"სამი გზა პუტინის ომის დასრულებისთვის" - რას წერს The New York Times? - კვირის პალიტრა

"სამი გზა პუტინის ომის დასრულებისთვის" - რას წერს The New York Times?

აშშ-ის გაზეთში - „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „სამი გზა პუტინის ომის დასრულებისთვის“, რომელშიც ავტორი, პულიცერის პრემიის სამგზის ლაურეატი - თომას ფრიდმანი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისა და სამომავლო პერსპექტივის სცენარებზე მსჯელობს.

როგორც პუბლიკაციის დასაწყისშია ნათქვამი, ბოლო დროს, რუსეთ-უკრაინის ომში და მის ირგვლივ მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ჯერ ერთი, უკრაინის არმიამ კონტრშეტევის შედეგად რუსეთის არმიას უკან დაახევინა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა, მეორე - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დროს, სამარყანდში, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთს მიანიშნეს, რომ კრემლის მიერ დაწყებული ომი მათ ქვეყნებსაც დიდ ზიანს აყენებს და მესამე - რუსეთში მრავლდება ომით უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, მობილიზების გამოცხადებამ მკვეთრად გაამრავლა.

შემდეგ ავტორი წერს:

„უცხოეთში კორესპონდენტად მუშაობის დროს, დიდი ხნის წინ, კარგად გავაცნობიერე, რომ ზოგჯერ ახალი ამბები ხმაურში გამოიხატება, ზოგჯერ კი - სიჩუმეში, ანუ ფაქტები არსებობს, მაგრამ მათზე არავინ საუბრობს. ის, რაც წინა კვირაში მოხდა, მე ჩემებურად გავიაზრე: დიახ, ძალიან კარგია, რომ უკრაინა თავისი მიწიდან რუსებს აძევებს, მაგრამ ვის შეუძლია პასუხი გასცეს კითხვას, რომელიც „ჰაერში ჰკიდია“ ომის დაწყების დღიდან: როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს ომი მტკიცე შედეგით? ჯერჯერობით არავინ იცის.

როცა ამ საკითხზე ევროპელებს, ამერიკელებს და უკრაინელებს ვესაუბრებოდი, ზოგი ახალ წინადადებებს აყენებდა, ზოგი ძველს იმეორებდა - უკვე ნაცნობ ფორმულირებებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა წინადადებას თან მოჰყვებოდა თავისი რთული და გაურკვეველი გვერდითი მოვლენები. მათი ლაპარაკიდან სამი სავარაუდო შედეგი გამოვყავი:

პირველი - უკრაინის სრული გამარჯვება, რის შედეგადაც, აღმოჩნდება რა, რუსეთის პრეზიდენტი დამცირებისა და განადგურების პერსპექტივის წინაშე, ვლადიმერ პუტინმა შეიძლება რაღაც გიჟური მოქმედება ჩაიდინოს;

მეორე - „ჭუჭყიანი“ გარიგება, რომლის მიხედვით ვლადიმერ პუტინი წყვეტს თავის დამანგრეველ მოქმედებას, მაგრამ ეს ისეთი შედეგია, რომელსაც დასავლელი მოკავშირეების ერთიანობაში განხეთქილება შეაქვს და ბევრი უკრაინელის აღშფოთებას იწვევს;

მესამე - შედარებით უფრო „სუფთა“ გარიგება: ჩვენ ვბრუნდებით იქ, სადაც პუტინის ომამდე ვიმყოფებოდით. უკრაინა ამას ძნელად შეეგუება, მაგრამ მაინც შეუძლია. შეიძლება ამას შეეგუოს რუსეთის მოსახლეობაც, მაგრამ ამისათვის საჭირო გახდება პუტინის რეჟიმის დამხობა. იგი არასოდეს დათანხმდება იმას, რომ მის მიერ დაწყებული ავანტიურა უშედეგოდ დასრულდეს.

ამ ვარიანტებს შორის განსხვავება უდიდესია და ყოველ მათგანს ჩვენზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. შეიძლება თქვენ არ გაინტერესებთ უკრაინის ომი, მაგრამ უკრაინის ომი თქვენით თვითონ აუცილებლად დაინტერესდება. ამას გაიგებთ ფასების მატებით ელექტროენერგიაზე, სურსათზე, ენერგორესურსებზე. ეს „ნეიტრალური“ ქვეყნების მოსახლეობამაც კი იგრძნო, მაგალითად, ინდოეთმა და ჩინეთმა.

მოდით, თითოეული სავარაუდო შედეგი დეტალურად გავარჩიოთ.

პირველი, არავის აქვს იმის იმედი, რომ უკრაინის არმია წარმატებით განავითარებს შეტევას და კიდევ უფრო დამაიმედებელ შედეგებს მიაღწევს. საეჭვოა, რომ მას ძალ-ღონე ეყოს რუსეთის არმიის საზღვრებს მიღმა გასაძევებლად. თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ მე პირველად მოვისმინე, როცა ადამიანები კითხვას სვამენ - „რა მოხდება, თუ რუსეთის არმიაში მართლაც ყველაფერი მოიშლება?“.

რა თქმა უნდა, დღეს ბევრი რუსი ჯარისკაცი და რუსულენოვანი უკრაინელები, რომლებსაც ომის პირველ დღეებში გამარჯვების იმედი ჰქონდათ და უკრაინაში სამუდამოდ დარჩენაზე ფიქრობდნენ, ახლა საკუთარ თავს ისეთ კითხვას უსვამენ, როგორსაც ჯონ კერი უსვამდა ვიეტნამში: „როგორ შეიძლება ადამიანს [შენ მიერ დაშვებული შეცდომისთვის] დაღუპვა მოსთხოვო?“. ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად დიდ სიცრუეს წარმოადგენს ეს ყბადაღებული „სპეცოპერაცია“.

მაგრამ რა მოხდება, თუ უკრაინა, დასავლეთის დახმარებით, მართლაც წარმატებულად გააგრძელებს ომს? ვლადიმერ პუტინმა ტყუილად არ ახსენა ბირთვული იარაღი. თუ მისი, როგორც ქვეყნის მეთაურის [და უმაღლესი მთავარსარდალის] დამამცირებელი დამარცხება გარდაუვალი იქნება, ის იძულებული გახდება ამ მხრივ რაღაც მოიმოქმედოს. იმედი მაქვს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აქვს გარკვეული ფარული გეგმა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარების ვერტიკალი დაარღვიოს და მას (ან სხვა ვინმეს) „წითელ ღილაკზე“ თითის დაჭერის შესაძლებლობა არ მიეცეს.

მეორე ვარიანტი, ვერ წარმომიდგენია ის მომენტი, რომ ახლა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რაიმე „ჭუჭყიან“ გარიგებაზე დათანხმდეს - ცეცხლის შეწყვეტასა და სხვა მსგავს ნაბიჯზე. უკრაინის ჯარმა ძლიერი იმპულსი შეიძინა და დიდი სულისკვეთება აქვს მშობლიური მიწა-წყალი მტრისაგან გაათავისუფლოს, ყირიმის ჩათვლით. მაგრამ, ობიექტურად თუ ვიტყვით, ასეთი შედეგი ნაკლებად სავარაუდოა და მისი იმედი არ უნდა გვქონდეს: ზამთარი ახლოვდება, ვლადიმერ პუტინმა კი ევროპას გაზი შეუწყვიტა, რამაც, თავის მხრივ, ენერგორესურსებზე ფასები ასტრონომიულად ასწია. უკვე იხურება და კიდევ დაიხურება ბევრი კომპანია, ფაბრიკა და ქარხანა... ევროპელებს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ - საკუთარ თავს მიხედონ თუ...

ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია, ვლადიმერ პუტინი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, მაგრამ მას დააინტერესებს ასეთი ვარიანტი - შესაძლებლობა ექნება გარკვეულწილად ახსნას დიდი დანაკარგები და სამარცხვინო დამცირება თავიდან აიცილოს.

ბევრი ევროპელი ლიდერი ასეთი სახის გარიგებას ორივე ხელით ჩაეჭიდება, თუმცა ხმამაღლა ამას ვერ იტყვიან. აი, რას მომიყვა აწ უკვე გადამდგარი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელმაც მთხოვა, მისი სახელი არ გამემჟღავნებინა:

„უკრაინის მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ევროკავშირის მიზანი უკრაინულისაგან განსხვავდება. ბრიუსელსაც მშვიდობა სურს და თუ მშვიდობისათვის ფულის გადახდაა საჭირო, ზოგიერთი ლიდერი მზად არის სწორი ფასის გადასახდელად. ამერიკა შორსაა, მაგრამ მისთვის ცუდი არ იქნება, თუ ომი გაგრძელდება და რუსეთი ისე დასუსტდება, რომ მოსკოვს სხვა მსგავსი სამხედრო კამპანიის დაწყების თავი აღარ ექნება.

რა თქმა უნდა, დღეს ევროკავშირი უფრო ერთიანია, ვიდრე ომის დაწყების მომენტში იყო, მაგრამ უახლოეს თვეებში სიტუაცია შეიძლება გართულდეს. ევროკავშირის რიგებში განხეთქილება მწიფდება. შესაბამისად, მისთვის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა სულ უფრო გაძნელდება და აქედან გამომდინარე, მისი მიზნებიც ძალიან შეიცვლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალური განცხადებების ხასიათი იგივე დარჩება, ევროპაში რეალურად ერთიანობა დაირღვევა: ყველა სახელმწიფოს თავისი საზოგადოების წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოუწევს, განსაკუთრებით, ზამთრის პრობლემების გაჩენის დროს.

ზოგიერთი ევროპელი ლიდერი დაიწყებს კითხვების დასმას: „იქნებ მოლაპარაკებები დავიწყოთ და გამოსავალი მოვნახოთ?“. რასაკვირველია, ბალტიის ქვეყნები მხარს ვოლოდიმირ ზელენსკის 100%-იანად დაუჭერენ, მაგრამ საეჭვოა, რომ დანარჩენებმა დონეცკისა და ლუგანსკის გულისთვის გაყინვა ამოირჩიონ“, - აი, ასე მითხრა იმ ყოფილმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.

ცნობილი წიგნის - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ოთხასი წელი“ ავტორმა მაიკლ მანდელბაუმმა მითხრა, რომ ვლადიმერ პუტინმა იგრძნო ევროპელთა განწყობები და ამიტომ, მათ უთანხმოებაზე თამაშობს: „როგორც კი იგი ასეთ მზადყოფნას დაინახავს, განაცხადებს მოლაპარაკებებზე თანხმობას და თუ რაღაცას მიაღწევს, პირველი ნაბიჯის სახით, გაზს გაუშვებს... მაგრამ ამაზე უნდა დათანხმდეს ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელსაც გარაინტიები სჭირდება“.

ცხადია, ეს იქნება „ჭუჭყიანი გარიგება“: გამოდის, რომ პუტინს ყველაფერი უნდა შერჩეს - მკვლელობები, ნგრევა, ტერორი, ტერიტორიების მიტაცება ძალის გამოყენებით.... ნუ იქნებით გულუბრყვილოები და ნუ იფიქრებთ იმას, რომ ეს დღევანდელ დიპლომატიაში არ მოხდება. არიან ისეთი ევროპელები, რომელიც ამ შესაძლებლობას ჩაეჭიდებიან... მსგავსი პოლიტიკოსები არიან ამერიკაშიც, მაგალითად, რესპუბლიკელი კონგრესმენების რიგებში, რომელთა ლოზუნგია „ისევ გავხადოთ ამერიკა უძლიერესი“.

მე არ გამოვრიცხავდი ვარიანტ „ბ-2“-ს. ამ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი შეიძლება გაჯიუტდეს და უკრაინის რაიმე დამატებით ნაჭერს კიდევ ჩაებღაუჭოს, იძულებითი უკანდახევისას მთლიანად დაანგრიოს უკრაინის ქალაქები ან დამატებითი რეფერენდუმები ჩაატაროს, რასაც ახლა აპირებს. ამჟამინდელი რეფერენდუმების ჩატარებას ორი მიზანი აქვს: პირველი - შეწყვიტოს პანიკა უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაში, რომ მათ არ აღარ იფიქრონ, რუსეთის ჯარი გვტოვებსო და მეორე - მიანიშნოს კიევს, ვაშინგტონს და ბრიუსელს: მე უსინდისო ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, კიდევ ბევრი რაკეტა და ჭურვი მაქვს. ჰოდა, თუ არ მომცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სახე შევინარჩუნო და ეს „სპეცოპერაცია“ რუსი ხალხის წინაშე როგორმე გავამართლო, მაშინ ამ რაკეტებს ისევ გამოვუშვებ და უკრაინას მთლიანად დავანგრევ. გაიხსენეთ გროზნი და ალეპო“.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს სწორედ ეს სცენარი - „ბ-2“ - აქვს არჩეული, როცა ამ დღეებში რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა.

მესამე ვარიანტი, როგორც ვთქვით, შედარებით „ნაკლებად ჭუჭყიან გარიგებას“ წარმოადგენს - მაგრამ არა ვლადიმერ პუტინთან, არამედ რუს ხალხთან. ამ სცენარის დროს, ნატო და უკრაინა მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს 24 თებერვლის დროს არსებულ ხაზზე, ანუ იქ, სადაც უკრაიისა და რუსეთის ჯარები ომის დაწყებისას იდგნენ. უკრაინა ამით ახალ ნგრევას გადაურჩება და არ იქნება დაშვებული საზღვრების ძალით შეცვლა. მაგრამ პუტინს მოუწევს რუსი ხალხის წინაშე ასე აღიაროს: „ჩვენი დანაკარგები ათასობით ადამიანს აღწევს. ჩვენ დავკარგეთ ათასობით ტანკი და ჯავშანმანქანები, ჩვენ წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდა, მე კი თქვენ ვერაფერი მოგეცით“.

ცხადია, იმის წარმოდგენაც კი ძნელია, რომ პრეზიდენტი ამას იტყვის. მაგრამ ასეთი გარიგება დღეს რუსი ხალხის ინტერესებს სრულიად შეესაბამება. რამდენდაც შემიძლია წარმოვიდგინო, პუტინის რეჟიმი ან მასობრივი საპროტესტო აქციებით დაემხობა, ან ე.წ. „სასახლის გადატრიალებით“. ომის დროს ჩადენილი ყველა დანაშაული მას დაბრალდება, რუსეთი კი დასავლეთს დაჰპირდება - შენი კარგი მეზობელი ვიქნები, თუ სანქციებს გააუქმებო. თავის მხრივ, ვლადიმერ ზელენსკისაც მოუწევს დაივიწყოს თავისი ოცნებები 2014 წელს რუსეთის მიერ მიტაცებულ ყირიმისა და დონბასის დაბრუნებაზე, მაგრამ იმავდროულად, უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა დასავლეთის დახმარებით ქვეყანა აღადგინოს და ევროკავშირში გაწევრდეს... და შეიძლება, ნატოშიც.

პუტინის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები ძალიან მძიმეა. როცა ყველა სავარაუდო დანაშაულზე შესაბამისი სრული დოკუმენტაცია მომზადდება და როცა ამას მთელი მსოფლიო გაიგებს, რუსები გვერდს ვერ აუვლიან იმას, თუ რა საშინელება ჩაიდინმა პრეზიდენტმა „რუსი ხალხის სახელით“. როცა საომარი მოქმედებები დასრულდება და დასავლეთის ბანკებში არსებული რუსეთის სავალუტო რეზერვების უკრაინასთვის გადაცემა გადაწყდება (300 მილიარდი დოლარის ოდენობით) დანგრეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რუსი ხალხი მიხვდება, რომ თავიანთი ლიდერის ავანტიურისათვის ხარკი უნდა გადაიხადოს. რუსებს ეს სირცხვილი დიდხანს გაჰყვებათ.

ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე გულუბრყვილოდ ვმსჯელობ. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ დღევანდელი რუსული მმართველობის სისტემის დროს, შეიძლება ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ხელისუფლებაში უფრო უარესი ადამიანი მოვიდეს - ვინმე ულტრამემარჯვენე ბანაკიდან, რომელიც იტყვის, რომ პუტინი გაბედულად ვერ იბრძოდაო, ან განაცხადებს, პრეზიდენტის ბრძანებებს გენერლები საბოტაჟს უკეთებდნენო.. ანდა, გამორიცხული არაა, რომ პუტინის წასვლას ხელისუფლების ვაკუუმი და უწესრიგობები მოჰყვეს - იმ ქვეყანაში, რომელსაც ათასობით ბირთვული მუხტი აქვს.

ბოლო დროს რუსეთი იღვიძებს - გახშირდა ექსტრაორდინარული პროტესტის ფაქტები: ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ თვით დღემდე მდუმარე ალა პუგაჩოვაც კი გამოდის, მეოცე საუკუნის რუსეთის მთავარი პოპ-ვარსკვლავი, ახლა კი ამას მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსვლები ემატება... ეს ყველაფერი გვეხმარება ავხსნათ ის სიღრმული ქვეტექსტი, რომელიც გასულ კვირას ევროპაში შევნიშნე. ეს არის იმის შეგრძნება, რომ ომი სხვადასხვანაირად შეიძლება დასრულდეს: რაღაც ვარიანტები უკეთესია, რაღაც ცუდი, მაგრამ იოლი არცერთი არ არის.

და ეს ყველაფერი მეოთხე სახის დასასრულისა და მისი შედეგის გარეშე, რომლის წინასწარმეტყველება არავის ძალუძს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ