"ჩემი ძმა, 300 ლარზე მეტი არ მაქვს-მეთქი" - რას ჰყვებიან ყოფილი მძევლები?
"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი, 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია დაკავებულია და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. სასამართლო მალე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. 37 წლის გრიგოლ ნარსია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეუღლესთან გაშორებულია და სახლში მარტო ცხოვრობდა. ბრალდებულის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული და თავად ნარსიაც, თურმე, ხშირად დადიოდა უცხოეთში. გუშინ, დილით, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად შეიარაღებულ მამაკაცს სამოქალაქო ტანისამოსი ეცვა, მაგრამ ფილიალში შეჭრის შემდეგ მან სამხედრო ფორმა ჩაიცვა. თითქმის 9 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი ადამიანები მძევლად და პერიოდულად ისინი ბანკის შენობიდან ვიდეოკადრებს ავრცელებდნენ. კადრებიდან ჩანდა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო, მას ნიღაბი ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. მას, ასევე, ეცვა ბრონის ჟილეტი, სხეულზე მიმაგრებული ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ვიდეოკადრებიდან ისიც კარგად ჩანდა, რომ მამაკაცს ასაფეთქებელი მოწყობილობები შესასვლელ კართანაც ჰქონდა დამონტაჟებული, მას მარცხენა ხელში ეჭირა ამ მოწყობილობების სამართავი პულტი, მარჯვენა ხელში კი, - სავარაუდოდ, ხელყუმბარა, რომელიც წებოვანი ლენტით ჰქონდა ხელზე მიმაგრებული. თავდამსხმელს თან ჰქონდა დანა და ცეცხლსასროლი იარაღი. შეიარაღებულმა პირმა ფილიალში სულ 14 პირი აიყვანა მძევლად. მალევე მძევლებს მან მოსთხოვა სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში ჩართვა და სწორედ მსგავსი საშუალებით გახდა ცნობილი ყველასთვის მისი მოთხოვნები. ნარსიამ სამართალდამცველებს სამი საათი მისცა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მძარცველი რუსულ დროშას, "ენ-კა-ესს", ვერტმფრენს და თავიდან 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, ხოლო დღის ბოლოს - 1.5 მილიონ დოლარს.
მართლაც ურთულესი დღე იყო მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა თვალყურს ადევნებდა იქ მიმდინარე პროცესებს და, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა, საბოლოოდ, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა გუშინ და დღეს პოლიციის განყოფილებაში გრძელდება.
რამდენიმესაათიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ადამიანები იმ მძიმე საათებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მალევე გააცნობიერეს, რომ მძევლები იყვნენ. იმ დროს ბანკში იმყოფებოდნენ მეგობრები, ლევან და შალვა ასათიანები. ბიჭებმა გამოძიებას ჩვენება გუშინვე მისცეს და ისიც ცნობილია, რომ მათ ხელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეკრული ჰქონდათ. სხვებისგან განსხვავებით, ლევან და შალვა ასათიანებმა ბანკის ორ თანამშრომელ გოგონასთან ერთად მძარცველისგან თავის დაღწევა შეძლეს და მის ტყვეობაში სამი საათი გაატარეს.
ლევან ასათიანი:
- ჩვეულებრივად, რიგის ნომერს ველოდებოდი და ამ დროს შემოვიდა. ფორმა ეცვა, ეგ შევნიშნე. თავიდან ვერ მივხვდი, რა და როგორ მოხდა, ფაქტობრივად, თავიდანვე "ლაივში" იყო ყველაფერი. სადღაც 10 წუთში გავაცნობიერე, რომ მძევლად ვიყავით აყვანილები. პანიკა იყო, თუმცა თვითონ ცუდად არ გვექცეოდა ეს ადამიანი. ერთმანეთის დახმარების უფლებასაც გვაძლევდა, პანიკა რომ არ შექმნილიყო. ჩვენი მისამართით მუქარა, ან ფიზიკურად შეხება, მსგავსი არაფერი ყოფილა. ითხოვდა თანხას და ასახელებდა, დროის რა მონაკვეთში უნდა მიეტანათ მისთვის.
- როცა ადამიანები ცუდად გახდნენ, ამაზე რა რეაქცია ჰქონდა და ერთმანეთისთვის დახმარების საშუალებას გაძლევდათ?
- როცა დაინახა, ადამიანები ცუდად ხდებოდნენ და პანიკაში იყვნენ, თვითონაც აწყნარებდა და ეხმარებოდა. არ მახსოვს, რომ შეურაცხყოფა მოეყენებინოს ჩვენთვის ან რამე ზეწოლა მოეხდინა. 112-ში ბანკის თანამშრომელმა დარეკა და მან შეატყობინა ეს ფაქტი. იყო მომენტი, როცა შიში გვქონდა, ეს ბუნებრივია, გაცნობიერებული გვქონდა, რომ მძევლები ვიყავით, მაგრამ შიშს არავინ ავყევით. ერთი ქალბატონი იყო, რომელიც ძალიან ემოციებში იყო, ძალიან ნერვიულობდა. ჩვენ ყველანი ვცდილობდით მის დამშვიდებას და მერე ისიც დაწყნარდა.
- 14 ადამიანი იყავით მძევლად, ის აკონტროლებდა ყველას მოქმედებას?
- არა, ყველას მოქმედებას ვერ აკონტროლებდა და სწორედ ამიტომ მოვახერხეთ და სამართალდამცველებმა შეძლეს თავიდან ჩვენ - 4 ადამიანი იქიდან გამოვსულიყავით. მას ეს გაკონტროლებული რომ ჰქონოდა, იქიდან ვერ გამოვიდოდით. დარბაზიდან არ ჩანდა ის ადგილი, საიდანაც ჩვენ გამოვედით.
- ეს როგორ მოახერხეთ?
- ოთახში მოძრაობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი შალვა არ იყო დარბაზში და მისი ძებნა დავიწყე. მოძრაობის მომენტში შევამჩნიეთ, რომ პოლიციის თანამშრომლები იდგნენ და გვანიშნებდნენ წავსულიყავით კართან და იქიდან გამოვსულიყავით. შენობას ჰქონდა სხვა გასასვლელი და ეს არ იცოდა ეტყობა, მძარცველმა. ამ კარის კოდი ეტყობა იცოდა ბანკის თანამშრომელმა გოგონამ და მან ამ ქაოსში მოახერხა აეკრიფა კოდი და კარი გაეხსნა, ამ გზით იქიდან გამოვიდა თვითონ და კიდევ ერთი გოგონა, რის შემდეგ ჩემი მეგობარი და მეც გამოვედი პოლიციის დახმარებით. ანუ ჩვენ წინ ორი ადამიანი იყო გასული და ის ამას ვერ მიხვდა, მერე ჩვენ რომ გავედით, უკვე მიხვდა, სხვა გასასვლელი რომ იყო და შიგნით დაძაბულობა წავიდა. ის უფრო რთული კადრები რომ აჩვენეს, ეს ჩვენს შემდეგ არის გადაღებული. ჩვენ მძევლად აყვანიდან სადღაც 3 საათში გამოვედით იქიდან.
- რა განცდა იყო, როცა თავი დააღწიეთ მძარცველს?
- მართლა მეორედ დავიბადეთ, ეს ისეთი შეგრძნება იყო, ვერ გადმოგცემთ. შეიარაღებული ადამიანი შიგნით დავტოვეთ, მას იარაღი ჰქონდა და ხელყუმბარაც ეჭირა, მაგრამ იმ სამი საათის განმავლობაში, არც ერთის მისამართით აგრესია არ ჰქონია. ერთადერთი, თავიდან ჩვენი შეშინება უნდოდა და შეგვაშინა კიდევაც - ჰაერში გაისროლა, კარი რომ ჩაკეტა, მერე აღარ ძალადობდა. თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოლარეს, მეტი არაფერი, რადგან მან უთხრა, არ ვიცი, კარის გასაღები სად არისო და მერე, მასთან აღმოაჩინა გასაღები - ამის გამო იყო ცოტა აგრესიული გოგონას მიმართ. კარი რომ გადაკეტა, მაშინ უკვე მივხდი, რომ მძევლები ვიყავით.
შალვა ასათიანი:
- შენობაში კოდირებული კარი იყო, ერთ-ერთმა თანამშრომელმა იცოდა კოდი და დავინახე, როგორ გახსნა მან შიგნიდან ეს კარი და გავიდა. მერე დავინახე პოლიციელი, მან მანიშნა გამოვსულიყავი და გამოვედი. თავდამსხმელმა არ იცოდა ამ კარის შესახებ. ასე გავედით იქიდან სამშვიდობოს მე და ლევანი. თუმცა არ იყო ადვილი ის სამი საათი, რაც შიგნით გავატარეთ. ანერვიულებულები ყველანი ვიყავით და იმ წუთას რას ვაკეთებდით, ვერ გადმოგცემთ. არაადეკვატურებიც ვიყავით ყველანი, რადგან ყველანი ვნერვიულობდით. ქალები რომ დავინახეთ, ძალიან ცუდად იყვნენ და განიცდიდნენ, მერე ყველანაირად შევეცადეთ ცოტა ხუმრობით გაგვენეიტრალებინა სიტუაცია, მოხსნილიყო დაძაბულობა და ცოტა სხვა სიტუაცია შექმნილიყო იქ. მართლა ძალიან ცუდად იყვნენ გოგონები. ზოგს შაქარი ჰქონდა, ზოგს ხელი გაუშეშდა, ზოგი ტიროდა და ჩვენც რომ ავყოლოდით, ნერვიულობით უფრო დიდი შიში და პანიკა შეიქმნებოდა. მართალია, ჩვენც გვქონდა შიში, მაგრამ იუმორით ვცდილობდით ეს ქალბატონები ცოტა მდგომარეობიდან გამოგვეყვანა და ეს შევძელით.
- ფრაზებმა და იმ იუმორმა, რაც ისმოდა ამ რთული დღის პარალელურად, მთელი 9 საათი, დღის ბოლოს, როცა სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა, მართლაც გაახალისა ადამიანები, ამ რთული ვითარების ფონზე, ამას როგორ ახერხებდით?
- არ იყო ადვილი, მაგრამ ეს გვშველოდა ცოტათი. იმ ადამიანსაც კი ეცინებოდა ჩვენს ხუმრობებზე და გოგონები მისგან ასეთ კარგ განწყობას რომ ხედავდნენ, ცოტათი განიტვირთა სიტუაცია და გოგონებიც მეტად დამშვიდდნენ. 112-ში ბანკის თანამშრომელმა დარეკა და აცნობა, რომ მძევლად ვყავდით აყვანილი, მაგრამ ოპერატორმა თავიდან არ დაიჯერა ეს. მერე ჩვენ რომ მოვახერხეთ იქიდან თავის დაღწევა და წამოვედით, მერე აღმოაჩინა მძარცველმა ეს ფაქტი და ამის შემდეგ გაღიზიანდა, თორემ მანამდე არ იქცეოდა ცუდად. ჩვენი მისამართით მუქარა მართლა არ ყოფილა. რას გვეტყოდა, დაგვპატიჟა რესტორანში (იცინის). თქვა, რომ თუ დაეთანხმებიან ჩემს მოთხოვნებს, არ ვაპირებ თქვენ რამე დაგიშავოთ. ამ მთავრობაზე, ხალხზე და ბანკის თანამშრომლებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ვისაც თანხა აქვს, იმან გამოგზავნოს და ყველაფერი მშვიდობიანად იქნება, დაუბრუნდებით თქვენს ოჯახებს, თუ არადა, არ ვიცი, მერე რა მოხდებაო.
ღმერთის წყალობით, ყველანი ჯანმრთელად და კარგად ვართ.
- იქ ადამიანი გახდა ცუდად, წამლის მიწოდებაზე აგრესია ჰქონდა?
- ჩვენი იქ ყოფნის დროს აგრესია არ ყოფილა. მერე, როცა კადრებს ვუყურებდით, გარეთ გამოსულები, ეტყობა, მერე იყო აგრესია, რომ მიხვდა, თანხა არ იყო, თორემ თავიდან რომ გახდა ქალბატონი ცუდად, პირიქით, ბანკის თანამშრომლებს უთხრა, თუ გაქვთ რამე წამალი მოიტანეთ და დაალევინეთო. გოგონებმა მოიტანეს და წამალი დაალევინეს, მას არ შეუქმნია პრობლემა. რომ ამბობენ "ლიმონკა" გახსნილი იყოო, არ ჰქონდა გახსნილი. ჩვენი წამოსვლის შემდეგ ვნახეთ რომ გაღიზიანდა, აღმოაჩინა რაღაც დროის შემდეგ რომ აკლდა ადამიანები და სადღაც გასასვლელი იყო, მერე აღარც საპირფარეშოში უშვებდა ხალხს, რომ არ გაპარულიყვნენ.
- მისი ფსიქიკური მდგომარეობა საეჭვო ხომ არ არის?
- ფსიქოლოგი არ ვარ და არ ვიცი. აგრესიული ნამდვილად არ ყოფილა და თავის ყველა ქმედებას აკონტროლებდა. მაგას რომ არ გაეკონტროლებინა ქმედება, იქ ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნებოდა. ხელი არ უხლია არავისთვის, შეგინებითაც არ შეუგინებია, თავიდან შეაგინა გოგოს, რადგან მან მოატყუა და უთხრა გასაღები არ მაქვსო. მერე მასთან რომ აღმოაჩინა კარის გასაღები, შეაგინა, მერე მისგან გინება არ გამიგია. აგრესიული იყო იმ გოგოს მიმართ, მატყუებსო. დანარჩენისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია წესიერი მძარცველი იყო, ორი მილიონი უნდოდა მხოლოდ. ეს რომ თქვა, მე ვუთხარი, ჩემი ძმა, 300 ლარზე მეტი არ მაქვს-მეთქი. მძევლების ნივთებისკენ არ გაუხედია.
- სამშვიდობოს რომ გამოხვედით და მერე გარედან უყურებდით შიგნით არსებულ ვითარებას, ეს რა განცდა იყო?
- გუშინ ყველანი ძალიან ანერვიულებულები ვიყავით. დღეს ყველანი კარგად ვართ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩვენებაც მივეცით პოლიციაში. ყველანი მოვიკითხეთ და კარგად არიან. ის გოგოც მოვიკითხე, ვინც გუშინ ცუდად გახდა და კარგად გრძნობს თავს. ის ბანკის თანამშრომელია.
(სპეციალურად საიტისთვის)