ანა მალიარი: "უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და რუსეთს თავს არ დაესხმება" - კვირის პალიტრა

ანა მალიარი: "უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და რუსეთს თავს არ დაესხმება"

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აღნიშნავს, რომ უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და რუსეთის ტერიტორიას არ დაესხმება. ამის შესახებ მან ისლანდიის YouTube არხთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform.

მალიარის თქმით, უკრაინა არ ესხმის რუსეთის ტერიტორიას, რადგან მას სულ სხვა მიზანი აქვს.

„ჩვენი ამოცანაა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენ არ ვართ აგრესორები და არც დამპყრობლები. ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვით ომს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება იყოს შეტევითი მოქმედებები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მაგალითად, მან მოიყვანა ხარკოვის რეგიონის გათავისუფლების ოპერაცია. მისი თქმით, ეს უნიკალური ოპერაციაა, რადგან უკრაინა ყოველთვის ემზადებოდა თავდაცვითი მოქმედებებისთვის და არ აპირებდა ვინმეზე თავდასხმას.

„ჩვენი დოქტრინა არის ის, რომ ჩვენ ვიბრძვით თავდაცვით ომში, ამიტომ არ შევეხებით უცხო ტერიტორიებს. ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას“, - თქვა მალიარმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ არღვევს ომის საერთაშორისო ნორმებსა და წესებს.

IPN