რამდენი თაღოვანი ხიდი მინახავს დღევანდელ თუ ისტორიულ საქართველოში, მაგრამ "ტყუპი ხიდი" კი - პირველად ვნახე - კვირის პალიტრა

რამდენი თაღოვანი ხიდი მინახავს დღევანდელ თუ ისტორიულ საქართველოში, მაგრამ "ტყუპი ხიდი" კი - პირველად ვნახე

იხილეთ წინა ბლოგი - ეს მოგზაურობა იყო დღესასწაული, რომელიც არასდროს დაგვტოვებს და ამ დღესასწაულს სახელად ჰქვია - სვანეთი!

დიდი ხანია, ისტორიულ ლაზეთში მოგზაურობას ვნატრობდი, მაგრამ პანდემიის გამო არათუ ლაზეთამდე, აქვე, ბათუმის ზღვის სანაპირომდეც ვერ მივაღწიე. სამაგიეროდ, პანდემიის "უკანდახევის" წყალობით, წლევანდელი ზაფხულის მიწურულს ოცნება ავისრულე... ჩვენი ტაო-კლარჯეთული და კაბადოკია-ხათურ-ხეთური მოგზაურობების სულისჩამდგმელმა, სიმუსების რაზმის გენერალ-სიმუსად წოდებულმა თამთა ჭანტურიამ მართლაც ხელსაყრელ დროს დაგეგმა ლაზეთის ტური - აგვისტოში, ჩემი მზევინარ მჟავანაძის ოჯახმა კი თბილისიდან ჯერ ახალციხეში გამიტყუა, შემდეგ კი ლაზეთში წასვლაზეც დამიყოლია ("გატყუებასა" და "დაყოლიებაზე" მეღიმება - აკი გითხარით, ლაზეთის ნახვა მეოცნებებოდა-მეთქი, ასე რომ, იოლად "დავნებდი"), ჰოდა, თბილისში აღარც დავბრუნებულვარ, ტურის დაწყებამდე ახალციხეში შევიცადე და 5 აგვისტოს, უთენია თბილისიდან მომავალ თამთას ჯგუფს მზეოს მეუღლემ - დათომ ხაშურში შეგვახვედრა. რაც მთავარია, ახალციხიდან კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი "გამოვიტაცეთ" - მზეოს ფილოლოგი კოლეგა და მეგობარი, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ეგიაშვილი, ჩემი ყოფილი რესპონდენტი და - უკვე ახლობელიც.

თბილისიდან წამოსულ მოგზაურთა ჯგუფში სასიხარულო სიურპრიზი დამხვდა - აღმოჩნდა, რომ ლაზეთში ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან, "პალიტრა მედიის" დიდი გუნდის წევრთან - სტილისტ-კორექტორ ლიკა თავართქილაძესთან ერთად მომიწევდა მოგზაურობა. ორივე ოვაციებით შევხვდით ერთმანეთს, ჯგუფის დანარჩენი წევრების (სულ 17-ნი ვიყავით) გაცნობა კი გზადაგზა მოვახერხე.

თბილისიდან ჩამოსულმა მიკროავტობუსმა სარფამდე მიგვიყვანა, საბაჟო დაუბრკოლებლად გავიარეთ და სარფის თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ მხარეს აღმოვჩნდით. იქ კი გველოდა ლაზი მძღოლი ჯანო, რომელიც მშვენივრად ლაპარაკობდა ქართულად, მის მიკროავტობუსსაც ძალიან ადვილად მივაკვლიეთ, ჩავსხედით და... ამოდენა გზაგამოვლილები, მხნედ და ხალისიანად (პირადად მე - გულისფანცქალითაც) დავადექით ისტორიული საქართველოს შავი ზღვისპირა "ბილიკებს".

2-1663855278.(7).jpg

თავდაპირველად გეზი არჰავის ხეობისკენ ავიღეთ. ასე, თურმე, თურქები უწოდებენ, თორემ ქალაქსაც და რაიონსაც ლაზურად და ქართულად არქაბი ჰქვია და ნიშნავს "ახალ სოფელს". არჰავი-არქაბი ართვინის პროვინციაში მდებარეობს, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. იგი ხოფადან 18 კილომეტრშია, ართვინიდან - 138 კილომეტრში, ხოლო რიზედან - 160 კილომეტრში. იქ ლაზური თაღოვანი ხიდების სანახავად მივდიოდით, თანაც უბრალო ხიდების კი არა, - ე.წ. ტყუპი ხიდის. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ვიდრე ამ ორ, ერთნაირ ხიდს ვნახავდი. თამთამ მითხრა, ტყუპი ხიდი მე დავარქვი, რადგან ტყუპივით ვერ განასხვავებ ერთმანეთისგანო.

33333-1663855314.jpg
ტყუპი თაღოვანი ხიდი. თამთა ჭანტურიას ფოტო

ძველი თაღოვანი ხიდები დღევანდელ საქართველოშიც ბლომად გვხვდება, დანარჩენი კი, ჩვენს მიწებთან ერთად "მტერს წარუტაცნია". ჩემი თვალითაც რამდენი თაღოვანი ხიდი მინახავს ისტორიულ საქართველოში. ხიდების ნაწილი "თამარის ხიდებად" იწოდება, ნაწილს თამარის ბაბუის, დავით აღმაშენებლის ეპოქას მიაკუთვნებენ და ა.შ. "ტყუპი ხიდი" კი პირველად ვნახე. ხეობაც ულამაზესი იყო, მდინარეში უზარმაზარი ლოდებით.

44444-2-1663855378.jpg
ლაზური სახლები

5-1663855428.(7).jpg

ჩვენც, ფოტოაპარატებით ხან ძველ ლაზურ სახლებს ვუღებდით ფოტოს, ხან ხიდებზე ავრბოდით და ჩამოვრბოდით, ხან კი ლოდიდან ლოდზე დავხტოდით,

6-1663855563.(7).jpg

7-1663855590.(6).jpg

8-1663855606.(6).jpg

9-1663855625.(4).jpg

ვინ ათვალიერებდა, ვინ ისვენებდა, თამთა კი, ტრადიციულად გვაჩქარებდა - ფირტინას ხეობაშიც უნდა წავიდეთ და კიდევ ერთი ქვის თაღოვანი ხიდიც ვნახოთო.

1010101-1663855655.jpg
ქვის ხიდი ფირტინას ხეობაში

11-1663855686.(2).jpg

12-1663855701.(1).jpg

ფირტინას ხეობაში კიდევ, თურმე, ბევრი საინტერესო ამბავი გველოდა, ასე რომ, ცნობისმოყვარეობამ მართლაც აგვაჩქარა და მალევე განვაგრძეთ გზა უზუნგიოლის მიმართულებით, მთებისკენ.

13-1663855468..jpg

(გაგრძელება იქნება)