აშშ ირანის „ზნეობის პოლიციას“ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო პასუხისგებლობას აკისრებს და სანქციებს უწესებს - კვირის პალიტრა

აშშ ირანის „ზნეობის პოლიციას“ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო პასუხისგებლობას აკისრებს და სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის „ზნეობის პოლიციას“ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, სანქციები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის მიერ დაწესებული სანქციები ასევე ეხება ირანის უსაფრთხოების ორგანიზაციების შვიდ მაღალჩინოსანს.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის სიკვდილის გამო პასუხისმგებლობა „ზნეობის პოლიციას“ ეკისრება.

„მაჰსა ამინი იყო მამაცი ქალი, რომლის გარდაცვალება ზნეობის პოლიციის იზოლატორში ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სისასტიკე იყო“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.

შეგახსენეთ, რომ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. გოგონა „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. უფლებადამცველი ჯგუფები შიშობენ, რომ ექვსდღიან საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა.