"სკოლის მოსწავლე იყო, როცა მოულოდნელად დედა გარდაეცვალა. ბავშვობიდან ჩემს ხელში გაიზარდა" - რას ჰყვებიან ახლობლები მუხიანში გარდაცვლილებზე? - კვირის პალიტრა

"სკოლის მოსწავლე იყო, როცა მოულოდნელად დედა გარდაეცვალა. ბავშვობიდან ჩემს ხელში გაიზარდა" - რას ჰყვებიან ახლობლები მუხიანში გარდაცვლილებზე?

გუშინ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი მეგობრები იყვნენ და სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან. როგორც გაირკვა, ბინა, სადაც ცხედრები ნახეს, ერთ-ერთ მათგანს ახალი ნაქირავები ჰქონდა, ამიტომ, კორპუსში მაცხოვრებლები ბიჭებს არ იცნობდნენ. გარდაცვლილია დიჯეი, 26 წლის ტატო კანდელაკი და მისი მეგობარი, 20 წლის ირაკლი საბაშვილი, რომელსაც მეტსახელად ნარადას ეძახდნენ. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები. მათი ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ამის შემდეგ, მათ საცხოვრებელ სახლებში მიასვენეს. ორივე თბილისში მაცხოვრებელია და ბიჭებს თბილისში დაკრძალავენ. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„ორდღიანი ვერდაკავშირების შემდეგ მივაგენით გაყინულს, მის მეგობართან ერთად, პირდაპირ კარისკენ შერჩენილი თვალებით. მეტს ვერაფერს ვამბობ, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ ვიცი. რეალობაში დაბრუნება მიჭირს. გაუფრთხილდით სიცოცხლეს“, - წერს სოციალურ ქსელში ტატო კანდელაკის მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირება სახელდება, თუმცა ექსპერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს. სოციალური ქსელი აჭრელებულია მათი მეგობრების ტკივილიანი სტატუსებით. ისინი ჩვენთან ტრაგედიის მიზეზებზე არ საუბრობენ.

"ტატო ჩემი მეგობრის შვილი იყო. ძალიან ნაკითხი, განათლებული და უაღრესად კეთილი ადამიანი. მომხდარის მიზეზზე ვერაფერს მოგახსენებთ. თავზარდამცემია ჩემთვის მისი გარდაცვალება. ტატო თბილისში ცხოვრობდა, არაჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. სკოლის მოსწავლე იყო, როცა მოულოდნელად დედა გარდაეცვალა. ბავშვობიდან ჩემს ხელში გაიზარდა. გული შემტკივა კი არა, ხორცები მეწვის, ისე განვიცდი ამ ამბავს.

სადმე გაჭირვებულ-გასაცოდავებულ ცხოველს რომ ნახავდა, მირეკავდა, რომ დახმარებოდა. ბოლოს, ფისო აიყვანა ქუჩიდან და სულ მეკითხებოდა, მას როგორ დახმარებოდა. მახსოვს, სადღაც რაიონში იყო წასული, ფისო ვერ იყო კარგად, ამის გამო თბილისში ჩამოვიდა სასწრაფოდ და მთხოვა ვეტექიმი მიმესწავლებინა, რომ მისთვის დახმარება აღმოეჩინა. ასეთი დიდი გულის ბიჭი იყო. ძალიან კეთილი და ნიჭიერი. დედამისს მხოლოდ მისი ჯავრი გაჰყვა, მაშინ წერილიც დამიწერა, ტატოზე მედარდება, მას რა ეშველებაო. ძალიან ნიჭიერი იყო, ბავშვმა ენციკლოპედია ზეპირად იცოდა. გიტარაზე არაჩვეულებრივად უკრავდა. დიჯეი იყო.

ჩემი ტატო უნიკალური, სიცოცხლით სავსე იყო. 1996 წელს არის დაბადებული. უზომოდ კარგი ბიჭი იყო, წავიდა თავის დედიკოსთან. გულ-მუცელი ჩამეწვა, ნეტა, ეს არ გამეგო. ძალიან მეტკინა გული. ტატოზე ნამდვილად უნდა დაიწეროს სტატია, იმდენად კარგი იყო. მართლაც განსაკუთრებული, ბუნების, მეგობრების, ადამიანების, ცხოველების მოყვარული. სულ ვტირი. უსაყვარლესი, უტკბესი, ძალიან განათლებული იყო ტატოს დედა, მედეა და ტატოც დედას ჰგავდა.

ყველაზე კეთილო ბიჭო, არ ვიცი, რა ვთქვა, დედაც მოულოდნელად დაიღუპა, ახლა ტატო, ჯანმრთელი, საღსალამათი ბიჭი", - გვითხრა მარი ელერდაშვილმა.

ტატო დაოჯახებული არ იყო, როგორც გვითხრეს, მას შეყვარებული ჰყავდა, თუმცა ჯერ ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი.

რაც შეეხება ირაკლი საბაშვილს, ისიც თბილისელია. მასაც დადებითად ახასიათებენ მეგობრები და ამბობენ, რომ ძალიან მეგობრული იყო.

თორნიკე გელაშვილი, ბიჭების მეგობარი:

- ორი ძალიან კარგი სულიერი ძმა დავკარგე. მშვიდობით ტატო და ნარადა, ძალიან ბევრი თავგადასავალი და გართობა გველოდებოდა წინ, მაგრამ წავიდნენ და ერთმანეთს სხვა დროს შევხვდებით ალბათ, ჩემს გულში კი ცოცხლები დარჩებით. ტატო ნიჭიერი დიჯეი იყო, რომელსაც ლაშქრობებში სიარული და სიახლეების აღმოჩენა უყვარდა, სულ ახლის ძიებაში იყო.

ირაკლი საბაშვილი ორი წლის წინ გავიცანი, სპირიტული ადამიანი იყო. ძალიან შემიყვარდა, როგორც ძმა და ვმეგობრობდით. "ნარადა" იყო მისი მეტსახელი. ნარადა პერსონაჟი იყო ჰინდუ რელიგიიდან, ნარადა მუნი. ნარადა, ვიშნუს ავატარა იყო, რომელსაც ტელეპორტაცია შეეძლო და იყო ამბის მთხრობელი, რომელიც მოგზაურობდა. ირაკლი საკუთარ თავს აიგივებდა ნარადასთან და სჯეროდა მასთან სულიერი კავშირის. საოცარი იუმორი ჰქონდა, სულ ხუმრობდა.

ძალიან კარგი ბიჭები აღარ არიან. მძიმეა ეს ჩვენთვის, მისი სამეგობროსთვის.

"რა გამიკეთეთ, ბიჭო. რას მერჩოდით? ორადორი ადამიანი მყავდა ამ დედამიწაზე და არც ერთი აღარ მყავხართ. თქვენგან არ ველოდებოდი. ნეტა, იქ ვყოფილიყავი ახლა ხომ ჩემთან ერთად იქნებოდით. ისევ…

ძალიან მიყვარხართ. ძალიან დიდი სამკუთხედი გვაქვს და ყოველთვის ვიგრძნობ თქვენ სითბოს და ქაოსს ჩემ გარშემო, ძალიან, ძალიან მიყვარხართ, ვერ ვიჯერებ", - წერს მათი მეგობარი გოგონა სოციალურ ქსელში.

(სპეციალურად საიტისთვის)