"ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ" - კვირის პალიტრა

"ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ"

თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის როლზე, უკრაინაში რუსულ აგრესიასა და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ 1994-1997 წლებში საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, 1999-2002 წლებში აფხაზეთში (საქართველო) გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, დიტერ ბოდენს ესაუბრა.

- ბატონო დიტერ, მოგესალმებით თბილისიდან, სადაც თქვენ ბევრს, მათ შორის მეც მახსოვხართ. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა გაგვახსენა თქვენი თავი და დაგირეკეთ...

- მადლობა რომ გახსოვართ და დამიკავშირდით...

- ამჯერად დაკავშირების მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის უტიფარი გამოსვლა აღმოჩნდა, რომლის დროსაც მან განაცხადა - „რუსეთი არასდროს არ ერეოდა მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში“.

ამ განცხადებამ გაგვახსენა 20 წელზე მეტი ხნის წინანდელი ისტორია, რომელიც თქვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს - „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ“ ეხებოდა, და რომელსაც თბილისში ქართული მედია მოკლედ „ბოდენის დოკუმენტსაც“ კი უწოდებდა.

მახსოვს, ამ თემაზე თბილისში ცხარე კამათი იყო. უკმაყოფილოები სჭარბობდნენ მომხრეებს, მაგრამ მასში ავად თუ კარგად საუბარი იყო საქართველოსა და აფხაზეთის ერთიან სახელმწიფოში არა მხოლოდ თანაარსებობაზე, არამედ თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ გაეროში თქვენს დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა იმხანად გაეროში რუსეთის ელჩმა სერგეი ლავროვმა. მესმის, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მინდა გთხოვოთ გაიხსენოთ ამ თემასთან დაკავშირებული ისტორია და ის პერიპეტიები, როცა რუსეთმა გაეროში დაბლოკა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა...

- ამ თემაზე შემიძლია გითხრათ შემდეგი. ის, რაც ბატონმა ლავროვმა თქვა, საჭიროებს დიფერენცირებას. რა თქმა უნდა, რუსეთი ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ მას ეს უნდა გაეკეთებინა, რადგან 90-იანი წლებიდან მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში.

რუსეთს კონფლიქტის მომგვარებლის მანდატიც ჰქონდა, მაგრამ საქმე იმაში გახლდათ, რომ საქართველოს კონფლიქტებში რუსეთს ყოველთვის ჰქონდა თავისი ინტერესები. რუსეთის ინტერესები არ იყო თანხვედრაში კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესებთან.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ 2001 წლის დოკუმენტს. უნდა ვთქვა, როცა ამ დოკუმენტზე მუშაობა გაეროს ეგიდით დავიწყეთ, ბატონო ლავროვი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა მხარეებს შორის მიღწეულიყო თანხმობა.

მახსოვს, როცა ამ თემაზე მასთან მქონდა საუბრები გაეროს შტაბ-ბინაში 2000 წლის ნოემბერში, ლავროვმა მე პირობა მომცა, რომ იგი მხარს დაუჭერდა დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ.“ ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2-3 თვის შემდეგ რუსებმა თავად თქვეს უარი ამ თემაზე ადრე მიღწეულ შეთანხმებაზე.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გაეროს მცდელობიდან თბილისსა და სოხუმს შორის მოძებნილიყო კომპრომისული ვარიანტი, არაფერი გამოვიდა. მაშინ იყო შანსი გადადგმულიყო დიდი ნაბიჯი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა.

- მას შემდეგ რაც ბატონმა ლავროვმა, როგორც გაეროში რუსეთის ელჩმა 2001 წელს უარი თქვა თქვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, იგი მალე გადაიყვანეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად.

სწორედ მისი გამინისტრების შემდეგ დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება. ფორმალურად ეს პროცესი თითქოს „ქვემოდან დაიწყო“ და ასე გამოიყურებოდა - სოხუმში მოქმედმა „რუსულ სათვისტომოთა კონგრესმა“ თხოვნით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭებინათ აფხაზეთში მცხოვრები ეროვნებით რუსი მოქალაქეებისთვის.

ამ თემაზე აფხაზურ მედიაში ბევრი რამ დაიწერა და ვიცით, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ როგორ დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება...

- მე კარგად მახსოვს როგორ დაიწყო და მიმდინარეობდა ეს პროცესი სწორედ იმ წლებში. კონფლიქტურ ზონებში რუსული პასპორტების დარიგების ანუ პასპორტიზაციის პოლიტიკას რუსეთი სხვაგანაც ახორციელებდა. აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება რუსეთმა უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე სამხრეთ ოსეთში.

ახლა რუსეთი იმავეს აკეთებს უკრაინაში. ასე ცდილობს რუსეთი იმ ტერიტორიების დაპყრობას, რომელიც სურს რომ დაიპყროს.

- ბრძანეთ, რომ რუსეთი ერეოდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და მას ამისთვის გაეროს მანდატი ჰქონდა. გვახსოვს, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის მანდატი რუსეთმა ოფიციალური თბილისის თანხმობით მიიღო.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის და დრომაც აჩვენა, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში რუსეთისთვის გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელის სტატუსის განსაზღვრა თბილისის სერიოზული შეცდომა იყო.

თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- მე როცა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, კარგად მახსოვს, რომ აქტიურად ვთანამშრომლობდი რუსებთან. აფხაზეთში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ელემენტი იყო რუსი მშვიდობისმყოფელების საქმიანობა. ამ საქმეში მათ თავისი წვლილი მართლაც შეიტანეს.

მაგრამ, როგორც ვთქვი, რუსეთი ყოველთვის თავისი ინტერესებით ხელმძღვანელობდა. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ისეთს, როგორც თავის გავლენის სფეროებად განიხილავდა. გააგრძელეთ კითხვა