"გადავლენ აზერბაიჯანში ბატკნის მწვადს შეჭამენ და გადმოვლენ უკან, სომხეთი საერთოდ სამშობლოდ მიაჩნიათ" - გია ხუხაშვილი რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლაზე - კვირის პალიტრა

"გადავლენ აზერბაიჯანში ბატკნის მწვადს შეჭამენ და გადმოვლენ უკან, სომხეთი საერთოდ სამშობლოდ მიაჩნიათ" - გია ხუხაშვილი რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლაზე

ოკუპაცია "ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით რა მნიშვნელობა აქვს - ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას ახლა კარგი მომენტი აქვს, რომ რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს.

"ეს ხალხი, რადგან მოდის და ომი მალე არ დამთავრდება, უკან დამბრუნებელი არ არის. აქ ტურიზმზე ლაპარაკი აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ესენი არიან მიგრანტები, რომლებიც გაუგებარი ვადით უნდა დაფუძნდნენ საქართველოში. საქართველოში იმაზე მეტი არიან რუსები, ვიდრე სტატისტიკის ვირეშმაკობით რაღაც ციფრებს გვეუბნებიან. ცოტა ხანში ეს ხალხი შეიძლება ჩვენი შესანახი გახდეს.

ამ თვეების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე იარა, რუსეთის უძლეველობის მითოლოგიას ნერგავდა, შიშს ნერგავდა, რომ არ გავაბრაზოთ რუსეთი, რომ მეორე ფრონტი არ გახსნას, არ შემოგვიტიოსო. დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა არ ეშინიათ, პუტინი, რომ გაბრაზდეს, მორღვეული რომ აქვთ საზღვარი საქართველოს გამო მობილიზაცია რომ ეშლება?! კარგი მომენტი აქვს ახლა საქართველოს ხელისუფლებას. თუ ასე ეშინია რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია უთხრას - შენ, რომ მობილიზაცია არ ჩაგეშალოს, ეს ხალხი, რომ გამორბის ამიტომ ჩავკეტე საზღვარი.

ოკუპაცია "ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით რა მნიშვნელობა აქვს. ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ოკუპაცია, რბილი ძალა. წაიკითხონ წიგნები სუს-ში თუ არ წაუკითხავთ, მაგრამ წიგნებისთვის სად სცალიათ ბიზნესებს აწყობენ ამ მიგრანტებზე და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ. რა უფლება აქვს ამ ხალხს, რომ საქართველოს სადღეგრძელო დალიოს. ოკუპაციას უწყობენ ხელს და მზად არიან გადაჭამონ საერთოდ, ოღონდ თავისი ჯიბე შეივსონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროს ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკონტროლებს.

"გადავლენ აზერბაიჯანში ბატკნის მწვადს შეჭამენ და გადმოვლენ უკან, სომხეთი საერთოდ სამშობლოდ მიაჩნიათ. აქედან გამომდინარე, ეს არის ოკუპაცია. საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებულია სისტემური აგენტურა, რომელიც ამას შეგნებულად უწყობს ხელს. გარდა ამისა, არიან ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებსაც უფრო მოკლე ხედვა აქვთ, ჭკუა არ აქვთ, სიბრიყვე აქვთ და ამასთანავე ხამები არიან, რომლებიც ამაზე აწყობენ ბიზნესს. ბიზნესს უძრავ ქონებაში, ბიზნესს ამ ხალხის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ამათ რეგისტრაციებთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ სისტემური გარყვნილების ბუდეა. ისედაც სისტემა როგორ ირყევა ხომ ვხედავთ, ყველაფერი ხომ აღებ-მიცემობით არის, ჩვენი სისტემა უკვე მზად არის ამისთვის და მოდიან ხალხი, ვინც ამ გარყვნილებას ფინალში გაიყვანს. აი, ამ უბედურებაში ვართ და ამ დროს რითია დაკავებული ჩვენი ხელისუფლება?! არც არაფრით, ვაკონტროლებთო, რას აკონტროლებენ ვერ გავიგე, ბანკებს აკონტროლებენ, სადაც ყველა რუსს აქვს ანგარიში გახსნილი?! ბოდიში და ჩემს ფეხებს აკონტროლებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"