"ომის ესკალაცია" - "რუსეთის ჯიბე ამას ვერ გაუძლებს": რას წერს აზიის მედია პუტინის მობილიზაციის შესახებ? - კვირის პალიტრა

"ომის ესკალაცია" - "რუსეთის ჯიბე ამას ვერ გაუძლებს": რას წერს აზიის მედია პუტინის მობილიზაციის შესახებ?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა (BBC russian) მოამზადა აზიის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების მიმოხილვა, რომლებშიც რუსეთში ბოლო დროს მომხდარი მოვლენებია ასახული - სათაურით „ომის ესკალაცია“ და „რუსეთის ჯიბე ამას ვერ გაუძლებს“: რას წერს აზიის მასმედია პუტინის მობილიზაციის შესახებ“.

როგორც უკვე ცნობილია, სამარყანდში შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ჩინეთს კითხვები აქვს უკრაინასთან ომის მიმართ, ხოლო ინდოეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ განუცხადა, რომ „ამჟამინდელი ეპოქა ომების ეპოქა არ არისო“. ეს ფრაზა აზიურმა პრესამ კარგად დაიმახსოვრა.

ინდოეთის მასმედია: „პუტინი ომის ესკალაციას ახდენს“

ინდოეთი რუსული იარაღის დიდ შემსყიდველ ქვეყანას და კრემლის ტრადიციულ მოკავშირეს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე. როგორც „ბი-ბი-სი“-ს მონიტორინგის განყოფილება აღნიშნავს, ინდოეთის პრესამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო რუსეთში რეზერვისტთა მობილიზაციის გამოცხადებას.

ერთ-ერთი ინდური ტელეარხის Republic TV-ის რედაქტორმა ეთერში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს „იარაღის ექსტრემალური სახეობის გამოყენებას“ და ამ ფონზე, მან რუსეთი „ომის ესკალაციაში“ დაადანაშაულა.

პოპულარული ტელეარხის WION TV-ის წამყვანმა, გაიხსენა რა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის მიერ ნათქვამი რუსეთის პრეზიდენტისადმი, დაამატა; „როგორც ჩანს, პუტინს ომის დასრულება ფსონების აწევით სურს. იგი გამარჯვების გარდა, სხვა არაფერზე დათანხმდება“.

კიდევ ერთი ტელეარხის - NDTV 24x7-ის მიმომხილველმა რუსეთის ლიდერის განცხადება მობილიზების თაობაზე „კარგად გათვლილ ესკალაციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „კრემლი ცდილობს იპოვოს ლეგიტიმური მიზეზები თავისი სამხედრო მიზნების შესასრულებლად“.

„ომი რუსეთისათვის უფრო სერიოზული მოვლენა ხდება. სანქციები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს. კრემლის პოზიციები სუსტდება“, - თვლის პოპულარული ჰინდურენოვანი ტელეარხის - Zee News-ის ანალიტიკოსი.

ჩინეთი: "პუტინს ღიად არ აკრიტიკებენ, მაგრამ..."

„ბი-ბი-სი“-ს მონიტორინგის განყოფილების დასკვნით, ყველაზე ნაკლებ კრიტიკულად, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის მიმართ (თავიანთ მეზობლებთან შედარებით), ჩინეთის სახელმწიფო მედია გამოვიდა. თანაც, მათ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს უშუალოდ მობილიზაციას და პუტინის ნათქვამზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, მაინცდამაინც ძლიერი აქცენტი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი ხაზი სრულად თავსდება პეკინის ოფიციალურ პოლიტიკაში, რომელიც ძირითადად მხარს უჭერს მოსკოვის ხედვას საერთაშორისო წესრიგზე და უკრაინის მიმართ კრემლის დამოკიდებულებას დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს.

საერთოდ კი, ზეპირი მხარდაჭერის გარდა, ჩინეთის პოზიცია ჯერჯერობით რეალურ და პრაქტიკულ დახმარებაში არ გადადის. ჩინელი ჟურნალისტების რეპორტაჟებით თუ ვიმსჯელებთ, სამარყანდში ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია ჩინეთის ლიდერისაგან ხელმოწერას გაზსადენ „სილა სიბირი-2“-ის მშენებლობაზე, რომელსაც რუსეთისათვის ევროპული ბაზრის დაკარგვისათვის გარკვეული კომპენსაცია უნდა მოეხდინა.

კრემლის ბოლო გადაწყვეტილებების გაშუქებისას, სახელმწიფო ტელეარხმა CCTV-მ აქცენტი გააკეთა ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებულ ბრალდებებზე დასავლეთის მიმართ, თითქოს ამერიკელები და ევროპელები რუსეთის დასუსტებას და განადგურებას ცდილობენ, ასევე, თითქოსდა ისინი ხელს უშლიან მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას.

ჩინეთის მასმედიამ უპირატესად ისე გააშუქა მოვლენები, რომ „ვერ დაინახა“ ვლადიმერ პუტინის ცდუნება „ბირთვული ხელკეტის“ გაქნევაზე, თუმცა ერთ-ერთმა - The Global Times-მა მაინც მოიხსენია და ამ დროს დაიმოწმა რუსული სახელმწიფო სააგენტოს - „რია ნოვოსტის“ შვილობილის - „სპუტნიკის“ პუბლიკაცია პუტინის გამოსვლის შესახებ. მასში რუსეთის ლიდერი დასავლეთს პირიქით აკრიტიკებს „ბირთვული შანტაჟის გამო“ და აცხადებს, რომ „თუ რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაემუქრება, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა იარაღს გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არ არის“.

მაგრამ პუტინის კრიტიკას სახელმწიფო მასმედიაში თუ არა, ჩინურ სოციალურ ქსელებში მაინც შევხვდებით (შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ჩინეთში არ მუშაობს, მაგრამ არიან მათი ჩინური ანალოგები).

ერთ-ერთ ბლოგში - Buyidao-ში ნათქვამია, რომ „რუსეთი სულ უფრო მეტ სამხედრო და დიპლომატიურ ზეწოლას განიცდის“, ხოლო სახელმწიფო გამოცემის - The Paper-ის კომენტატორი „ასობით ათასი რეზერვისტის - ჩვეულებრივი მოქალაქის მობილიზაციას დიდ პოლიტიკურ რისკად“ თვლის: რუსულ საზოგადოებას ომი აშკარად არ სურს - რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ზიანს ისევ რუსი ხალხის ჯიბეს მიაყენებს“.

ჩინური ტელეარხის - Phoenix TV-ის მიმომხილველი - ჯენ ჰაო სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არალეგალურად ტარდება და მათ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ იმ სოციალურ ქსელებშიც, რომლებიც ჩვეულებრივ მკაცრ ცენზურას განიცდიან.

„კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი? - ასეთ კითხვას სვამს პლატფორმა Sina Weibo-ს (ჩინური „ტვიტერის“) ერთ-ერთი მომხმარებელი, - ამ საკითხზეა დამოკიდებული, გავუძლებთ თუ არა ინფლაციას, რომელზეც ომი მოქმედებს. დესტაბილიზება არ უნდა მოხდეს, ყველაფერი გონივრულ ჩარჩოებში უნდა შენარჩუნდეს“.

ზოგიერთმა კომენტატორმა შიში გამოხატა - ვაითუ, რუსეთ-უკრაინის ომმა სახიფათო ხასიათი მიიღოს. მაგალითად, ჩინეთის კომპარტიის გაზეთის - Global Times-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა - ჰუ სიცინმა „გუანჩას“ (Guancha) საიტზე დაწერა, რომ „თუ ომი ბირთვულში გადაიზრდება, ამით პანდორას ყუთი გაიხსნება და შედეგები კაცობრიობისათვის დამღუპველი იქნება“.

ცენტრალური აზია: მიგრანტები როგორც „საზარბაზნე ხორცი“

ცენტრალური აზიის ქვეყნებში პოლიტიკური ანალიტიკოსები ვლადიმერ პუტინის კრიტიკაში უფრო შორს მიდიან.

„რუსეთისათვის გასტარბაიტერები (სხვა ქვეყანებში სამუშაოდ ჩასულები - რედ.) ძალიან ხელსაყრელი ინსტრუმენტია, - წერს თავის „ტელეგრამ" არხში უზბეკი პოლიტოლოგი კამოლიდინ რაბიმოვი. „რუსეთისათვის ჩვენი მიგრანტ-გასტარბაიტერების სიცოცხლე არაფრად ფასობს. თუნდაც ათასობით უზბეკი, ტაჯიკი და ყირგიზი გასტარბაიტერი დაიღუპოს, რუსეთი მოხარული იქნება, რომ ისინი რამდენიმე უკრაინელს მაინც მოკლავენ“.

ცნობილი უზბეკი ეკონომისტი იული იუსუფოვი უფრო მკაცრად წერს: „დონბასელი მეშახტეებისა და ტრაქტორისტების საზარბაზნე ხორცი გამოილია. ახლა „დასაკლავად“ უბრალო რუსებს და გასტარბაიტერებს გზავნიან“.

პოპულარული ყირგიზული გამოცემის Kloop-ის ვებ-საიტზე ქვეყნდება იურისტ ბაკსულტან ოსმონოვის განცხადება, რომელიც ყირგიზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის პასპორტებიც აქვთ, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამშობლოში, მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

კიდევ ერთი იურისტი, ფატიმა იაკუბაევა აღნიშნავს, რომ ყირგიზეთის კანონების თანახმად, „ყირგიზი მოქალაქის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტებში ან საომარ მოქმედებებში უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს“.

თურქეთი: „ჩვენ მიგრანტების საწყობი არ გავხდებით“

თურქი კომენტატორები მობილიზაციის კომენტირებისას, ყურადღებას აქცევენ, რომ ბოლო დროს ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის „მხოლოდ ერთი ბილეთით“ - უკან დაბრუნების გარეშე, მათ შორის, სომხეთიდანაც.

იმ ინფორმაციებმა, რომ რუსები, მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნიდან გარბიან და თურქეთი მიგრანტების ტალღებს უნდა ელოდოს, თურქულ სოცქსელებში აქტიური დისკუსია გამოიწვია. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები უკმაყოფილოა, თანაც იმ ფონზე, როცა თურქული საზოგადოება მიგრანტების მიმართ ისედაც გაღიზიანებას ამჟღავნებს.

„ჩვენი ქვეყანა მიგრანტების საბითუმო საწყობად გადაიქცა“ - ჩივის პოპულარული სადისკუსიო პლატფორმის Eksi Sozluk-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.

„როცა „თალიბანი“ ავღანეთში ხელისუფლებას იღებდა, ავღანელი სამთავრობო სამხედროები ჩვენთან გამოიქცნენ. სირიაში ომი დაიწყო - ისინი ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. რუსეთმა ომი დაიწყო - მათი ლტოლვილები და რეზერვისტებიც ჩვენთან მორბიან“, - აღშფოთებას ვერ მალავს კიდევ ერთი მომხმარებელი.

ბევრი თურქი უკმაყოფილოა იმით, რომ მიგრაცია ხელს უწყობს ფასების მკვეთრ ზრდას: „აგვისტოს ინფლაციის დონემ 80%-ს გადაჭარბა, ძვირდება იჯარა, სურსათი, ტანსაცმელი, საკანცელარიო საქონელი, ფოსტის მომსახურება... ყველგან რიგები დგას. ალბათ [რუსების გამო], ფასები ისევ მოიმატებს“, - წერს Eksi Sozluk-ის მომხმარებელი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

მოამზადა სიმონ კილაძემ