"მამაო ავარიის დროს შვილს გადაჰფარებია, მეორე შვილი ასე გადაარჩინა" - ქუთაისთან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები - კვირის პალიტრა

"მამაო ავარიის დროს შვილს გადაჰფარებია, მეორე შვილი ასე გადაარჩინა" - ქუთაისთან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

კიდევ ერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი. დაშავდნენ, ასევე, გარდაცვლილი სასულიერო პირის მეორე შვილი და ტრაილერის მძღოლი. ისინი ქუთაისში, კლინიკაში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილების ცხედრები უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარს ძალიან განიცდის მოძღვარი, დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე, რომელიც წლებია, იცნობს გარდაცვლილ სასულიერო პირს და მის ოჯახს:

- უმძიმესი ტრაგედიაა მომხდარი, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილია გარდაცვლილი. დეკანოზი ალექსი როხვაძე ვანი-ბაღდათის ეპარქიაში მსახურობდა. საიდან მოდიოდა და რა იყო ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ არ ვიცი, უმძიმესი კადრები ვნახე ინტერნეტით, საიდანაც ჩანს, რომ ტრაილერი ერთ მხარეს არის გადაბრუნებული და მსუბუქი მანქანა - მეორე მხარეს. საჭესთან მამაო იჯდა, მანქანაში ესხდნენ შვილები. საშინელზე მეტი მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ განვიცდი.

სალონის წინა მხარეს, გვერდზე ეჯდა მეორე შვილი და ეტყობა, მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა. უკან რომელი ბავშვიც იჯდა, 8 წლის, გარდაცვლილია. ალექსი 5 შვილის მამა იყო, საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო მოძღვარი, დადებითი პიროვნება, ღვთის წინაშე ვამბობ ამ სიტყვებს, მართლაც საოცარი ადამიანი იყო. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენო, იტყვიან, მაგრამ 12 წელია, მას ვიცნობ და ერთი უარყოფითი არ შემიძლია ვთქვა. თბილი ურთიერთობა მქონდა და ძალიან განვიცდი. ტაძარში, ხარაჩოზე ვიდექი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე და კინაღამ ჩამოვვარდი, ისე განვიცადე.

ახლა პროზექტურაში არიან გადასვენებულები. მეორე ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც მამებისგან ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. მიზეზები არ ვიცით. საშინელი წვიმა იყოო. ბრალეულობა, ალბათ, გაირკვევა. განადგურებული ვარ.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან: