ჩინეთის პრეზიდენტმა არმიას საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა - კვირის პალიტრა

ჩინეთის პრეზიდენტმა არმიას საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია „კონცენტრირებული უნდა იყოს რეალური ბრძოლისთვის მზადებაზე“.

ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა განაცხადა.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ასეთი ინსტრუქცია სახელმწიფოს მეთაურმა გაუგზავნა ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სემინარის მონაწილეებს, რომელიც პეკინში გაიმართა.

ჩინეთის ლიდერის დავალებით, მკაცრად უნდა დაიცვან გეგმა, არმიის რეფორმის მიზნების მისაღწევად.

სი ძინპინის ბრძანება ტაივანის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გამოსცა.

ოთხშაბათს დილით, ჩინეთის საბრძოლო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ში იიმ თქვა, რომ ჩინეთის ქვედანაყოფები ინარჩუნებენ მაღალ საბრძოლო მზადყოფნას აშშ-სა და კანადის საზღვაო გემების ტაივანის სრუტეში გავლის შემდეგ. სარდლობის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარები წინააღმდეგობას გაუწევენ ყველა საფრთხეს და მზად არიან დაიცვან სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

"ინტერპრესნიუსი"