"ქალბატონო თეა, მართლა გგონიათ, რომ კრავის ტყავში გამოეხვევით და პასუხს არ მოგთხოვთ?" - სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ქალბატონო თეა, მართლა გგონიათ, რომ კრავის ტყავში გამოეხვევით და პასუხს არ მოგთხოვთ?" - სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს

სამარადისო ტკივილია, რომ ათი საუკუნის შემდეგ ვინმე, თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია, რატომ ინგრევა ჩვენი კულტურული ძეგლი , - ამის შესახებ „ლელოს“ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გელათის მონასტერში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, გასაოცარია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც ხდებოდა მისი მინისტრად დანიშვნის დღემდე.

„ამ პარლამენტში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ რაც დღეს ვნახეთ, არის მართლაც გასაოცარი. „ქართული ოცნების“ ბურჯი, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლიდან შეუცვლელი კადრი, ქალბატონი წულუკიანი დღეს ამ დარბაზში გამოვიდა, გამოაცხადა, რომ დიდი ხანია გელათი ინგრევა, მაგრამ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც ხდებოდა მისი მინისტრად დანიშვნის დღემდე. ქალბატონო თეა, თქვენ ახლა მართლა გგონიათ, რომ აქ კრავის ტყავში გამოეხვევით და პასუხს არ მოგთხოვთ თქვენი პოლიტიკური გუნდის მიერ დანგრეული და განადგურებული ქვეყნის ეროვნული თაობაზე? თუ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ვერ ხვდება, რატომ მიანიჭეთ გელათს ფაქტობრივად გასაიდუმლოებული ობიექტის და არ გასცემთ არანაირ ინფორმაციას არავისზე, რეალურად რა ხდება გელათში? არ ვიცი, შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ თქვენ გეკუთვნით გელათი ან ბატონ ბიძინა ივანიშვილს? ჩვენ დავით აღმაშენებლის ანდერძში ვკითხულობთ, „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო“, - მართლაც სამარადისო ტკივილია იმიტომ, რომ ათი საუკუნის შემდეგ ვინმე თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია, რატომ ინგრევა ჩვენი კულტურული ძეგლი, რომელიც არის საუნჯე მთელი ჩვენი საზოგადოების“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა კითხვით, რატომ არ აქვეყნებს ანგარიშებს ყველა სამუშაოზე, რაც ტარდება საქართველოში კულტურული ძეგლების შენარჩუნების თუ აღდგენის მიზნით.

„თქვენ გარდა იმისა, რომ ახლა, ამ წუთში ზონდერმინისტრის როლს ასრულებთ, კულტურის სფეროში მიგავლინეს, რომ იქ პოლიტიკური დისციპლინა დაამყაროთ, მაგრამ განათლებით იურისტი ხართ, თუმცა ამას ვერ ვხედავ თქვენ საქმიანობაში, ყველაზე ხშირად თქვენს წინააღმდეგ გამოაქვს განაჩენი თქვენსავე მართულ სასამართლოსაც კი, მაგრამ შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორც იურისტთან, საქართველო, რომელიც არის ვენეციის ქარტიის ხელმომწერი მხარე, ვალდებულია ამ ქარტიის მე-16 მუხლის თანახმად წარადგინოს ანგარიშები ყველა სამუშაოზე, რაც ტარდება მისი კულტურული ძეგლების შენარჩუნების თუ აღდგენის მიზნით, ქალბატონო თეა, მაინტერესებს რატომ არ აქვეყნებთ ამ ანგარიშებს? ხომ ბევრად მარტივი იქნებოდა საზოგადოებისთვის, რომ გაეგო რა ხდებოდა 2008-დან 2012 წლამდე, 2012 წლიდან 2016 წლამდე და რა ხდება ახლა, როცა თქვენ ხართ კულტურის მინისტრი? რეალობა კი არის მარტივი, ხელს აფარებთ დანაშაულს, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების და თქვენი პოლიტიკური გუნდის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"