გაქცევა პუტინისგან ანუ უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს რუსი მიგრანტების დიდი ტალღა?!
„კითხვა მაქვს: დღეში 1500 მანქანას რომ უშვებენ, ვინმე ამოწმებს ამ ხალხს „ოკუპაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად? დარწმუნებული ვარ, არავინაც არ ამოწმებს“
გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლის მთავარი გზავნილები შეეხებოდა ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას, უკრაინის ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მისი განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრებას მოუტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს. „საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სწორედ პრემიერის გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:
- ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ფასეულობათა სისტემა, მყარი ორიენტირები ან გრძელვადიანი ამოცანები და მიზნები, მაშინ პრემიერის ამ გამოსვლას წონა ექნებოდა, მაგრამ სინამდვილეში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დილას ერთი თქვას, საღამოს კი საკუთარი ნათქვამის საპირისპირო პოზიციაზე აღმოჩნდეს, თან გაკვირვებულმა იკითხოს, დილას როდის ვთქვი განსხვავებული რამეო? მოკლედ, საქმე გვაქვს პრინციპებისა და ღირსებისგან დაცლილ ხელისუფლებასთან. ის ორიენტირებულია მხოლოდ ძალაუფლებაზე და არა აქვს გრძელვადიანი ამოცანები. მისთვის მნიშვნელოვანია სიტუაციაზე მორგება. დღეს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ქამელეონის პოლიტიკა ტარდება. ივანიშვილის მთავარი ამოცანაა თვითგადარჩენა - სიცოცხლის, კეთილდღეობისა და ძალაუფლების შენარჩუნება. მეტი ამოცანა რეალურ ხელისუფალს არა აქვს. შესაბამისად, ღარიბაშვილის ვითომ პროდასავლურ რიტორიკას არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა. გავიხსენოთ, პრემიერს გზად გაეროსკენ მათი პარტიის წარმომადგენელმა ოთხეულმა (ილუზიაა, რომ ისინი სადღაც წავიდნენ) როგორ დააწია, აგრესიულად ანტიდასავლური მორიგი განცხადება. ასე რომ, მის გამოსვლას არ მივაქცევდი ყურადღებას, იქაც დიდად არავინ უსმენდა...
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც მშვენივრად იციან, სინამდვილეში რაც ხდება საქართველოში. ეს უფრო ჩვენი საზოგადოების "დაბოლებაზე" ორიენტირებული განცხადებები იყო. რეალურად არაფერი იცვლება... ეს რომ ნამდვილად ასეა, საქართველო-რუსეთის საზღვარზე რაც ხდება, იმითაც ნათელია. ვინმეს აქვს ილუზია, რომ 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მართლაც გაიმართება?
- სხვათა შორის, ბოლო ხანს ისმის ვარაუდები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა გაუშვან თანამდებობიდან.
- ლოგიკური ვარაუდია. უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრების ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ გაათავისუფლეს, ან როგორც თვითონ ამბობდნენ, გადადგნენ. თუ პოლიტიკური ლოგიკით ვიმსჯელებთ, ვერაფერს გამოვრიცხავთ, მით უფრო, რომ ღარიბაშვილის გადაყენებისთვის დღეს გაცილებით მეტი მიზეზი აქვს იმას, ვის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება. იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შტატებში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები არ ჰქონია.…
როგორ მოიქცევა ხელისუფალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის პროგნოზირება ძნელია, გააჩნია, რომელ ფეხზე ადგება. ერთია, პოლიტიკური ლოგიკა და კანონზომიერება, და მეორე, რა ხდება ივანიშვილის თავში. მას დიდი არჩევანიც აღარ აქვს. "ქართულმა ოცნებამ" დიდი სტერილიზაცია განიცადა. ვთქვათ, გაუშვა ღარიბაშვილი, ვინ უნდა დასვას მის ადგილას? უკვე აღარ იცის, როგორი პოლიტიკა გაატაროს. ისევ იძახოს, პროდასავლელი ვარო და თან რუსეთს თვალი უპაჭუნოს, თუ რა ქნას! იმასაც ხვდება, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ეს ომიც აღარ დასრულდა, რომ ვითარებაში უკეთ გარკვეულიყო. დღეს ივანიშვილი საკუთარი შიშების და შფოთვის მძევალია.
- დღეს, როცა ვხედავთ, რომ სრულიად იცვლება ძალთა ბალანსი მსოფლიოში და კონკრეტულად ჩვენს რეგიონში, სადაც აშკარად სუსტდება რუსეთის გავლენა და ძლიერდებიან სხვა მოთამაშეები, ბუნებრივად ისმის კითხვა, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი გადარჩენის გზად რატომ უნდა მიიჩნევდეს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკასა და პოლიტიკას?
- თქვენ საკითხს სვამთ პოლიტიკური ლოგიკის პრიზმიდან, რაც პროცესების სწორ შეფასებას ემყარება, მაგრამ ხელისუფლება, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილი, სხვაგვარად ფიქრობს. მას არა აქვს დასავლეთთან ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილება. აქამდე დასავლეთმა ყველაფერი აპატია და ყველაფერზე თვალი დაუხუჭა, თან ხედავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას დღეს სერიოზული პრობლემები აქვთ, კონცენტრირებული არიან უკრაინაზე და ამასთანავე, უფრთხილდებიან საქართველოსთან ურთიერთობას, შიშობენ, რომ უკიდურესი კრიტიკით მეტად არ უბიძგონ რუსეთისკენ, აი, ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად ივანიშვილი ვაჭრობს და ვაჭრობს ძალიან ცუდად, ფაქტობრივად, ქვეყნის მომავლით.
სხვაგვარად არც შეუძლია, ალბათ, რადგან მისი მსოფლმხედველობა რუსეთში ჩამოყალიბდა. მიაჩნია, რომ ძალაუფლების სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, როგორიც რუსეთში უნახავს. თანაც გაითვალისწინეთ, როცა მან რუსეთში წარმატებას მიაღწია, ყველა თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრების რეჟიმში მუშაობდა. მე როგორც ვხედავ, მისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რომ რუსეთი შეიძლება ამ ომში დამარცხდეს. გაგახსენებთ, ომის დაწყების პირველ ხანებში ხელისუფლება პირდაპირ გვამზადებდა "ტრაქტატი 2"-ისთვის მთელი თავისი პროპაგანდისტული ნარატივით. ხელისუფლებაში დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინის ომი სწრაფად დამთავრდებოდა, რუსეთი გაიმარჯვებდა და საქართველოს მეორე დღესვე შესთავაზებდა ტრაქტატის მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერას. ისინი ამისთვის გვამზადებდნენ. შემთხვევითი არ იყო ერეკლე მეორის თემის წამოწევა, მასთან დაკავშირებული მითოლოგიის კიდევ უფრო გაბერვა. ჩვენში, ფაქტობრივად, იმ ვითარების მოდელირება ხდებოდა, რომლის დროსაც საზოგადოებაში უნდა დამკვიდრებულიყო აზრი, რომ მალე ერეკლეს დილემის წინაშე დავდგებოდით.…
ეს პროგნოზი არ გამართლდა, მაგრამ ხელისუფლებაში დღესაც არ არიან ბოლომდე დარწმუნებული, რომ რუსეთი დამარცხდება. მოკლედ, არ დამდგარა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ხელისუფალი დარწმუნდება, რომ რუსეთი აგებს. ეს მომენტი რომ დადგება, მერე შეიძლება პოზიცია რადიკალურად შეიცვალონ. ახლა კი ცდილობენ რაღაც ბალანსი დაამყარონ - ერთდროულად დასავლური და ანტიდასავლური რიტორიკით.
რაც მთავარია, ოპოზიცია თავისი სისუსტით ამაში ძალიან ეხმარება, რის შედეგადაც ხელისუფლებას სავაჭრო დიაპაზონი საკმაოდ ფართო აქვს. დასავლეთში ფიქრობენ, გასაგებია, "ქართული ოცნება" ვირეშმაკობს, მაგრამ სხვა რა გამოსავალი გვაქვსო. ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა ვერ ყალიბდება, რაც გააჩენს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას...
- რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან გასვლას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს, მათ შორის დიდი ნაკადი მოაწყდა საქართველოსაც, რაც ჩვენი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. დიდი პრობლემა მგონია ისიც, რომ ხანგრძლივია მათთვის კანონით მინიჭებული საქართველოში ცხოვრების უფლების ვადა - 360 დღე.
- ეს ვადა არა ხანგრძლივი, არამედ უსასრულოა. საქმე ის არის, რომ როდესაც რუსეთის მოქალაქეს თითქმის მთელი წლით ვუშვებთ ქვეყანაში, მას შეუძლია წლის ბოლოს გადაკვეთოს აზერბაიჯანის ან სომხეთის საზღვარი, ისადილოს, მერე ისევ გადმოვიდეს უკან და კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს საქართველოში ცხოვრების უფლება.
რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადი, რომელიც რუსეთიდან ომის დაწყებიდან მალევე შემოვიდა, რამდენიმე სეგმენტად იყოფოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც რუსეთში შეექმნათ პრობლემები, მათ შორის ბიზნესში, და იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ აბსოლუტურად კონკრეტული მიზნებით - მათი ამოცანა იყო აქ შექმნილიყო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რუსეთის პრობლემები გადაეწყვიტათ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ნაკადების მართვა. მათ ეს ინფრასტრუქტურა საქართველოში შექმნეს და დღემდე მოქმედებენ. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, რაზეც საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა და ამგვარად რუსეთისთვის დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომში რუსეთის მხარეს აღმოჩნდა.
დღეს ეს სურათი შედარებით დაიწმინდა - ის ხალხი, რომელიც ახლა შემოდის ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ომში წასვლა. ის კი არა, რომ რუსეთის პოლიტიკას არ ეთანხმებიან, არამედ ომში მონაწილეობის ეშინიათ და ტოვებენ რუსეთს, რათა არ მოხვდნენ "ხორცსაკეპში".
ჩვენს ხელისუფლებას აქვს კარგი შანსი, რომ ჩაკეტოს საზღვარი. ამჯერად რუსეთს ეს არ ეწყინება. ეტყვიან, რომ მათ მობილიზაციაში უწყობენ ხელს. თუ არ ჩაკეტავენ, მაშინ ფილტრაცია მაინც მოახდინონ, შეავსებინონ დოკუმენტი, რომლითაც შემომსვლელები აღიარებენ, რომ არ სურთ ომში წასვლა და გააკეთებენ განაცხადს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნით. ასე, როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს დოკუმენტირებულად ავუხსნით ჩვენს პოზიციას. თუმცა ამაზე საქართველოში არავინ ლაპარაკობს. ჩვენი პოლიტიკის უბედურება ის არის, რომ არც ერთი მხარე არ მსჯელობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავარია, რომ რაღაც მოსწონთ ან არ მოსწონთ. არადა, პოლიტიკა მოწონება-არმოწონებით არ იწარმოება. პოლიტიკა იწარმოება რაციონალური გათვლით და სახელმწიფოებრივ სარგებელზე ორიენტაციით. ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურ კატასტროფაშია. არავინ აფასებს პროცესებს სახელმწიფო სარგებლის პრიზმაში, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია.
გარდა ამისა, გვაქვს წმინდად დემოგრაფიული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემოც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ქვეყნიდან. ბოლო ხანს გაძლიერებულია ემიგრაციული პროცესები, რაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმძიმეს წლებშიც კი ასეთი ინტენსიური არ ყოფილა. ამასთან, ერთი კვარტალის სტატისტიკით, სიკვდილიანობა ბევრად აღემატება შობადობას. ამის პარალელურად ქვეყანაში შემოდის ათასობით რუსი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, მივიღებთ ძალიან სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემებს.
კითხვა მაქვს: დღეში 1500 მანქანას რომ უშვებენ, ვინმე ამოწმებს ამ ხალხს "ოკუპაციის შესახებ" კანონის შესაბამისად? დარწმუნებული ვარ, არავინაც არ ამოწმებს. ფაქტობრივად, კანონის მოთხოვნებზე თვალს ხუჭავენ ჩვენი სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები. ძალიან ბევრი ამგვარი საკითხია, რაც, ფაქტობრივად, წყალს ამღვრევს, რომელშიც ვიღაც თევზს იჭერს.
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებულია სისტემური აგენტურა, რომელიც ამ ყველაფერს შეგნებულად უწყობს ხელს. გარდა ამისა, ხელისუფლებაში არიან ჭკუამოკლე, ბრიყვი ადამიანები, რომლებიც ამაზე აწყობენ ბიზნესს, ბიზნესს უძრავ ქონებაში, ამ ხალხის ლეგალიზაციასა და რეგისტრაციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ...
მოკლედ, ოკუპაციის რეჟიმში ვართ. ოკუპაცია ტანკებით მოხდება თუ "ოპელ-ვექტრებით", რა მნიშვნელობა აქვს! ოკუპაციისთვის იმპერიები ყოველთვის უხეშ ძალას არ იყენებენ, რბილი ძალითაც მოქმედებენ. დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს ოკუპაციაა რბილი ძალით. ბოლოს და ბოლოს, რა არის რბილი ძალა? - ეკონომიკური და კულტურული ექსპანსია, ასევე მიგრაციული პროცესები, ანუ გარკვეულწილად დესანტის გადასხმა. დღეს ამ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება.
კიდევ ერთი პრობლემაა ყოველდღიურად ამდენი მანქანის რუსეთიდან შემოსვლა. ისედაც რა დღეშია დედაქალაქი ამ საცობების გამო და კიდევ ეს მანქანები ემატება. თან გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებზე ვრცელდება ქვეყნის კანონმდებლობა და თუ რამეს ვაშავებთ, ვისჯებით კიდეც, მაგრამ ამისგან სრულიად გათავისუფლებულია უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანები. რასაც უნდა დააშავებენ და პასუხს არ აგებენ. ამით კიდევ მეტად აძლიერებენ შექმნილ ქაოსს. ესეც კი ვერ გადაწყვიტეს აქამდე, რომ მოძებნონ თუნდაც დროებითი რეგისტრაციის რაღაც ფორმა და მექანიზმი, რომლითაც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების მეპატრონეები დაემორჩილებიან საქართველოს კანონმდებლობას.
საბოლოოდ, თუ ყველა კომპონენტს შევაჯამებთ, ის, არც დღეს ხდება, ეს არის დიდი პრობლემა, ჩვენი ხელისუფლება კი გვარწმუნებს, არაფერი ხდებაო. თურმე როდესაც ვაპროტესტებთ რუსების შემოსვლას, ქვეყნის განვითარებას ვუშლით ხელს. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ჩვენი ინტეგრაციის ხარისხი რუსეთთან ასეთი მაღალია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება რუს მიგრანტებზეა დამოკიდებული, მაშინ უკვე ოკუპირებული ვყოფილვართ და ეგ არის.