უახლოვდება თუ არა პუტინის რეჟიმი დასასრულს - კვირის პალიტრა

უახლოვდება თუ არა პუტინის რეჟიმი დასასრულს

EECMD-ს აღმასრულებელი დირექტორი და "საქართველოს ევროპული პლატფორმის" თანადამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე­ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს ახალ შესაძლებლობებზე გვესაუბრა.

- პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება არის სიგნალი, რომ რუსეთმა ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია წარმატებას. უკვე ნათელია, რომ უკრაინაში ვეღარ გაიმარჯვებს და იმ ამოცანებს ვერ შეასრულებს, რაც პუტინმა 24 თებერვალს გამოაცხადა. შეუძლებელია! ნაწილობრივი მობილიზაციის მიზანია რუსული არმიის დანაკარგის შევსება, ახალი ძალებით შეეცდებიან ფრონტის სტაბილიზაციას. გაწვეულების მომზადებას რამდენიმე თვე სჭირდება, მით უფრო, რუსული ლოჯისტიკის ძალიან მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. რუსეთის მოსახლეობა ახალ რეალობაში იღვიძებს. აქამდე პუტინსა და მოსახლეობის საშუალო ფენას შორის ერთგვარი ჩუმი კონსენსუსი­ იყო - პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ავანტიურები მათ არ შეეხებოდათ, ფულის კეთების საშუალება ექნებოდათ და სანაცვლოდ მის პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერეოდნენ. ეგონათ, პუტინი რუსეთის ენერგორესურსებითა და სხვა ფაქტორებით, თუნდაც ბირთვული­ იარაღით, "უძლეველი რუსული არმიითა" და სამხედრო ტექნიკით მსოფლიოს დააშანტაჟებდა და პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში თავისუფლად იმოქმედებდა. ასე არ მოხდა და კონსენსუსიც დაირღვა. საომარი პროცესები ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ, ომი მათ სახლებამდეც მივიდა, რასაც­ უკმაყოფილება მოჰყვა. პუტინი ისეთმა ადამიანებმაც გააკრიტიკეს, რომლებიც ამ ექვსი თვის განმავლობაში მას ძლიერ მმართველსა და სტრატეგს უწოდებდნენ. მთლიანობაში პუტინის სისტემა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რა იქნება შემდეგ.

- თუმცა პროტესტი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით არც ისე ძლიერია.

- დიქტატორული რეჟიმის მთავარი მექანიზმი შიში და პროპაგანდაა. ვიღაცას სამსახურის დაკარგვისა და ციხეში მოხვედრის ეშინია, ახლა, მით უმეტეს, "ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები" 15 წლამდე­ პატიმრობით ისჯება. პეტერბურგის ხელმძღვანელობამ მობილიზაციის კვოტა­ ვერ ან არ შეასრულა, მაგრამ ამას მკაცრი რეაგირება არ მოჰყოლია.­ ესე იგი, დიდ ქალაქებს მაინც ანგარიშს უწევენ.­ ალბათ, ასევე იქნება მოსკოვშიც. აქცენტს უფრო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა­ და ჩრდილოეთ კავკასიაზეა გადაიტანენ, რაც ეთნიკური დისკრიმინაციაა. სამაგიეროდ, გავლენიანი კავშირების მქონე პირები იოლად არიდებენ თავს სამხედრო სამსახურს. ბევრს­ ნაყიდი აქვს ყალბი ცნობა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. კორუმპირებული გენერლები ყოველთვის რუსული ჯარის უკურნებელი სენი იყო, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება. ასეთ დაჭაობებულ სახელმწიფოში არმიაში მიდიან უპატრონოები. უმრავლესობისთვის ის ანაზღა­ურება, რასაც უხდიან, ბევრს ნიშნავს.

- მსოფლიოში უკვე დაიწყო ძალთა ახალი გადანაწილება. რას შეიძლება ველოდოთ?

- რუსეთის "ეკონომიკურ წონას" თუ შევაფასებთ, ის მთავარი მოთამაშე არასდ­როს ყოფილა. რუსეთი დაწესებული სანქციებით, ევროპისა და ამერიკის მიერ მისი იზოლაციის შემდეგ იმ საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, "უმცროსი პარტნიორი" გახდა. ჩინეთი ძალიან იაფად ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს, იგივე შეიძლება ვთქვათ, ირანზეც. იმავდროულად, იზრდება თურქეთის გავლენა. ასე რომ, საერთაშორისო არენაზე რუსეთის გავლენის შემცირება და დაკნინება კიდევ და კიდევ გაგრძელდება. დასავლეთსაც და ამერიკასაც ნაწილობრივ მობილიზაციაზე ძალიან მშვიდი და გონივრული რეაქცია ჰქონდათ, უკვე აშკარაა, რისი თავიც აქვს რუსეთს. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაცია ფრონტზე გავლენას ვერ მოახდენს... რაც შეეხება ბირთვული იარაღით დამუქრებას, დასავლეთში ეს განცხადებაც მშვიდად მიიღეს. ევროპის­ დედაქალაქებიდან­ და ვაშინგტონიდან კრემლში სიგნალები იგზავნება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტაქტიკური მცირე ზომის ბირთვული იარაღის გამოყენებას.

სამხედრო-პოლიტიკურ ლიტერატურაში ასეთი რეჟიმების თვითგადარჩენისთვის მიღებული არარაციონალური გადაწყვეტილებები, ბირთვული კონფრონტაცია თუ ესკალაცია მთავარ საფრთხედ მიიჩნევა. მოწინააღმდეგისთვის ნიშნის მოგება დამახასიათებელია დიქტატორული რეჟიმებისთვის და საფრთხისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის ცაზე სოკოს ფორმის ღრუბლებს უნდა ველოდოთ.

ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუნდაც ტექნიკურად, დრო სჭირდება და ამ სამზადისის შემჩნევაც შეიძლება. ვგულისხმობ, თუნდაც შესაბამის ბაზებზე ტექნიკით გადაადგილებას. ამასთან, ბირთვული იარა­ღის გამოყენებას ერთი პირი ვერ გადაწყვეტს. ეს საკითხი სამხედრო ხელმძღვანელობამაც უნდა განიხილოს. ეს ერთი ან რამდენიმე წუთის საქმე არ არის და ძალზე პრიმიტიული მოსაზრებაა, გაბრაზებულმა და ჩიხში მოქცეულმა პუტინმა შეიძლება უეცრად გადაწყვიტოს ღილაკს ხელი დააჭიროს და ბომბები უკრაინის მიმართულებით გაუშვასო. თუმცა რუსეთი­ ამით ვაჭრობას და დასავლეთის შეშინებას­ არ შეწყვეტს. უკრაინელების შეში­ნება უკვე არ გამოვა. შესაძლოა კი არ შეეშინდეთ, მათი საბრძოლო სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს. ბირთვული იარაღის გამოყენებას სამხედრო თვალსაზრისითაც­ შეიძლება­ სრულიად არაპროპორცი­ული შედეგი მოჰყვეს და არა ის, რასაც რუსეთი ელოდება.­ ამის პარალელურად რუსეთის აგრესიულობა უფრო გაიზრდება, უკრაინას კი უფრო ძლიერად დაუჭერენ მხარს. შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლურ სამხედრო ტექნიკასთან ერთად შეიარაღებული ძალებიც ვიხილოთ. ანუ ყველაზე უარესი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, უკრაინაში ერთი ან ორი მცირე ზომის ბირთვული იარაღის აფეთქებით პუტინი ომს ვერ მოიგებს. ის შეეცდება ყველა შეაშინოს, დასავლეთი აიძულოს უკრაინის დახმარება შეწყვიტოს, უკრაინა ზავის პირობებს დათანხმდეს და ის ოკუპირებული ტერიტორიები მაინც დათმოს, სადაც ახლა რუსეთი­ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.­ თუმცა უკვე ყველამ იცის, რომ უკრაინაში რუსულ არმიაში უმძიმესი ვითარებაა, ლოჯისტიკა მორღვეულია, ჯარი და სამხედრო ხელმძღვანელობა დემორალიზებულია, არ უვარგათ სტრატეგია. ამ ქაოსს ახლა 300 000 მოუმზადებელი, დაბნეული, შეშინებული, არამოტივირებული, ჩაუცმელი, შესაბამისი შეიარაღების უქონელი ვითომ სამხედრო დაემატება. არაორგანიზებული ბრბოს რუსულ ხაზებზე დამატება, დიდი ალბათობით, უფრო მეტ დემორალიზებას გამოიწვევს, მოუმზადებელი, გამოუცდელი ჯარისკაცები უფრო სწრაფად გარბიან ბრძოლის ველიდან და ბარდებიან ტყვედ. ასე რომ, შესაძლებელია მობილიზაციამ რუსეთს ძალიან სწრაფი უკუშედეგი მოუტანოს.

- ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. შესაძლებელია ისინიც "ნაწილობრივ მობილიზაციაში" მოყვნენ?..

- დღეს გამოცხადებული ნაწილობრივი­ მობილიზაცია ხვალ სრულ მობილიზაციას არ გამორიცხავს. პუტინმა ყველა პირობა დაარღვია, მათ შორის თებერვლის ბოლოს­ ნათქვამი, მობილიზაცია არ იქნებაო. რუსული ოპოზიციური მედიის ცნობით, ამ ბრძანებას საიდუმლო ნაწილი აქვს, სადაც მითითებულია, რომ 300 ათასი კი არა, მილიონი კაცის მობილიზაციაა საჭირო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. "უფასო ლანჩი" არ არსებობს - მისი საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს. თუ ჯიბეში რუსეთის პასპორტი უდევთ და ამ დოკუმენტით სარგებლობდნენ, ისიც არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ხვალ მათაც მიიღონ სამხედრო გაწვევა.­ ხვალ-ზეგ რუსეთის ხელმძღვანელობა აუცილებლად ეტყვის, ამდენი წლის განმავლობაში გიცავდით, ქართველებისგან გადაგარჩინეთ, ახლა კი თქვენი სისხლით გადაიხადეთო. უფრო მძიმე ვითარებაა­ ცხინვალის რეგიონში, რადგან ისინი მსახურობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ბევრი დაიღუპა კიდეც... ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბრწყინვალე­ შანსი, რომ აფხაზებსა და ოსებს დავანახოთ, სინამდვილეში­ რა გვსურს - მხოლოდ ტერიტორია კი არა, მათთან თანაცხოვრება, მათი კეთილდღეობა,­ მშვიდობა და განვითარება. შესაძლოა პირდაპირი ნაბიჯების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინაში ომის კვალდაკვალ აქამდე არსებული რუსული წესრიგი ირღვევა. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენა ძლიერდება. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ვითარება უკიდურესაც­ მძიმეა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მოლდოვაში,­ უკრაინაში. რუსული ძალა სუსტდება, ირღვევა და მას სხვა ძალები ავსებენ. საერთაშორისო პოლიტიკაში ვაკუუმი არ არსებობს, ძალიან სწრაფად ივსება. სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის შესუსტება მხოლოდ დროის ამბავია, რადგან თამაშის წესებს უკვე თურქეთი ადგენს.

- რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი საფრთხედაც აღიქვამს.

- სინამდვილეში, რეგიონში თურქეთის გაძლიერება დასავლურ გავლენას ნიშნავს, რადგან ეს ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არის დასავლეთი. თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი აპლიკაციაც მომზადებული აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან უთანხმოების მიუხედავად, ის სახელმწიფოებრივად დასავლური არქიტექტურის ნაწილია. ამ ვითარებაში ენერგოუსაფრთხოების მხრივ აზერბაიჯანიც საინტერესო მოთამაშეა. რაც შეეხება სომხეთს, თუ არც ისე დიდი ხნის წინ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ხვდებოდნენ, გასულ კვირას იქ ნენსი პელოსი იმყოფებოდა...

24 თებერვლამდე ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ასე სწრაფად გაუჩნდებოდა? ამიტომ ძალიან ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. იმავდროულად, ოკუპირებულ რეგიონებს ახალი რეალობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ ერთობლივ გეგმებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების მექანიზმებზე. ახლა ჩვენმა სახელმწიფომ უნდა აიღოს გეზი დასავლეთთან რაც შეიძლება სწრაფ ინტეგრაციაზე, რაც აფხაზებისა და ოსების ინტერესებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. მათაც ადარდებთ თავიანთი შვილების სიცოცხლე, მომავალი...