"უნდა ვიცოდეთ იმ ხალხის ვინაობა, ვინც ადამიანებს აწამებდა, ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ათავსებდა" - კვირის პალიტრა

"უნდა ვიცოდეთ იმ ხალხის ვინაობა, ვინც ადამიანებს აწამებდა, ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ათავსებდა"

უჩა ნანუაშვილი: "ძალზე სამწუხაროა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ჩვენი აწმყო და მომავალი ეწირება"

"როდესაც დღევანდელ საქართველოს ვაკვირდები, 100 წლის წინანდელი, დამოუკიდებელი საქართველო მახსენდება, რომელმაც მხოლოდ 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება! იმედია, ისტორია არ განმეორდება და ქართველები ჩვენს მიზანს ახლა მაინც მივაღწევთ", - გვითხრა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, უფლებადამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელსაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მთავარი შეცდომა კომუნისტური პარტიის ლეგალიზება იყო. ამით ბოლშევიკებს საქართველოში სერიოზული დასაყრდენი გაუჩნდათ. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ახლაც არიან პრორუსული ძალები და პარტიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, ოკუპაციისთვის ნიადაგს ამზადებენ..."

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ სისხლიანი ხალხის ვინაობა, ვინც ადამიანებს ხვრეტდა, აწამებდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ათავსებდა. მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სიმართლის აღიარება აუცილებელია. როდესაც გერმანიაში ფაშიზმი დამარცხდა, ყველამ, ვინც დააშავა, პასუხი აგო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო გერმანიამ ძველი იმიჯის აღდგენა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით..."

"შეიძლება ერთ ნაწილს მართლა სწამს იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია ან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფება. მეორე ნაწილს რაღაც მატერიალური სარგებელი აქვს და ჩვეულებრივი ქვეყნის მოღალატეა. სამწუხაროდ, საბჭოთა სისტემის ნარჩენები ყველგან გვხვდება. მათთვის მიუღებელია ცხოვრების წესი, რომელიც თავისუფლებამ მოიტანა..."

"ლუსტრაცია არ ნიშნავს ვინმეს დასჯას, მაგრამ აუცილებელია ყველამ ყველაფერი ვიცოდეთ. ქართველი ხალხი იმ რეჟიმის მსხვერპლი იყო, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ შორის იყვნენ ჯალათები, რომლებიც რეპრესიებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ მოსახლეობამ უფრო მეტი უნდა იცოდეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე