"პუტინმაც კი იცის, რომ ომს აგებს: მისი გადაწყვეტილება რეზერვისტების გაწვევაზე სასოწარკვეთის ნიშანია" - რას წერენ მსოფლიოს ცნობილი გამოცემები? - კვირის პალიტრა

"პუტინმაც კი იცის, რომ ომს აგებს: მისი გადაწყვეტილება რეზერვისტების გაწვევაზე სასოწარკვეთის ნიშანია" - რას წერენ მსოფლიოს ცნობილი გამოცემები?

პუტინის გუშინდელ ბრძანებას "ნაწილობრივი მობილიზაციის" თაობაზე მსოფლიოს ცნობილი გამოცემები ეხმაურებიან.

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინმაც კი იცის, რომ ომს აგებს: მისი გადაწყვეტილება რეზერვისტების გაწვევაზე სასოწარკვეთის ნიშანია“ (ავტორი - მარკ გალეოთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ვლადიმერ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება არა მარტო იმის დემონსტრირებაა, როცა პრეზიდენტი უკვე აღარ ფიქრობს ომის მოგებაზე, არამედ იმისაც, რომ მან კარგად არ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს.

კაცმა რომ თქვას, ბოლო ხანებში ომის მიმდინარეობა, ბრძოლების ტემპი უკვე ვლადიმერ პუტინის მხარეზე აღარ იყო. თავდაპირველად მას ეგონა, რომ უკრაინა ბრძოლის უნარს მალე დაკარგავდა, შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი კიევის მხარდაჭერით „დაიღლებოდა“. მაგრამ უკრაინის არმიის შთამბეჭდავმა კონტრშეტევამ არათუ დაადასტურა მისი ბრძოლისუნარიანობა და მზარდი სულისკვეთება, არამედ დასავლეთი უფრო მეტად განაწყო დახმარების გასაფართოებლად.

სხვათა შორის, დასავლეთის გარდა, უკრაინის სიმტკიცეს სხვებიც ხედავენ და გრძნობენ. ამას წინათ ვლადიმერ პუტინი სამარყანდში იყო წასული, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე - მას იმედი ჰქონდა, რომ კოლეგები უკრაინასთან ომში პრაქტიკულ მხარდაჭერას თუ არა, პოლიტიკურს მაინც აღმოუჩენდნენ, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ჩინეთმა, ინდოეთმა და თურქეთმა რუსეთის პრეზიდენტს ომის სწრაფი შეწყვეტა მოსთხოვეს... და იგი იძულებული გახდა ეს ეღიარებინა.

პუტინი მოსკოვში დაბრუნდა. მისი საერთაშორისო იზოლაცია ხაზგასმულად ნათელი გახდა - რუსეთის პრეზიდენტი არ ესწრებოდა ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვას (არ მიიწვიეს), სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი იმყოფებოდა და არც გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაში მონაწილეობდა (შეეძლო წასვლა, მაგრამ ვერ გაბედა). მისი მოქმედება არ მოსწონთ ავტოკრატებსაც კი, მისი ავტორიტეტი დაეცა ელიტურ წრეებში, აღარავის სჯერა მისი განცხადებების, რომ „სპეცოპერაცია“ ნორმალურად მიმდინარეობს“.

ვლადიმერ პუტინი დილემის წინაშე იდგა: ერთი მხრივ, მას რუსი სამხედროები სთხოვდნენ მობილიზაციის გამოცხადებას, მეორე მხრივ, ანალიტიკოსები ეუბნებოდნენ, რომ ჯერჯერობით მოსახლეობა ომის ნეგატიურ შედეგებს მეტ-ნაკლებად ითმენს, მაგრამ თუ მობილიზაცია გამოცხადდება, მაშინ ეს გადაწყვეტილება ხალხს დააფრთხობს და პროტესტებს გამოიწვევსო.

პრეზიდენტი, აღმოჩნდა რა, არასასიამოვნო არჩევანის წინაშე, დროს ისე აჭიანურებდა, როგორც შეეძლო, მაგრამ სამარყანდის სამიტმა, როგორც ჩანს, იგი აიძულა ემოქმედა.. თუმცა იმას, რასაც ვხედავთ, ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს თანმიმდევრული და სანდო მოქმედება.

აშკარაა, რომ „რეფერენდუმებს“ საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ. ნათელია, რომ ჩინეთისათვის რუსეთის ეს ნაბიჯი არასასიამოვნოა: პეკინი გამოდის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის ერთგულად, რომელსაც ტაივანის კუთვნილების საკითხში თავის სასარგებლოდ იყენებს. გარდა ამისა, „რეფერენდუმების“ ჩატარება თავიდანვე ფარსია, რადგან ის იმ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს, რომელსაც, ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთი მთლიანად და სრულად მაინც ვერ აკონტროლებს.

პუტინის იმედი, როგორც ჩანს, იმით გამოიხატება, რომ უკრაინის ტერიტორიის („რუსეთის ძირ-ძველი მიწების“) ანექსია, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარებთან ერთად, ან უკრაინას შეაჩერებს, ან დასავლეთს დააშინებს და იძულებულს გახდის, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა კიევზე ზეწოლა განახორციელოს [რუსეთის პირობებზე დასათანხმებლად]. მაგრამ არც ერთი და არც მეორე ნდობას არ იმსახურებს. იმის გათვალისწინებით, რომ თეორიულად ბირთვული დარტყმები შესაძლებელია, მაგრამ რეალურად და პრაქტიკულად შეუძლებელი და ნაკლებად სავარაუდო, გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი ისევ ბლეფობს.

რაც შეეხება ე.წ. „ნაწილობრივ მობილიზაციას“, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარში 300 ათასამდე რეზერვისტი იქნება გაწვეულიო, მაგრამ საეჭვოა, რომ ერთი მხრივ, ამდენი ადამიანი მოიძებნოს და მეორე მხრივ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთბაშად ამდენი ადამიანის მიღება შეძლოს.

რუსეთში პირობითად 25 მილიონი რეზერვისტი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად - მხოლოდ 100 ათასი, ან 150 ათასი შეიძლება იქნას ჯარში გაწვეული, იარაღის ხელში ასაღებად. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მათ გადამზადების კურსები უნდა გაიარონ. მაგრამ ვინ მოამზადებს მათ, როცა პროფესიონალი კადრების დიდი ნაწილი ამჟამად ფრონტზე იმყოფება და მოქმედ არმიაში იბრძვის? გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რეზერვისტების გადამზადებას დრო ჭირდება და თუ ისინი მოახლოებული ზამთრის პირობებში დროს კარვებში გაატარებენ, მათი ჯანმრთელობა და მორალური სულისკვეთება ძალიან დაეცემა. რუსეთს არ აქვს ისეთი ცარიელი კაპიტალური ბაზები, სადაც ამდენ რეზერვისტს განალაგებს - იმიტომ, რომ რუსეთის არმიაში მსგავსი „ნაწილობრივი“, მაგრამ მაინც მასობრივი მობილიზაცია [საბჭოთა დროიდან] არ განხორციელებულა. გაწვეულებს იარაღითაღჭურვა დასჭირდებათ, შესაბამისად, ეს ნიშნავს საწყობებიდან ძველი, 1970-იანი და 1980-იანი წლების იარაღი უნდა გამოიტანონ, რომლის აღდგენა ან ვარგისიანობის შემოწმება აუცილებელია.

მთლიანობაში, ალბათ, სამი თვე მაინც დასჭირდება იმას, რომ არასაკმარისად მომზადებული და არამოტივირებული რეზერვისტებისაგან რეგულარული არმიის ახალი ქვედანაყოფები შეიქმნას. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათ ბრძოლა ბევრად უკეთ მომზადებულ უკრაინელებთან მოუწევთ, დიდი ალბათობაა, რომ რუსები სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდებიან - მისგან გამომდინარე ყველა შედეგით და თანმდევი პოლიტიკური პრობლემებით, რომლებიც რუსულ საზოგადოებაში გაჩნდება.

შეიძლება ითქვას, რომ თავისი მოქმედებით ვლადიმერ პუტინი საომარი დაპირისპირების ესკალაციის პროვოცირებას ახდენს. მობილიზაცია ამ შემთხვევაში ომის წარმოების რაიმე განსაკუთრებულ სტრატეგიას არ წარმოადგენს. უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს, ალბათ, იმედი აქვს, რომ თავისი გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ტერიტორიებს მაინც შეინარჩუნებს. ეს კი იმის კარგი ნიშანია, რომ იგი ხვდება - ომის წაგებულია“.

წყარო

დიდი ბრიტანეთის გამოცემა - «The Economist» წერს, რომ „ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა კიდევ უფრო განწირულად გამოიყურება“.

„ვლადიმერ პუტინის პრობლემებს ვერც მობილიზაცია და ვერც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ვერ გადაწყვეტს. სრული ეროვნული მობილიზაცია რუსეთში ძალზე არაპოპულარული მოქმედება იქნებოდა, ამიტომ მან მხოლოდ ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა. რასაკვირველია, ომი ნახევარი წელიწადის ხანგრძლივობით რუსული საზოგადოებისათვის ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ქვეყანამ მეტ-ნაკლებად მაინც თავი აარიდა უარეს შედეგებს, ახალგაზრდების მასობრივი გაწვევა კი ძალიან სარისკოა, რაც სასტიკ აღშფოთებას გამოიწვევს პუტინის რეჟიმის მიმართ. გარდა ამისა, გაწვეულ რეზერვისტებს პირდაპირ ფრონტზე ვერ გაგზავნი, მათ, ჯარგამოვლილებს, მაინც სჭირდებათ მომზადება ბრძოლის ველზე საომრად. იოლი არაა ასი ათასობით რიგითის თუ ოფიცრის გადამზადება და მათთვის გამოცდილი, პროფესიონალი მეთაურების პოვნა. ამ პროცესს ჩვეულებრივ, ნორმალურ სიტუაციაში ერთი წელი მაინც სჭირდება. კიდევ ერთი პრობლემა: ბევრი რეზერვისტი, ალბათ, თავს აარიდებს მობილიზაციას - პუტინის განცხადებიდან, ალბათ, წუთები არ იყო გასული, რომ ისინი სტამბოლის და ერევნის ავიარეისებზე ბილეთებს ეძებდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაც დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ანექსია ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ მიერთებული, მაგრამ ომისაგან საშინლად დანგრეული ტერიტორიები ფინანსურ-ეკონომიკურად განავითაროს, თანაც იმ დროს, როცა ისინი მუდმივად უკრაინის არმიის ცეცხლის ქვეშ იქნებიან - იმ არმიისა, რომელიც დასავლეთის მიერ კიდევ უფრო გაძლიერებული და აღჭურვილი იქნება თანამედროვე იარაღით“

(წყარო)

«The Times» (დიდი ბრიტანეთი):

„პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება და რეზერვისტების ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს უკრაინის ომისათვის“

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმების ჩატარებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთისადმი მიერთების შესახებ. დავუკვირდეთ: თუ მოსკოვი ამ რეგიონების ანექსიას მოახდენს - ანუ რუსეთის შემადგენლობაში მიიღებს, კიევის არმია მოულოდნელობის წინაშე დადგება: გამოდის, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინის იმ ტერიტორიაზე გამოიყენებს, რომელსაც თავისად თვლის. მოსკოვს საკუთარი ბირთვული დოქტრინა ნებას აძლევს მასობრივი მოსპობის იარაღი იმ დროს გამოიყენოს, თუ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას“ (წყარო)

«Sky News» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ პუტინის მუქარები: ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენება და „ნაწილობრივი მობილიზაცია“

როგორც ტონი ბრენტონმა - რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა - განუცხადა Sky News-ის კორესპონდენტს, პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის კონფლიქტის ძალიან მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს. „ამ მომენტამდე რუსეთი, შეიძლება ითქვას, ცალი ხელით იბრძოდა, მეორე კი ზურგზე ჰქონდა შებოჭილი. კრემლი უარს ამბობდა მობილიზაციაზე, იმიტომ, რომ ასეთი ნაბიჯი არაპოპულარული იქნებოდა და საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ შეიქმნებოდა. იგი თავიდანვე წინააღმდეგი იყო, რომ მობილიზაცია გამოეცხადებინა, ახლა კი პრეზიდენტი იძულებული გახდა სამხედროებისათვის დაეჯერებინა... და იმავდროულად ბირთვულ მუქარებსაც დაუბრუნდა. მე არ ვიცი, საბოლოოდ გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა მის რიტორიკაში“, - ამბობს ტონი ბრენტონი.

(წყარო)

«The Sun»: „გაბრაზებული ვლადი. რუსეთის გაუწონასწორებელი პრეზიდენტი დასავლეთის გასაგონად და შესაშინებლად აცხადებს, რომ „არ ბლეფობს“

„რუსეთის პრეზიდენტი გაბრაზებულია. იგი, როგორც ჩანს, გაუწონასწორებელია, ჭკუიდან შეიშალა, როცა აცხადებს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ „ჩვენს ხელთ არსებულ ყველა იარაღს გამოვიყენებო“. მან ბირთვულ შანტაჟში დაგვადანაშაულა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯულიან კიგანმა განაცხადა, რომ „პუტინის მუქარებს ანგარიში უნდა გავუწიოთ“ (წყარო)

«The Wall Street Journal» (აშშ): „პუტინმა რეზერვისტების გაწვევა ბრძანა და ბირთვული იარაღით იმუქრება“

„ის, რაც ვლადიმერ პუტინმა თქვა მობილიზაციის გამოცხადებისას, იმის აშკარა დადასტურებაა, რომ რუსეთს აღარ აქვს უკრაინაში დასავლეთთან დაპირისპირების უნარი - ისეთ დასავლეთთან, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ კოლექტიურად გამოდის“ (წყარო)

«The New York Times»: „სამხედრო წარუმატებლობის ფონზე პუტინი ფრონტზე სულ უფრო მეტ მოქალაქეს იწვევს“

„პუტინის ტელეგამოსვლა იმის მცდელობაა, რომ მან ქაოსურად მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის დომინირება აღადგინოს. სრულიად გასაგებია, რომ ომმა მისი ავტორიტეტი საფუძვლიანად შეარყია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, თავისი გამოსვლით პრეზიდენტმა ხარკი მოუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებიც „სპეცოპერაციას“ მხარს უჭერენ, მაგრამ კრემლს მაინც აკრიტიკებენ: ქვეყნის ხელმძღვანელობა არ იყენებს იმ რესურსს, რაც სრულმასშტაბიანი ომის წარმოებისთვისაა საჭირო“ (წყარო).

«Atlantico» (საფრანგეთი): „ვლადიმერ პუტინი უკან იხევს და იმავდროულად უტევს!“

„რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, თავისი მოქმედება კანონის ჩარჩოებში მოაქციოს. თავდაპირველად, კრემლი აცხადებდა, რომ უბრალოდ, უკრაინის „დენაციფიკაცია“ სურდა და მისი ტერიტორიის ოკუპირებას არასოდეს მოახდენდა. ახლა ამ რეფერენდუმებით მოსკოვი ცდილობს სიგნალი მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას თითქოსდა უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა არ სურს, თითქოსდა მათ რუსეთი უფრო უყვართ... მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს სრულ უკანონობას წარმოადგენს. რაც შეეხება მობილიზაციას: გასაგებია, რომ პუტინმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის არმიას ჯარისკაცები არ ჰყოფნის. რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერია და მას გამარჯვების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, კრემლი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. სხვათა შორის, უკრაინაში მობილიზაცია დიდი ხანია გამოცხადებულია.

ამას წინათ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა თქვა, რომ „ვლადიმერ პუტინს მშვიდობა უნდაო“, მაგრამ როგორი ფასით? უკრაინის კაპიტულაცია ამ ეტაპზე არ განიხილება, მისი დამარცხების კონტურები ჰორიზონტზე არ ჩანს. კიევს დღეს უფრო ძლიერი პოზიციები აქვს, ვიდრე მოსკოვს. ამიტომაც უკრაინა მოლაპარაკებაში დაინტერესებული არ არის. შესაბამისად, დაპირისპირებული მხარეები და ჩვენც, დასავლეთი, სტრატეგიულ ჩიხში ვიმყოფებით.

რაც შეეხება ჩინეთს: კომუნისტ სი ძინპინს ახლა თავისი პარტიის ყრილობის წინაშე ანგარიშის ჩაბარება უწევს. დიდი ალბათობით, იგი ილაპარაკებს ბოროტ ამერიკასა და მისი ნატოელი მოკავშირეების შესახებ, მაგრამ არ იტყვის, რომ რუსეთს პირდაპირ დაეხმარება. ჩინეთი დაინტერესებულია იმაში, რომ აშშ-თან ეკონომიკური კავშირები არ გაწყვიტოს და სათანადო დონეზე შეინარჩუნოს“

(წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ