევიან;

მეოთხე, თუნდაც რამდენიმეთვიანი გადამზადება გავლილი რეზერვისტი, მეტწილად, მაინც სამოქალაქო პირად რჩება და მისი საბრძოლო ეფექტიანობა მაინც ძალიან დაბალ დონეზეა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საბრძოლო სულისკვეთებაზე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომისას;

მეხუთე, მობილიზაციის დაწყება, თუნდაც - ნაწილობრივის, აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ მღელვარებას რუსეთში, განსაკუთრებით, კი - დიდ ქალაქებში;

მეექვსე, სწრაფი ტემპით გაიზრდება სამობილიზაციო ასაკის რუსეთის მოქალაქე მამაკაცების გადინება რუსეთიდან სხვა, ძირითადად, იმ მეზობელ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გარეშე შეუძლიათ შესვლა.

დიდი ალბათობით, ამ ქვეყნების სიაში ჩვენი საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს, რისი დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება...