"მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს"

შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. ამას ბოლო წლებია ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ გთხოვთ, გაერთიანდით, გთხოვთ, დადექით თქვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა მთელი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა თბილისში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა პრიორიტეტული საკითხი იყო საქართველოს სწრაფვა კანდიდატის სტატუსისკენ და რეკომენდაციების შესრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, განხილულ უნდა იქნას, როგორც პოზიტიური ნიშანი.

შესაძლოა, საქართველო იმედგაცრუებულია და მე მესმის ამ იმედგაცრუების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ არსებობს. შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. ამას ბოლო წლებია ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ გთხოვთ, გაერთიანდით, გთხოვთ, დადექით თქვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა მთელი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქართველ ერს სურს, ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იმსახურებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ასე რომ, „ქართულო ოცნება“, გააგრძელეთ ის სამუშაო, რასაც ასრულებთ, გააგრძელეთ მუშაობა ისე, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ იგრძნოს, რომ უსმენენ, რომ მათ პოზიციებს განიხილავენ და რომ ისინი პროცესის ნაწილი არიან. ისე, რომ ინკლუზიურობა არა მხოლოდ ქაღალდზე იყოს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასაც მიმართა და რეკომენდაციებზე მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ჩემი გზავნილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, მათ მიმართ, ვინც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არიან ჩართულები, შემდეგია: გთხოვთ, გააგრძელეთ მუშაობა, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ხმა და ეს თქვენ საშუალებას გაძლევთ, გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. მივმართავ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფების მუშაობაში: გთხოვთ, ჩაერთეთ, მოდის სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, რადგან, დარწმუნებული ვარ ეს არის ის, რაც ქართველ ამომრჩეველს სურს“, - აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

"მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას და მე ასევე დღეს მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, რომ გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს, - მისი თქმით, ომმა დააზარალა როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, ვინაიდან ოკუპაციას და ომს ქართველებიც შეეწირნენ.

„მინდა დავადასტურო, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გაიმეორებს ამას მანამ, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები საბოლოოდ არ გათავისუფლდება და საქართველოს კონტროლს დაუბრუნდება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

IPN