"მინდოდა, სტრესს გავქცეოდი. ასე შეიქმნა ომარიკო, რომელიც ახლა, 1 წლის შემდეგაც ძალზე პოპულარულია..." - კვირის პალიტრა

"მინდოდა, სტრესს გავქცეოდი. ასე შეიქმნა ომარიკო, რომელიც ახლა, 1 წლის შემდეგაც ძალზე პოპულარულია..."

როგორ შეიქმნა სანდრო გოცირიძის "ომარიკო და მისი ოჯახი"

"ტიკტოკის" ქართულენოვან მომხმარებლებს ალბათ, ერთხელ მაინც უნახავთ ვიდეო ომარიკოს და მისი ოჯახის შესახებ. ამ კონტენტის შემქმნელი სანდრო გოცირიძე გახლავთ, რომელიც ყველა პერსონაჟს თავად ასახიერებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"შინ რემონტი მქონდა, რაც 2 თვეს გაგრძელდა. სტრესული სიტუაცია იყო. მინდოდა, სტრესს გავქცეოდი. პირველი ვიდეო ზუსტად რემონტის თემაზე იყო: მეზობლები შემოდიოდნენ და აფასებდნენ, რაც სახლში ხდებოდა... სწორედ ამ ვიდეოში იყო ბავშვის პერსონაჟიც, თავისი ქუდითა და სათამაშოთი. ასე შეიქმნა ომარიკო, რომელიც ახლა, 1 წლის შემდეგაც ძალზე პოპულარულია..."

img-3548-1663833293.jpeg

"ომარიკოს გარდა, რეალური პროტოტიპი ყველა პერსონაჟს ჰყავს - კონკრეტული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები. რეალურად მათ ვიცნობ. ვიდეოებში მათ სახეს წარმოვაჩენ. მაგალითად, ომარიკოს დედა - ინგა ცოტათი ეგოისტი მშობლების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ცოტათი ძუნწებიც არიან; ანასტასია (ომარიკოს და) დღევანდელი გოგონების ნაწილის სახეა, ვინც ბევრ დროს ატარებს ქუჩაში, "ბესედკაში" და ა.შ."

"ბავშვები და ახალგაზრდები ძალიან მიყვარს. მათთან საერთო ენის გამონახვა მარტივად შემიძლია, მით უმეტეს - ჩემი "ტიკტოკერობის" შემდეგ. ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. ჩემს რეგიონს და საერთოდ, საქართველოს ახალგაზრდა მასწავლებლები ძალიან სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი სახით, რეგიონში 1 ახალგაზრდა მასწავლებელი უნდა იყოს: იურისტად არასოდეს შევდგები, მაგრამ არ მინდა, ამ სფეროში მიღებული ცოდნა დამეკარგოს - მსურს, სხვა მხრივ "დარეალიზდეს". მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ვხდები, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი