პუტინის მობილიზაციას საქართველოსკენ გამოქცეული რუსები ადრე რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და დიდი ალბათობით, აგვისტოს ომში უკვე გვსტუმრობდნენ... ტანკებით - კვირის პალიტრა

პუტინის მობილიზაციას საქართველოსკენ გამოქცეული რუსები ადრე რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და დიდი ალბათობით, აგვისტოს ომში უკვე გვსტუმრობდნენ... ტანკებით

რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან რუსეთის მხრიდან მანქანების მრავალკილომეტრიანი კოლონებია ჩამწკრივებული და ისეთი ამბავი ტრიალებს, დედა შვილს არ აიყვანს ხელში...

მაგრამ ეს დაგვიანებული რუსი ტურისტები არ გეგონოთ, რომლებსაც სურთ, პლაჟის სეზონს ქობულეთსა თუ ბათუმში ჩაუსწრონ, ან კახეთში რთველს დაესწრონ - ესენი რუსეთის მოქალაქე ის მამაკაცები არიან, რომლებსაც შეეხებათ 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია და თითქმის გარდაუვალი გახდება მათი უკრაინასთან ომში გაგზავნა, რაც უმეტესი მათგანისთვის დაღუპვით ან უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ დაჭრით დამთავრდება...

21-ე საუკუნის ჰიტლერის - პუტინის ავადმყოფურ ზრახვებს - რაც არ უნდა დაუჯდეს აღადგინოს რუსეთის იმპერია და ამით დაიმკვიდროს თავი მსოფლიო ისტორიაში - რუსეთის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ სურს შეეწიროს და ამიტომაც, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, თავქუდმოგლეჯილები უახლოესი საზღვრებისკენ გაიქცნენ.

მაგრამ რუსეთთან სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა უკვე მოასწრო ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, ფინეთმა, (აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები კერძო ავტომობილებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ისედაც ჩაკეტილი აქვს, კორონავირუსის პანდემიის მომიზეზებით).

ღია რჩება სასაზღვრო გადასასვლელები ჩრდილო კორეასთან, ჩინეთთან, მონღოლეთთან, ყაზახეთთან, ბელარუსთან და ჩვენს საქართველოსთან.

გასაგებია, რომ რუსეთის ევროპულ ნაწილში მაცხოვრებლები აღმოსავლეთისკენ არ გაიქცევიან, რადგან ჩინეთის საზღვრამდე მანქანით მისაღწევად დღეები სჭირდებათ, მაგრამ ისინი არც ბელარუსში გადასვლით იკლავენ თავს და ძირითადი მასა სამხრეთისკენ გამოეშურა, საქართველოში სასწრაფოდ შემოღსაწევად, რისთვისაც ვიზაც კი არ სჭირდებათ.

რუსეთის კანონი მობილიზაციის შესახებ სამხედროვალდებულ მოქალაქეებს მხოლოდ სამ დღე-ღამეს აძლევს, რომ ისინი სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

სწორედ ეს სამი დღე-ღამე (რომლიდანაც ნახევარი დრო უკვე გავიდა 22 სექტემბრის საღამოსკენ) სურთ გამოიყენონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან და ცდილობენ, სასწრაფოდ გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც ბევრი მათგანი 14 წლის წინ უკვე სტუმრობდა, ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე ამხედრებული...

საქმე ის არის, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, პირველ რიგში, იმ მოქალაქეების გაწვევას ითვალისწინებს, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და ასევე, დაუგროვდათ საბრძოლო გამოცდილება, ამასთან, მათი ასაკი 35 წლამდე არის რიგითებისა და სერჟანტების, 50 წლამდე - უმცროსი ოფიცრების (ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი) შემთხვევაში...

რა გამოდის?

თუკი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ტანკით შემოჭრილი რუსი ოკუპანტები - რიგითი ივანოვი 20 წლის, ხოლო უფროსი ლეიტენანტი - პეტროვი 25 წლის იყვნენ, დღეს, 14 წლის გავლის შემდეგ, იგივე 34 წლის ივანოვი და 39 წლის პეტროვი, ოღონდ უკვე მოქალაქეების სტატუსითა და ტაქსებით აპირებენ ისევ ჩვენს საქართველოში „შემოჭრას“, რომ თავისი ქვეყნის დიქტატორის ხუშტურებს ქართულ მიწაზე დაემალონ?!

რატომ არ გარბიან მათ მიერვე „გათავისუფლებულ“ და „აღიარებულ“ ოკუპირებულ აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში?

იმიტომ ხომ არა, რომ ადგილობრივი სეპარატისტები რუს ოკუპანტებთან ერთად, მათ მაშინვე რუსეთში ძალით დააბრუნებენ?

ეს ძალზე სერიოზული მომენტია და საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შესაძლო საფრთხეები, რისი ნაწილობრივ თავიდან ასაცილებლად მაინც უპრიანი იქნებოდა სახმელეთო და საჰაერო სასაზღვრო პუნქტების სასწრაფო ჩაკეტვა რუსეთის, 18-დან 60 წლამდე ყველა მამაკაცი მოქალაქისთვის...

თანაც ეს ისეთი კურიოზული სიტუაციაა, როდესაც კრემლის მიწისქვეშა ბინადარი - პუტინი პირიქით,შეიძლება მადლობელიც კი დარჩეს საქართველოსი - ჩემს მომავალ „საზარბაზნე ხორცს“ - რეზერვისტებს თავის შველის საშუალება არ მისცაო...

ისე კი, იმ რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე მამაკაცისგან, რომლებიც მეორე დღეა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან საქართველოში გამოქცევასა და თავის შველას ცდილობენ, ძალიან ბევრს თავად რუსი მესაზღვრეები არ მოასუნინებენ საქართველოს საზღვრამდე და უკან გააბრუნებენ...