"ნაწილობრივმა მობილიზაციამ რუსეთის ბაზარი ძლიერ ჩამოშალა" - როგორი გამოხმაურებები მოჰყვა პუტინის განცხადებას უცხოეთში? - კვირის პალიტრა

"ნაწილობრივმა მობილიზაციამ რუსეთის ბაზარი ძლიერ ჩამოშალა" - როგორი გამოხმაურებები მოჰყვა პუტინის განცხადებას უცხოეთში?

რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის“ გამოცხადებაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - როგორც პოლიტიკური, ასევე - ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ბრიტანული „ბი-ბი- სის“ რუსული სამსახურის (BBC russian) მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი (სათაურით - „ნაწილობრივმა მობილიზაციამ რუსეთის ბაზარი ძლიერ ჩამოშალა“).

რუსეთის ბაზრებმა „ნაწილობრივ მობილიზაციაზე“ ნეგატიური რეაგირება მოახდინეს - ისევე, როგორც თებერვლის ბოლოს, ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების დროს, ახლაც, ასე ვთქვათ - „ჩამოიქცნენ“: ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთ საათში „მოსბირჟის“ ინდექსმა 4%-ით დაიკლო, ხოლო „ერ-ტე-ესისამ" - 5%-ით. რუბლმაც კი, რომელიც მტკიცედ ინარჩუნებდა კურსს, გაიაფება დაიწყო, თუმცა შემდეგ კურსის დაცემის ტემპი შენელდა.

ანალიტიკოსები კოტირების რყევას პირდაპირ უკავშირებენ „პოლიტიკური ხასიათის ახალ მნიშვნელოვან ამბებს“ და „გეოპოლიტიკური რისკების ზრდას“.

„ბუნებრივია, რომ მობილიზაციის გამოცხადებამ ბაზრების დაცემის მორიგი ტალღა გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ შიშებს, თუ რა გავლენას მოახდენს იგი ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც კარგ ფორმაში არ იმყოფება", - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

როგორც ბრიტანული „ბიბისის“ რუსული სამსახურის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი - ოლგა სამინა წერს კომენტარში, ჯერჯერობით პროგნოზების უმეტესობა ისეთია, რომ კრიზისი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, მაგრამ - არც მაინცდამაინც მკვეთრი. დამატებითი სავაჭრო სანქციების შედეგებს მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში დავინახავთ, როცა რუსეთის ჩამორჩენა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით გაღრმავდება.

მობილიზაციის შედეგებს ეკონომიკური პროგნოზების მნიშვნელოვანი ცვლილება შეუძლია: ფაქტობრივად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ომში წავა - ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ იმუშავებენ, ფულს აღარ დახარჯავენ... შესაბამისად, დაეცემა პროდუქციის გამოშვება და მოხმარება. კომპანიების მუშაობაც, ნაწილობრივ, სამხედრო ყაიდაზე გარდაიქმნება და სამხედრო საჭიროებას დაექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ „სამოქალაქო საქონლის“ გამოშვება და ინვესტიციების ჩადება ძალიან შემცირდება.

ფაქტობრივად, კრიზისი, რომელიც შეიძლება გაჭიანურებული ყოფილიყო, ნელი და ნაკლებმტკივნეული, ახლა შეიძლება ძლიერი დაცემით და დაყოვნებული აღდგენით გამოიხატოს. ეს გარემოება, ალბათ, ინვესტორებს დააფრთხობს“, - აღნიშნულია კომენტარში.

წყარო

აქვე გაგაცნობთ „ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებულ ევროპელი ლიდერების კომენტარებსაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრე ფიალამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ უკრაინაში მიმდინარე ომის კიდევ უფრო ღრმა ესკალაციის მცდელობად მიიჩნია. „ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთ აგრესორს წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა ჩეხმა ლიდერმა.

პეტრე ფიალას თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისათვს დახმარების გაგრძელება, რაც თვით ჩეხეთის ინტერესებშიც შედის: „სწორედ ჩეხეთი იყო ის პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას მძიმე შეიარაღება მისცა რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ და ამარაგებდა ტანკებით, ვერტმფრენებით და საარტილერიო სისტემებით“.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მობილიზაციის ბრძანებულება „რუსეთის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯად“ შეაფასა. კანცლერ ოლაფ შოლცის ოფისმა კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „გერმანიის ლიდერი, რუსეთის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გადაწყვეტილებაში კრემლის გეგმების ჩაფუშვას ხედავს, რომელიც თან სდევს მოსკოვს უკრაინაში შეჭრის დღიდან“.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის - მარკ რიუტეს განცხადებით, რეფერენდუმების ჩატარების გეგმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ კრემლში პანიკა დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება უკრაინის ომში რეზერვისტების მობილიზების დაწყების თაობაზე იმის მანიშნებელია, რომ რუსებს საომარი მოქმედებების წარმოების ძალა აღარ შესწევთ. „პუტინი და მისი თავდაცვის მინისტრი თავიანთ ათი ათასობით მოქალაქეს სასიკვდილოდ გზავნიან - ცუდი აღჭურვილობით და ცუდი მეთაურობით. არანაირ პროპაგანდას და აგიტაციას არ შეუძლია იმ ფაქტის დამალვა, რომ ამ ომში უკრაინა იმარჯვებს და რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთ მუშტად არის შეკრული კიევის დასახმარებლად, რუსეთი კი გარიყულია“, - ამბობს ბენ უოლესი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ადრე ლაპარაკობდა, მობილიზაციას არ გამოვაცხადებო, ასევე ამბობდა, რომ უკრაინის ტერიტორიის მიერთებას არ ვაპირებო, ახლა კი იგი ორივე დაპირებას არღვევს, კვაზი-რეფერენდუმების მომზადების სახით.

წყარო

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) პუბლიკაციაში, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით - „მოწოდებები მობილიზაციის წინააღმდეგ“, ნათქვამია, რომ ახალგაზრდულმა მოძრაობა „ვესნამ“ (Весна) სრულიად რუსეთის საპროტესტო აქცია დააანონსა: „ახალგაზრდული დემოკრატიული მოძრაობა „ვესნა“ მოუწოდებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, გამოვიდეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ: „ათასობით რუსი მამაკაცი - ჩვენი მამები, ძმები და ქმრები - ომის ხორცსაკეპში ჩავარდებიან. რისთვის დაიხოცებიან ისინი? რისთვის დაღვრიან დედები და ბავშვები ცრემლს? პუტინის სასახლისათვის?“ - დაწერეს „ვესნას“ აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში.

ახალგაზრდები ხაზს უსვამენ, რომ გამოცხადებული მობილიზაცია „ომს ნიშნავს, რომლის შედეგი უკვე ყოველ სახლში, ყოველ ოჯახში მივა. განა რუსები იმიტომ უნდა დაიღუპონ, რომ პუტინის რეჟიმის შეცდომები გამოასწორონ? იმ რეჟიმისა, რომელმაც ქვეყანა კატასტროფულ სიტუაციაში ჩააგდო, იზოლაციასა და სიღარიბეში. დეპუტატები და ჩინოვნიკები, რომლებიც წინა დღეებში მობილიზაციის აუცილებლობაზე გაჰყვიროდნენ, თავიანთ თბილ სავარძლებში დარჩებიან - ცოცხლები და ჯანმრთელები... ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ დეპუტატების და ჩინოვნიკების მობილიზება უნდა მოხდეს უკრაინის ფრონტზე გასაგზავნად... დაე, თვითონ მოკვდნენ თავიანთი ავადმყოფური ფანტაზიებისათვის და არა - ჩვეულებრივი ბიჭები“.

მოძრაობამ მოუწოდა მოქალაქეებს, აქციაზე გამოვიდნენ პროტესტით - „არა მობილიზაციას!“ 21 სექტემბერს, საღამოს 19 საათზე ადგილობრივი დროით, რუსეთის ყველა ქალაქების ცენტრებში. „ეს აქცია მხოლოდ დასაწყისი იქნება დიდი მოვლენებისა - დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იქნება რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. დღეს ყველაფერი ჩვენს ხელშია“, - ნათქვამია მოწოდებაში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ