"სახიფათოცაა პუტინის განაწყენება, თუ ძალა ექნა, თუ არადა, კარგად ეგუება შეურაცხყოფას“ - კვირის პალიტრა

"სახიფათოცაა პუტინის განაწყენება, თუ ძალა ექნა, თუ არადა, კარგად ეგუება შეურაცხყოფას“

ვლადიმირ პუტინის ფსიქოტიპი - ვინ არის ეს კაცი, როგორ იკითხება მისი სიტყვები და ქმედებები ფსიქოლოგთა ენაზე, პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგთან რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

- ბევრი იწერება, რომ პუტინი ავად არის, რომ ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს, ოღონდ თუ ამ ანალიზების ანალიზს­ გავაკეთებთ, ურთიერთგამომრიცხავიც ბევრია - ზოგი ამბობს, რომ პუტინს ჭკუა აღარ მოეკითხება, ზოგი ამტკიცებს, რომ ძალიან ჭკვიანია... მაგრამ ერთი რამ ცხადია, უკრაინის ომმა დაღი დაასვა თვითონ პუტინს, როგორც ადამიანს, რომელმაც­ დაანგრია უკრაინაც, თავისი ქვეყანაც, ევროპაც და რატომ, გაუგებარია მისი მოტივაცია. სხვათა შორის, უკრაინაში შეჭრასაც უმოტივაციო ომი უწოდეს.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პორტ­რეტს, დაკვირვებები ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. კერძოდ, სასურველია დავაკვირდეთ პუტინის ცხოვრების სურათებს: ბავშვობას, ახალგაზრდობას, მოწიფულობას, პრეზიდენტობას... ერთი საინტერესო მომენტია - ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მისი გამომეტყველება სხვანაირია, უკვე პრეზიდენტობისას - სხვანაირი. მაგალითად, ძალიან თვალში საცემია ადრეულ ფოტოებში ქვედა ტუჩი, გამოწეული, დაჩაგრულ და განაწყენებულ ბავშვს რომ აქვს ხოლმე, ასევე აქვს ახალგაზრდობაშიც, მერე უკვე პრეზიდენტ პუტინს შეკრული აქვს სახე, ტუჩის დეფორმაცია გამქრალია და ფოტოებსაც უკვე წელზემოთ შიშველი იღებს, როგორ ნადირობს, ჯირითობს და ასე შემდეგ... ანუ გამუდმებით ხაზს უსვამს თავის ფიზიკურ სიძლიერეს.

- ეს რაზე მეტყველებს?

- ვიცით, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა.­ ადამიანის ცხოვრებაში ყველა ეტაპი რაღაცას ტოვებს, უკვალოდ არაფერი ქრება.

put3-1664101092.jpg

- რა მხრივ მძიმე?

- დედაც და მამაც წერა-კითხვის უცოდინარები ყოფილან, გაუნათლებლები და ძალიან ღარიბი ოჯახი ჰქონდათ.

- ლენინგრადში ხომ?

- ლენინგრადამდეც, იქ მოგვიანებით გადავიდნენ, ოღონდ მერე ჩნდება კითხვა­ ბიოგრაფებთან, საიდან მოხვდა პუტინი ლენინგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ქექეს, ქექეს და აღმოაჩინეს, რომ ის სამბოსა და ძიუდოში ვარჯიშობდა... საქმე ის არის, რომ იმხანად ყველა სპორტსმენს იღებდნენ უმაღლესში მხოლოდ იმიტომ, რომ სპორტული მიღწევები ჰქონდა. მისი მწვრთნელის, ანატოლი როხლინის (სხვათა შორის, ის თან კრიმინალი იყო, ციხეშიც მოხვდა) რეკომენდაციით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ასე რომ, პუტინის იურისტობის ფასი ნულია...

ლენინგრადში პუტინი ცხოვრობდა უბანში, სადაც ძალიან მაღალი იყო კრიმინალის ხარისხი, ველური­ კანონებით ცხოვრობდნენ ახალგაზრდები. ვინც ძლიერი იყო, ის იმარჯვებდა. ამის თაობაზე არსებობს იმ პერიოდის პუტინის გვერდზე მყოფი ადამიანების მოგონებები, რომ ეგრევე იწყებდა ჩხუბს, როგორც კი გაუგებრობა მოხდებოდა, გაშმაგებული ჩხუბობდაო. მისთვის ჩხუბი ფსიქოლოგიური გამწარების გამოვლენა იყო და არა მარტო ფიზიკური შეჯახება, შეურაცხყოფის სიმწარე ახლდა ჩხუბს და არა მხოლოდ ფიზიკური ჯახი.

- ჟარგონზე რომ ვთქვათ, ჩხუბის დროს ეკეტებოდა?

- ზუსტად, რაც მიუთითებს, რომ ჩხუბის დროს ფსიქოლოგიური სტრესის პიკი ჰქონდა, იმიტომ, რომ იმ კრიმინალურ გარემოში მისთვის აუტანელი იყო შეურაცხყოფა, ანგარიშის გაუწევლობა, ყველაფერს თავის თავზე იღებდა, თვლიდა, რომ შური უნდა ეძია, ყველასთვის ჭკუა ესწავლებინა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ პუტინი პოლიტიკაშიც ასევე ცხოვრობს. ევროპაზე შურისძიება იყო მისთვის მნიშვნელოვანი, როცა საქართველოში შემოიჭრა, ევროპას არ აპატია, რომ მას არ გაუწიეს ანგარიში კოსოვოს საკითხში. დასავლეთზე, შტატებზე შურისძიება იყო უკრაინის, მაიდნის ამბავი, სადაც ამერიკელები აქტიურად ჩაერივნენ და მისი ფავორიტი იანუკოვიჩი გადმოაგდეს. ამაზე დაბოღმილი ეჩხუბება მერე უკრაინას. როგორც ახალგაზრდობაში ჩხუბობდა პირადი ანგარიშსწორების გამო, ახლაც ამხელა სახელმწიფოს სათავეში მისი სტრატეგია ჩხუბია ისევ პირადი ანგარიშსწორების გამო. რუსეთთან დაკავშირებული არანაირი სხვა სტრატეგიული იდეა თითქმის არა აქვს. თითქმის-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ მის თავში დაიბადა პოლიტიკა, რომ გაზისა და ნავთობის საშუალებით რუსეთს შეუძლია ევროპა მართოს. კიდევ ბევრი იდეა ჰქონდა, მაგრამ თვითონვე ყველა ჩააფლავა. ახლა ეს იდეაც გაუცამტვერდა, უკრაინაში ომმა ევროპა აიძულა, უარი ეთქვა რუსეთის გაზზე და ეს პუტინისთვის მაგ მხრივაც წამგებიანი კამპანია იქნება.

put2-1664101092.jpg

- მას შავ ზღვაზეც ჰქონდა იდეები?

- გეოპოლიტიკური ინტერესებით მსჯელობა მისი შეფასების დროს ძნელია, იმიტომ, რომ პუტინს ჰქონდა ძალიან დიდი გეოპოლიტიკური პროექტი რუსული სამყაროს შეკვრისა, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის კავშირი იქნებოდა ღერძი. ორივე დიდი ქვეყანაა და მათ სხვა ქვეყნები მიუერთდებოდნენ. თვითონ გადადგა ამისთვის ნაბიჯი 2014-ში და ახლა, როცა უკრაინასთან რუსეთის კავშირი საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან, ის დიდი ევრაზიული სლავური სახელმწიფო, რომელზეც ადრე ლაპარაკობდა, თვითონვე გადააგდო წყალში. კარგია, რომ გადააგდო, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა უკრაინას.

ასეთი სტრატეგიული იდეები კი აქვს, მაგრამ როგორც კი ბავშვობა-ახალგაზრდობის დროინდელი ჩხუბის ემოცია მოაწვება, ჩხუბს ანაცვალებს ყველაფერს, ჭკუა ეკეტება, როგორც თქვენ ბრძანეთ, და იმაზე აღარ ფიქრობს, რომ მისი გეოპოლიტიკური მიზნები მიუღწეველი დარჩება.

მოკლედ, ბავშვობაში კრიმინალური პერსონების გარემოცვაში ყოფნა, რაც ძალადობის ფასად უჯდებოდა, გახდა მისი ცხოვრების წესი და ერთ დღესაც ამხელა სახელმწიფოს მმართველი აღმოჩნდა კაცი, ვისთვისაც ძალადობა ბუნებრივია. მიაჩნია, რომ ძალადობით უნდა მიაღწიოს მიზანს, მაგრამ ვინც ძალით დაჯაბნის, იმას დაემორჩილება. აი, ასეთი ძველბიჭური პერსონაა და ასეთივე ურთიერთობის წესი დაამკვიდრა პოლიტიკაში. ევროპას უდიერად ექცევა იმიტომ, რომ ევროპასთან უფრო თამამია, გაზი უკავია ხელში, მაგრამ ბატკანივით არის ჩინეთთან, იმიტომ, რომ ის უფრო ღონიერია და მისი ეშინია. ჩინეთი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს რუსეთში, მაგრამ პუტინი ამისთვის პასუხისგებას ჩინეთს არ სთხოვს, პირიქით, რაღაც ტერიტორიები დაუთმო კიდეც.

- სხვა ქვეყნებთან როგორი ურთიერთობა აქვს? მანამდე, ერდოღანის არ იყოს, ყირგიზეთის პრეზიდენტმაც ალოდინა შეხვედრაზე...

- კი, ცხვირში ურტყეს სულ, თითქმის ყველამ, აზერბაიჯანმაც კი.

- ამას დაუმახსოვრებს?

- დაუმახსოვრებს და სახიფათოცაა მისი განაწყენება, თუ ძალა ექნა, თუ არადა, ძალიან კარგად ეგუება შეურაცხყოფას. სამარყანდში შანხაის ჯგუფის შეხვედრაზეც ალოდინეს, მაგრამ რეაქცია არაფერზე ჰქონია, ესენი მისთვის უკვე ღონიერი ბიჭები არიან. აი, ევროპას კი სულ ემუქრება, ცივი ზამთარი რომ დაუდგებათ, მერე ნახონ თავიანთი პოლიტიკის შედეგებიო.

- პუტინის ცხოვრების კიდევ რომელ პერიოდს შევეხოთ?

- იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას კა-გე-ბესთანაც ჰქონდა კავშირი. საგულისხმოა, რომ არც სკოლაში, არც უმაღლესში და არც კა-გე-ბეს სტრუქტურებში გამორჩეული არაფრით ყოფილა. უცხოეთში მომუშავე საბჭოთა ჯაშუშებზე ფილმებით­ შთაგონებულმა აირჩია კა-გე-ბე. მის კარიერაში ყველაზე მაღალი დონე იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსე­თის საელჩოს სპეცგანყოფილებაში მუშაობა, ანუ ნორმალურ ქვეყანაში­ არ გაუშვეს. საშუალო დონეს ვერსად ვერ გასცდა.

- ამ რუხი მასიდან როგორ გამოეყო, როგორ მოხვდა სამთავრობო წრეებში?

- ერთხანს სობჩაკთან მუშაობდა. საინტერესო ფოტომასალაა, სადაც მისი სობჩაკთან ურთიერთობა ჩანს, ასევე ელცინთანაც. ორივე შემთხვევაში ხელის ბიჭი იყო, სობჩაკის ჩანთას დაატარებდა. დაცვის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ თან მომსახურე პერსონალის ფუნქციებს ასრულებდა. სობჩაკი რომ გარდაიცვალა, ელცინის აპარატში გადავიდა როგორც ერთ-ერთი ჩინოვნიკი. ამ ჩინოვნიკობით მოიპოვა რეკომენდაციები ჯერ უშიშროების მინისტრად და შემდეგ პრემიერ-მინისტრად.

წყაროებში არ მინახავს, მაგრამ ერთი ვერსია მეგულება - ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირი თავად რუსებმა დაანგრიეს და ამაში წარმმართველი ძალა კა-გე-ბე იყო. პარტიულები არ დაანგრევდნენ. სავარაუდოდ, კა-გე-ბემ აიღო ეს თავზე. ელცინი კა-გე-ბეს დიდ ანგარიშს უწევდა, რუცკოი, მისი მარჯვენა ხელი, კა-გე-ბე იყო, სასაზღვრო ძალებში მუშაობდა. ჰოდა, თუკი კა-გე-ბე იმხანად პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო, იზრუნებდა იმაზე, რომ მისი კადრი ყოფილიყო მემკვიდრე ელცინისა, ანუ პრემიერ-მინისტრი. რუსეთის კონსტიტუცია ხომ მაგას ამბობს, თუ პრეზიდენტს აღარ შეუძლია, მის ადგილს იკავებს პრემიერ-მინისტრი. ამ სქემით გახდა პუტინი პრეზიდენტი. როგორ გამოეყო ნაცრისფერ მასასო, იკითხეთ. გაიხსენეთ, ყოველთვის ნაცრისფერი, უსახო პირი გაჰყავთ პირველ პირად, რომ იოლად მართონ. ასე რომ, უშიშროებამ, რომელიც 90-იანებში ბევრ რამეს აკონტროლებდა, თავისი კაცი, პუტინი გაიყვანა და მიიღო კიდეც შედეგი. პუტინმა თანამდებობებზე და "ქერის ორმოებშიც" კაგებეშნიკები ჩასვა და რუსეთი, ფაქტობრივად, კა-გე-ბეს სახელმწიფოდ გადააქცია. პუტინის მართვის სტილი კა-გე-ბეთი ქვეყნის მართვას გულისხმობს. არავინ არსებობს, მარტო პუტინია და უშიშროების სამსახური. დღეს როგორია უკრაინაში ომთან მათი დამოკიდებულება, ეს მსჯელობის საგანია. ამას პუტინის ფსიქოპორტრეტთან ერთი რამ აკავშირებს - პუტინი ძალიან მშიშარაა. ეშინია ყველასი და ყველაფრის: სიკვდილის, გადატრიალების... რაც უკრაინაში ომია, ერთი ბუნკერიდან მეორეში გადადის. არ იკარებს არავის.

- თანაც რამსიგრძე მაგიდასთან ზის...

- აბა... სხდომა რომ იყო უშიშროების საბჭოში, რამხელაზე იყვნენ მისგან დაშორებული დამსწრეები. უშუალო კონტაქტი, ალბათ, გამორიცხული იყო. ძირითადად, ონლაინშეხვედრები აქვს. ჩანს, ეს დიდად არ უჭირს, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ყოველთვის ჩაკეტილი ტიპი იყო. ურთიერთობის უნარი რომ ჰქონდა შეზღუდული, ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ კა-გე-ბეში დიდ მწვერვალებს ვერ მიაღწია. კა-გე-ბეს თანამშრომელს უნდა შეეძლოს ადამიანებთან ლაპარაკი და მათი "შებმა", ამან "შებმა" კი არა, ლაპარაკი არ იცოდა.­ ქარიზმა თითქმის არა აქვს. ხელისუფლებაში მოსვლის მერე მისცეს მის პიროვნების ხიბლი. პროპაგანდის დამსახურებაა,­ რომ მას ძლიერი პიროვნებად აღიარებენ. პროპაგანდის შედეგია, რომ ამ ადამიანისთვის ხელსაყრელად არის აწყობილი ქვეყანა. ოპოზიციის ლიდერები ყველა გაუშვეს ციხეში, ყველა ურჩი ტელევიზია დაანიავეს. ენ-ტე-ვეს პუტინის მკბენარა სიუჟეტები ჰქონდა, მფლობელს ჩამოართვეს და ახლა ის პუტინის ინსტრუმენტია. რუსეთში არ არსებობს მისგან დამოუკიდებელი არც პოლიტიკური ჯგუფი, არც მედიაჯგუფი, არც ბიზნესჯგუფი. გარდა ამისა, ის უმდიდრესი ადამიანია.

- ტირანად როდის ჩამოყალიბდა?

- ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პოლიტიკური ტირანია იყო, როდესაც მოსკოვში­ და კიდევ რამდენიმე ადგილას საცხოვრებელი სახლები ააფეთქა უშიშროებამ და ეს დააბრალეს ჩეჩნეთს, რომელსაც მეორე ომი გამოუცხადა პუტინმა და დაამარცხა. ამით მოიპოვა რუსების მორჩილების მანდატი.

- დედასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- მისი ბიოგრაფები 2000 წელს გამოცემულ წიგნში წერენ, რომ ძალიან თბილად იხსენებს მშობლებს. მათ დაეჯერება?

- ცოლ-შვილზე რას იტყვით?

- კანონიერ ცოლზე, რომელიც ამბობს, ეს კაცი ჩემი ქმარი არ არისო? ეგ ცალკე თემაა. შეიძლება რაღაც მომენტში ანაცვლებდნენ ორეულით, მაგრამ­ მთლიანად ორეულს აეღოს მისი ყველა როლი, მეეჭვება. ბევრი დეტალია ადამიანის­ ქცევაში ისეთი, რომლითაც ადვილად გაიყიდება. შეიძლება ასეთი დეტალები დაინახა ცოლმა. ამას ისტორია გაარკვევს.

- მეუღლესთან, შვილებთან თუ ყოფილა ეს კაცი ალერსიანი და წარბებგახსნილი?

- ცოლის ამბავს მალე დაუსვა წერტილი და გადაინაცვლა კაბაევასთან, მაგრამ შვილებთან როგორი ურთიერთობა აქვს, ამის შესახებ ცნობები არ შემხვედრია. ფაქტია, მის შესახებ აღწერებში შვილებზე ზრუნვა არ არის მოხსენიებული.

- მისი ფსიქოპორტრეტიდან ჩანს, რომ ვიღაცას უსმენს და მის აზრს ითვალისწინებს?..

- კომუნისტების დროს პოლიტბიურო მაინც არსებობდა, ისეთი სტრუქტურული ორგანიზაცია, სადაც რამდენიმე კაცი გამოთქვამდა აზრს, პუტინს კი ასეთი რამ არა აქვს. როგორც ამბობენ, მან ჩამოიშორა ყველა ასეთი შემაფერხებელი სტრუქტურა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ადრე, მაგალითად, ამბობდნენ, შოიგუს ძალიან ენდობაო. მას დაჰყავდა ციმბირის ბუნებაში, შამანებს სტუმრობდნენ და რიტუალებშიც მონაწილეობდნენო, მაგრამ უკრაინის ომმა შოიგუს თავზე ღრუბლები შეყარა. უკვე მის შეცვლაზეც არის საუბარი. შოიგუმ მისი ნდობა დაკარგა საქმეში­ უუნარობის გამო. არ აქვს უნარი, რომ შეინარჩუნოს სამხედრო სისტემა.­ უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ეს სისტემა დაშლილია­ და ამაში ბრალეული უპირველეს ყოვლისა შოიგუა.

- ამდენი ხალხი რომ საზარბაზნე ხორცად გაიწვია, ეს საქმე როგორაა?

- ამიტომაა, რომ ამდენი ხალხი მოა­წყდა საზღვრებს. არავის უნდა საზარბა­ზნე ხორცად ყოფნა. ვფიქრობ, ამ გაწვევით პუტინს სურს გამაგრდეს დონეცკსა და ლუგანსკში. შეტევის თავი რუსეთს აღარ აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ მარცხიც არ უნდა განიცადოს. მარცხი რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიის დატოვებას ნიშნავს, 2014-ში დაკავებულ ტერიტორიებზეა საუბარი.

- მობილიზაციის გამოცხადებისას როგორ­ ეჭირა თავი, როგორი გამომეტყველება ჰქონდა, ხელი უკანკალებდაო, ესეც არ დარჩა შეუმჩნეველი. ამას როგორ ახსნით?

- შეფასების 2 ხაზია: ერთი მისი ფიზიკური მდგომარეობა და მეორე ფსიქოლ­ოგიური, თუმცა ეს ორი ხაზი ერთმანეთი­სგან­ დამოუკიდებელი არ არის. თუ ფსიქო­ლოგიური მდგომარეობა ცუდი აქვს, ფიზიკურზეც იმოქმედებს და პირიქით. როგორც ამბობენ, ომის შემდეგ გამარ­ჯვ­ებულებს ჭრილობები უფრო ადრე უხო­რცდებათ, ვიდრე დამარცხებულებს. გამ­არჯვება­ ძალას აძლევს, მარცხი აცლის. ის პუტინი,­ რომელიც ახლა ვიხილეთ, ძალა­გამოცლილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- ხშირად გვაშინებს ბირთვული იარაღით. ეს მხოლოდ დასაშინებელი სიტყვებია თუ შესაძლებელია მართლა გამოიყენოს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. გააჩნია­ მომენტს, თუკი აფექტში ჩავარდა და როგორც ჩანს, მიდრეკილება აქვს, როცა ემოციის ტალღა გონებას უკარგავს, შეიძლება გადაწყვიტოს თითის დაჭერა, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის ნება. რომელიმე ჯგუფმა თუ შეკრა პირი, პუტინმა რამდენიც უნდა აჭიროს, ბომბი არ ამოქმედდება. არის მეორე მექანიზმიც, რომელიც ამ აფექტს აბალანსებს - სიკვდილის შიში. მისი ცხოვრების წესიც, ის გადმოტრიალებული ქვედა ტუჩიც მიუთითებს, რომ მას კარგად ცხოვრება უყვარს. უზარმაზარი სასახლეები აიშენა, ამბობენ, რამდენიმე ენით უთქმელი სიმდიდრითაა სავსეო.

- ტირანები როგორ ამთავრებენ, ბევრი მაგალითი გვაქვს ისტორიაში, პუტინის ფსიქოტიპის ადამიანზე რა შეიძლება ითქვას?

- მისი გარემოცვა, რომელსაც მილიონები აშოვნინა, ახლა შეწუხებულია, იმიტომ, რომ დააკარგვინა ის მილიონები. აღარ ვლაპარაკობ იმ უბედურებაზე, რაც უკრაინელებს დააწია, აღარც იმაზე, რაც იმ რუსებს დამართა, რომლებიც აპროტესტებენ, არ უნდათ საზარბაზნე ხორცად ყოფნა. ერთი საინტერესო მოვლენაა - რაღაცაზე დამჭირდა და "გუგლში" რუსულად ავკრიფე "გადატრიალება კრემლში". მილიონ შვიდასზე მეტი წყარო ამომიგდო. რუსულენოვანი წყაროებია, ან რუსების, ან უკრაინელების. ესე იგი, ტრიალებს ჰაერში ეს განწყობა. როცა ტირანი ტირანიის იმ ფაზაში შედის, როცა წამგებიანი ხდება ბევრისთვის, ძალიან ხშირად ასეთი ტირანები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან... ამხელა ძალაუფლება ადამიანის­ ხელში, რომელიც თავს ვერ მართავს, სახიფათოა და თუ გამოაცლიან და ამყოფებენ სადმე სანატორიუმში, კარგი გამოსავალი იქნება. საბჭოთა კავშირის ისტორიამ იცის ასეთი პენსიაზე გაშვებული ლიდერების მაგალითები.